ძიუდო

13:04 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი: “ჩემი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა”

19 წლის ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, უკვე არაერთი ტიტულის მფლობელია და ამ გზაზე არაერთი დაბრკოლების გადალახვაც მოუხდა.

კვირის დასაწყისში მან ოპერაცია გაიკეთა და საყვარელ საქმეს დროებით ჩამოშორდა, მაგრამ სპორტსმენი იმედიანადაა, ფორმის უმოკლეს დროში აღდგენის სჯერა და 2016 წლის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლის იმედიც აქვს. თუშიშვილს გასული კვირის მიწურულს შევხვდით და უწინარესად ძიუდოში გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე დავეკითხეთ.

- რა ასაკში დაიწყეთ ვარჯიში?

- ძიუდოზე მშობლებმა მაშინ შემიყვანეს, როდესაც 12 წლის ვიყავი და მას შემდეგ სპორტის ამ სახეობისთვის არ მიღალატია.

- მხოლოდ სპორტით ხართ დაკავებული?

- არა, პარალელურად ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზე ვსწავლობ.

- სწავლის და აქტიური სპორტის შეთავსება რთული არ არის?

- არა, რადგან ყველა მეხმარება და ერთი მეორეს ხელს არ უშლის.

- რომ არა ძიუდო, რომელ პროფესიას აირჩევდით?

- 12 წლიდან მოყოლებული, სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია - მხოლოდ და მხოლოდ ძიუდო! პროფესიას ახლიდან რომ ვირჩევდე, არჩევანს აუცილებლად კვლავ ძიუდოზე შევაჩერებდი.

- ჯერ მხოლოდ 19 წლის ხართ და უკვე ბევრს მიაღწიეთ. რისი დათმობა მოგიხდათ ამისთვის?

- ძალიან ბევრი რამის, თუმცა განსაკუთრებულად გული არაფერზე მწყდება. მთავარი მონდომება, მიზანდასახულობა, ბევრი ვარჯიში და დაუღალავი შრომაა საჭირო და ყველაფერი მოვა.

- მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ერთწლიანი დისკვალიფიკაცია გქონდათ და ამან თქვენზე ფსიქოლოგიურად ხომ არ იმოქმედა? როგორ შეძელით მისი გადალახვა?

- ფსიქოლოგიურად ნამდვილად იმოქმედა. დისკვალიფიკაციამ ცუდ ასაკში მომიწია და იყო საშიშროება იმისა, რომ სპორტზე გული ამცრუებოდა, მაგრამ ფედერაცია ყველანაირად გვერში დამიდგა, ვარჯიშისთვის უწინდელზე ბევრად უკეთესი პირობები შემიქმნა და მოდუნების საშუალება არ მომცა. შედეგად, უფრო მოტივირებული გავხდი და წარმატებების მიღწევის მეტი სურვილი გამიჩნდა.

- თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები ცხოვრებაში თუ გამოგიყენებიათ?

- არა, ეს ჯერჯერობით არ დამჭირვებია.

- პირადი ცხოვრებისთვის დრო თუ გრჩებათ?

- ჩემი პირადი ცხოვრება ძიუდოა და ამ ეტაპზე სხვა არც არაფერზე ვფიქრობ. თავისუფალ დროს ძირითადად ოჯახის წევრებს და მეგობრებს ვუთმობ.

- როგორია თქვენი ერთი დღის განრიგი?

- ჩემი დილა 7 საათზე ვარჯიშით იწყება. დღის განმავლობაში სამჯერ ვვარჯიშობ – 7-ზე, 11-ზე და 5-ზე, 3-4 საათის განმავლობაში. დანარჩენ დროს უმეტესად აღდგენას ვანდომებ.

- რას შეცვლიდით განვლილი 19 წლიდან?

- უწინარესად, დისკვალიფიკაციას და უფრო ბევრს ვივარჯიშებდი, თუმცა ამ უკანასკნელის გამოსწორება ახლაც მარტივად შემიძლია, თანაც ისეთ ასაკშიც არ ვარ, ეს რომ ვერ მოვახერხო.

- გავიგეთ, რომ ოპერციას იკეთებთ. რამდენად სერიოზულია ტრავმა? ვარჯიშის განახლებას და ფორმაში ჩადგომას რამდენად მალე შეძლებთ?

- ტრავმა 6 თვის წინ, ევროპის ჩემპიონატის წინ ყვარლის შეკრებაზე მივიღე და ამან ბევრი რამ დამაკლო. გადატვირთული კალენდრის გამო, დაზიანებას სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე და როგორც ხედვათ, ახლა ქირურგიული ჩარევა მჭირდება, თან საკმაოდ რთული. რაც შეეხება ვარჯიშის განახლებას და ფორმაში ჩადგომას, ვფიქრობ, ამას დაახლოებით 2 თვე დაჭირდება.

- რას ურჩევდი დამწყებ სპორტმენებს?

- თუ აქვთ სურვილი ცხოვრების ბოლომდე სპორტში იყვნენ და ბევრს მიაღწიონ, ძალიან ბევრი შრომა და მონდომებაა საჭირო. შრომასთან ერთად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია დისციპლინა. ბევრის დათმობა მოუწევთ.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და მიზნები?

- უახლოესი მომავლის გეგმაც და მიზანიც რა თქმა უნდა 2016 წლის ოლიმპიადაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ბრაზილიაში გავემგზავრო და იქ მხოლოდ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებ. რაც შეეხება ნაკრებს, უკვე ერთი წელია ახალგაზრდული ნაკრების წევრი ვარ, თუმცა, როგორც კი ტრავმებს მოვიშუშებ, ვეცდები კაცთა ევროპის ჩემპიონატისთვის მოვემზადო.

ანი ლომაია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114605