“ა” ჯგუფში მოასპარეზე “დინამო”-“მგზავრები არმიას” მატჩით გაიხსნა მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის საიუბილეო რიგით მეათე მემორიალი, რომლის ჯგუფურ ეტაპსაც ვაკეში მდებარე კალათბურთის აკადემიის დარბაზი მასპინძლობს.
რა თქმა უნდა, ფავორიტად “დინამო” ითვლებოდა, რომელიც მიმდინარე 24-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო “მგზავრები არმია” “სოხუმთან” ერთად აუტსაიდერთა შორის იმყოფება. პროგნოზების საპირისპიროდ, შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და ფრედ 63:63 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა. დამატებითმა ხუთწუთიანმა ტაიმმა საინტერესოდ ჩაიარა, საბოლოოდ მატჩის ბედი კინკილა ქულამ გადაწყვიტა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერმა “დინამომ” 72:71 შეძლო მეტოქის დამარცხება და “ა” ჯგუფის ლიდერი გახდა. ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო “მგზავრები არმიას” ცენტრალური თავდამსხმელი რევაზ ათანელიშვილი, რომელმაც 20 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი ფორვარტი ტატო ჩაჩიბაია, რომელმაც 12 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა. “დინამოელთა” შორის 14 ქულით ბომბარდირი, უკანახაზელი ბექა ღუდუშაური გახდა.
ამჟამად მიმდინარეობს “ბ” ჯგუფში მოასპარეზე გუნდების “რუსთავისა” და “სოხუმის” შეხვედრა.







