ფეხბურთი

19:48 | 26.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის ელჩები ევროპაში

ფეხბურთი საყოველთაო სპორტის სახეობაა და მას თითქმის ყველა კონტინენტზე მეტ-ნაკლები წარმატებით თამაშობენ. მათ შორის, რა თქმა უნდა აფრიკის კონტინეტზეც. აფრიკა ის ადგილია, საიდანაც ევროპაში სათამაშოდ ფეხბურთელები მრავლად მოემართებიან. მათგან უმრავლესობა საკუთარ შესაძლებლობეს ასე თუ ისე ავლენს.

დღეს გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ აფრიკის ყველა დროის რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი, რომლებმაც საფეხბურთო მატიანეს თავიანთი სახელები წარმატებულად შემოუნახეს.

ტომას ნკონო (კამერუნი) – აფრიკაში ყველაზე მეტად სამეკარეო სკოლა მოიკოჭლებს. თუმცა ერთი ღირსეული წარმომადგენელი ამ პოზიციაზეც აღმოაჩნდათ. კამერუნელი ტომას ნკონო მართლაც რომ გამორჩეული გახლდათ. ნკონომ ევროპული კარიერა ესპანეთში გაატარა. მან 1982-1991 წლებში “ესპანიოლის” ღირსება 241 მატჩში დაიცვა. ნკონოს მონაწილეობა სამ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს მიღებული (1982, 1990 და 1994 წლებში). კამერუნის ნაკრების შემადგენლობაში ტომასმა 112 მატჩი ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა თავის ერთ-ერთ შვილს სახელი სწორედ ნკონოს საპატივცემულოდ დაარქვა – ლუის ტომასი.

აბედი პელე (განა) – ფეხბურთის მეფის მოსახელე განელი აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი გამრჩეული იყო. აბედი პელემ ევროპული კარიერის უმეტესი წლები საფრანგეთში დაჰყო, სადაც სხვადსხვა დროის ინტერვალით წარმატებით თამაშობდა “მარსელში”, “ლილსა” და “ლიონში”. ორი სეზონი კი იტალიურ “ტორინოშიც” გაატარა. აბედი პელემ განის ეროვნული ნაკრების ღირსება 67 შეხვედრაში დაიცვა და მეტოქეები 33-ჯერ დაამწუხრა. პელემ კარიერა 2000 წელს “ალ აინში” დაასრულა.

ჯეი-ჯეი ოკოჩა (ნიგერია) – 90-იან წლებში ნიგერიის ნაკრებს კარგი თაობა ჰყავდა, იმ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი კი ჯეი-ჯეი ოკოჩა გახლდათ. ოკოჩამ თავის ნაკრებთან ერთად წარმატებით იასპარეზა 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე და გულშემატკივრებს თავი კარგად დაამახსოვრა. მან ევროპული კარიერის გამორჩეული წლები საფრანგეთსა და ინგლისში გაატარა. პრემიერლიგაში “ბოლტონის” ღირსება 124 მატჩში დაიცვა. ოკოჩამ აქტიური საფეხბურთო კარიერა “ჰალ სიტიში” 2008 წელს დაასრულა. თავისი ქვეყნის ნაკრების მაისური კი 75 გზის მოირგო და მეტოქეთა კარში 14 გოლი გაიტანა.

რაბაჰ მაჯერი (ალჟირი) – ალჟირის გამორჩეულ ვარსკვლავად რაბაჰ მაჯერი ითვლება. მაჯერმა საკლუბო კარიერის ოქროს წლები პორტუგალიურ “პორტუში” გაატარა, რომელთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. პორტუგალიურ გრანდში მან 6 სეზონის განმავლობაში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. ალჟირის ნაკრებში კი მაჯერმა 5 წელი იასპარეზა და 87 შეხვედრის გამართვა მოასწრო.

როჟე მილა (კამერუნი) – როჟე მილას ფეხბურთის ისტორიაში სახელი სამუდამოდ აქვს დატოვებული. იგი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მხცოვანი გოლის ავტორია. მან 1994 წლის მუნდიალზე რუსეთის ნაკრებს 42 წლისამ გაუტანა. საკლუბო კარიერის უმეტესი წლები მილამ საფრანგეთში სხვადასხვა გუნდებში გაატარა. კამერუნის ნაკრებში მის აქტივში 102 მატჩი და 28 გოლია.

იაია ტურე (კოტ დივუარი) – იაია ტურე აფრიკის თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ტურემ თამაში ბელგიურ “ბევერენში” დაიწყო, შემდეგ კი სხვადასხვა გუნდებთან ერთად წარმატებით “ბარსელონაში” თამაშიც მოასწრო. ამჟამად იგი “მანჩესტერ სიტის” ლიდერია. “სიტიში” ტურემ ბომბარდირული ნიჭის გამოვლენაც მოახერხა. იაია ტურეს საკუთარი სამშობლოს ნაკრების ღირსება ამ დროისთვის 92 შეხვედრაში აქვს დაცული.

ჟორჟ ვეა (ლიბერია) – ჟორჟ ვეა ერთადერთი აფრიკელი ფეხბურთელია, რომელსაც “ოქროს ბურთი მოუგია. ეს კი 1995 წელს მოხდა. მილას გამორჩეული წლები ფრანგულ “პარი სენ ჟერმენში”, “მონაკოსა” და იტალიურ “მილანში” გაუტარებია. ლიბერიის ნაკრებში ვეამ 20 წლის მონაკვეთში მხოლოდ 60 მატჩი გამართა და მეტოქეები 13-ჯერ დაამწუხრა.

დიდიე დროგბა (კოტ დივუარი) – დიდიე დროგბა ბოლო ათწლეულის გამორჩეული თავდამსხმელია. ფეხბურთელმა თავისი სახელი სამუდამოდ დაუტოვა ლონდონის “ჩელსის” ისტორიას. მან 2012 წელს გუნდის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ლომის წილი დაიდო და შემდეგ წასვლა გადაწყვიტა. ორწლიანი განშორების მერე კი ისევ უკან დაბრუნდა და დროგბა დღესაც ლონდონელთა შემადგენლობაში ასპარეზობს. “ჩელსიმდე” კი საფეხბურთო სამყარომ დიდიე ფრანგულ “მარსელში” წარმატებული ასპარეზობით გაიცნო. კოტ დივუარის ნაკრების შემადგენლობაში დიდიე დროგბამ 104 შეხვედრაში 65 გოლი გაიტანა.

სამუელ ეტო’ო (კამერუნი) – ახლახან გენუის “სამპდორიას” ახლაწვეული აფრიკის ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად ითვლება. ეტო’ო ახალგაზრდულ ასაკში მადრიდის “რეალში” მოხვდა, მაგრამ აფრიკელს “სამეფო კლუბში” იშვიათად ენდობოდნენ. შემდგომ კი მან “მალიორკას” მიაშურა და კუნძულელთა ნამდვილ მგეზავად იქცა. 2004 წელს სამუელი “ბარსელონამ” შეიძინა, სადაც მან დიდებული 5 წელი გაატარა. ეტო’ომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ორ სხვადასხვა გუნდთან მოახერხა, თანაც სამჯერ. სამუელ ეტო’ომ კამერუნის ნაკრებში 118 მატჩში 56 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.277169