"ზესტაფონი" ერთადერთი კლუბია, რომელიც უარს აცხადებს უმაღლეს ლიგაში მონაწილეობაზე. გასაგებიცაა, თუ რატომ: ქალაქის მუნიციპალიტეტს გუნდის შენახვის შესაძლებლობა არ აქვს, კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია კი პრინციპულად ამბობს, ყველას თანაბარი საწყისი პირობები ჰქონდესო, ანუ მუნიციპალური ბიუჯეტიდან ან საერთოდ არ დაფინანსდნენ კლუბები, ან ყველას დაეხმარონო.
ზესტაფონი ღარიბი რაიონია. აქვს ფეროს ქარხანა, მაგრამ მის მეპატრონეებს კლუბის შენახვა არ სურთ.
მარტვილის "მერანმა" ეს პრობლემა გადაწყვიტა, "მსოფლიო სპორტმა" დღეს შემოგთავაზათ გუნდის მწვრთნელ მალხაზ ჟვანიასთან ინტერვიუ, რომელმაც თქვა, მშვიდად მოვემზადებით, ტრანსფერებზე მუშაობას დღეიდან ვიწყებთო. საქმე ისაა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტმა გამონახა საჭირო თანხა. მოკლედ, ადგილობრივ დონეზე გადაწყვიტეს.
დარჩა "ზესტაფონი", რომელსაც დახმარებას არ უწევენ, ან ჯერჯერობით არ უწევენ. ზესტაფონელი ქომაგი კი გაბრაზებულია, გაგვაგებინეთ, ჩვენი ქალაქი საქართველოს ეკუთვნის თუ არაო. ეს ის ქალაქია, სადაც კლუბის წარმატებას შეეჩვივნენ, მაგრამ ახლა საჩემპიონო ამბიციებს ვინ ჩივის, გუნდის უმაღლეს ლიგაში ყოფნა-არყოფნაზეა საუბარი.






