ანტალიურ შეკრებაზე მყოფმა თბილისის “დინამომ” პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და გრაცის “შტურმთან” თამაში 1:1 დაასრულა.
დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, პირველი ნახევარი “დინამოს” უპირატესობით წარიმართა. უკვე მე-3 წუთზე გათამაშებული სწრაფი კომბინაცია ლობჟანიძის სახიფათო დარტყმით დასრულდა, “შტურმი” კი მეკარემ იხსნა, რომელმაც აკრობატულ ნახტომში ბურთის კუთხურზე გადაგდება შეძლო.
კუთხურიდან მოწოდებული ბურთი გველესიანმა თავით მეტოქის კარისკენ გაგზავნა, მაგრამ კრისტიან გრატცეიმ ამჯერადაც შეძლო მოგერიება. 25-ე წუთზე მეკარემ “დინამოს” ესპანელ დებიუტანტ მანუელსაც არ გაატანინა.
ავსტრილებმა პირველ ტაიმში ერთი საგოლე მომენტი შექმნეს. პიესინგერის თავურის შემდეგ. ბურთი მცირე მანძილით აცდა ჩვენი გუნდის კარს.
მალე ჯიღაურს მიეცა შანსი. ჯაბამ პირველი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, მეორე კი ხელიდან აღარ გაუშვა. მატჩის 42-ე წუთზე დინამოელთა მრავალსვლიანი შეტევა ახლო მანძილიდან ჯიღაურის საგოლე დარტყმით დასრულდა.
მეორე ნახევარი “შტურმმა” აგრესიულად დაიწყო. ედმონვონის რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჰრდლიჩკა საიმედოდ იდგა. მე-60 წუთზე დინამოელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც ედმონვონიმ შეძლო და ანგარიში 1:1 გახადა.
მალე ორწუთიან ინტერვალში გუგამ და თოთაძემ დაარტყეს სახიფათოდ, 79-ე წუთზე კი ისევ ჰრდლიჩკამ იყოჩაღა. მეორე 45 წუთში ყველაზე რეალური საგოლე ეპიზოდი მაინც ავსტრიელთა კართან შეიქმნა, როცა მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ჭანტურიშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.
საბოლოოდ. პირველი ტესტ-მატჩი ანტალიაში ფრედ დასრულდა. კახი გოგიჩაიშვილმა თამაშის საშუალება ფაქტიურად ყველა დინამოელს მისცა. თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ მხოლოდ რენე ფერეირას, რომელიც ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მეკარეებს დაუშვილს და კულუას და ასევე პაპუნაშვილს, ჩირგაძეს და შერგელაშვილს, რომელთაც მიკრო ტრავმები აწუხებთ.
დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (ტაბატაძე 50), გველესიანი (ჯაფიაშვილი 73), ჭანტურია, თოთაძე, ცინცაძე (მიქელთაძე 84), ბუკორაცი (ჭანტურიშვილი 70), ჯიღაური (გუგა 67), ლობჟანიძე (ჯანელიძე 50), პარუნაშვილი (კიტეიშვილი 62), მანუელი (უგულავა 62).
თბილისელები მომდევნო მატჩს 30 იანვარს პოლტავის “ვორსკლას” წინააღმდეგ გამართავენ.