საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” მცველმა სოლომონ კვირკველიამ ინტერნეტპორტალ championat.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის დროზე ფეხბურთისთვის თავის დანებება და სხვა პროფესიის არჩევა ურჩიეს.
- ფეხბურთმა როგორ გაგიტაცათ?
- მამაჩემი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, ხოლო დედას ყოველთვის სურდა, რომ მესწავლა. თუმცა, მე ბურთი ავირჩიე. საქართველოში ბევრი ფეხბურთელია, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე თამაშს ბევრი ვერ ახერხებს. უნდა გაგიმართლოს. ჩემს შემთხვევაში ძალიან გამომადგა ნაცნობობა ადამიანთან, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში მეხმარებოდა და მეხმარება. ის წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძეა, რომელიც ჩემი მენეჯერია.
- თქვენი არჩევანის გამო მშობლები არ კამათობდნენ?
- არა, რადგან რეჟიმს ყოველთვის ვიცავდი და მონდომებით ვვარჯიშობდი. სახლში კი, ბავშვობიდან მთავარი სათამაშო ბურთი იყო. ამიტომ, დედა შეეგუა. პირიქით, საბოლოო ჯამში დედა უფრო დამეხმარა, ვიდრე მამა. მეუბნებოდა: “სოლომონ ფეხბურთი მთავარია”. დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. მას შემიძლია ყველაფერი ვუთხრა, რადგან საუკეთესო მეგობრები ვართ.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ეპიზოდი, როდესაც მშობლების მხარდაჭერა აუცილებელი იყო?
- 15 წლის ასაკში სამტრედიიდან თბილისში წავედი, რათა ერთ-ერთ გუნდში ძალა მეცადა. თუმცა, სამედიცინო შემოწმებისა და რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ მითხრეს: “ცუდი ფეხბურთელი ხარ და მაღალ დონეზე ვერასოდეს ითამაშებ. სჯობს პროფესია შეიცვალო”. ამან უბრალოდ გამანადგურა და სახლში წავედი. დედას ვუთხარი, რომ ფეხბურთს არასოდეს ვითამაშებდი, მაგრამ მან აზრი შემაცვლევინა. “არა უშავს შვილო, ეს ცხოვრებაა და თუ ერთი კარი დახურულია, გვერდით მეორე ყოველთვის მოიძებნება” – გამამხნევა დედამ. ეს სიტყვები მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
- ვფიქრობ, ვინც ეს გითხრათ, ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მიხვდებიან, რომ ძალიან შეცდნენ. ასეთი ფეხბურთელის ხელიდან გაშვება, რომლის მხოლოდ ანტროპომეტრული მონაცემები რად ღირს – სიმაღლე 190 სანტიმეტრი!
- არ მესმის ჩემს სიმაღლესა და წონას ყველგან არასწორად რატომ წერენ?! მსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ სიმაღლით 196 სანტიმეტრი ვარ და 87 კილოგრამს ვიწონი.
- “ზენიტის” საფეხბურთო სკოლაში სათანადოდ შეგაფასეს?
- რუსეთში რომ ჩავედი, რუსულად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. “ზენიტის” დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელი ანატოლი დავიდოვი ძალიან დამეხმარა. მას ჩემი ენა არ ესმოდა, მაგრამ იცოდა რა მიზნისკენ მივისწრაფვოდი და ჩემი სჯეროდა. მსურს მას დიდი მადლობა გადავუხადო. სანკტ-პეტერბურგში ნახევარი წელი გავატარე, მაგრამ “ზენიტმა” თავის რიგებში ჩემი ხილვა არ ისურვა. მადლობა ღმერთს, რომ 2011-2012 წლების სეზონის დაწყებამდე წინადადება “რუბინისგან” მივიღე.
- ყაზანში თქვენი კარიერა აღმავლობით წარიმართა და 2011 წლის 22 ივლისს “რუბინში” სადებიუტო მატჩი ჩაატარეთ. მღელვარებისგან მუხლები არ აგიკანკალდათ?
- მახსოვს, ყურბან ბერდიევმა დამიბარა და მითხრა, რომ “ტერეკთან” ვითამაშებდი. არავითარი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ დიდი სურვილი გამაჩნდა. არაფრის მეშინოდა. უბრალოდ, მიზანი დავისახე და მისკენ დაუღალავად მივდიოდი. ღმერთი დამეხმარა და იმ 8 მატჩის განმავლობაში, რომელიც ჩავატარე, მხოლოდ 3 გოლი გავუშვით. თავდაპირველად “რუბინთან” 6-თვიანი კონტრაქტი გავაფორმე, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ – 3-წლიანი.
- არაფრის გეშინოდათ? უშიშარი ხართ?
- დიახ, ასეა.
- იქნებ პარაშუტითაც გადმომხტარხართ?
- დიახ, ერთხელ 800 მეტრის სიმაღლიდან გადმოვხტი. 4000 მეტრიდან ინსტრუქტორთან ერთად გადმოხტომა ის არაა, რადგან თავად არაფერს აკონტროლებ. 800 მეტრიდან გადმოხტომისას პარაშუტიც შენ უნდა გახსნა და მიწაზეც კარგად დაეშვა.
- ის ცნობილი ფეხებში ვარდნაც, რომელმაც “ლიონთან” მატჩში ავტოგოლამდე მიგიყვანათ, უშიშრად გააკეთეთ?
- არავითარი ავტოგოლი არ ყოფილა და ეს შეცდომაა. ავტოგოლი მაშინაა, როდესაც მეტოქის მიერ კარში დარტყმულ ბურთს საჯარიმოში ფეხს უიღბლოდ დაუხვედრებ და ბურთი კარში შევარდება. მე ფეხებში ვარდნა კუთხურის ალამთან ახლოს გავაკეთე და ბურთმა კარამდე 20 მეტრი იფრინა. საერთოდ, ავტოგოლი ფეხბურთის ბევრ ვარსკვლავს გაუტანია. იგივე, ჯონ ტერი ავიღოთ. ეს ფეხბურთია. ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვართ და არა რობოტები.
- მოდით, მაშინ სასიამოვნო თემაზე ვისაუბროთ. “რუბინის” რიგებში თქვენს მიერ გატანილი პირველი გოლი კარგად გახსოვთ?
- დიახ. “ამკართან” ვაგებდით და 84-ე წუთზე ანგარიში გავათანაბრე. ლამაზი გოლი გამოვიდა. ნათხომ კუთხური ჩამოაწოდა და დაახლოებით თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან თავით ზუსტად დავარტყი. გოლების გატანა მომწონს და მსურს მეტოქეები უფრო ხშირად დავამწუხრო.
- 2012 წლის ზაფხულმა იმედი გაგიცრუათ?
- ვიცოდი, რომ გუნდში ბევრი მაღალი დონის მცველი იყო – ბოკეტი, ნავასი, შარონოვი. მოგვიანებით მათ მარკანოც დაემატათ. სათამაშო პრაქტიკის გარეშე დავრჩი და ამიტომ, თავად მივედი ბერდიევთან, რათა იჯარით გავეშვი. ვიცოდი, რომ “ნეფტეხიმიკში” ბევრ ახლაგაზრდა ფეხბურთელს ანათხოვრებდნენ.
- ყაზანის შემდეგ ნიჟნეკამსკი ალბათ ყრუ სოფლად მოგეჩვენათ?
-რა თქმა უნდა, ყაზანი არაა. პატარა ქალაქია, პროვინციული, მაგრამ კარგი. გარდა ამისა, იქ “რუბინის” სხვა ფეხბურთელები თამაშობდნენ: პორტნიაგინი, ნესტერენკო, უსტინოვი. პლუს ნახევარი წელი ბინაში კიდევ ერთ ქართველთან გიორგი ჯანელიძესთან ვცხოვრობდი. ასე რომ, მარტო ნამდვილად არ ვყოფილვარ.
- პირველ ლიგაში როგორ ფეხბურთს თამაშობენ?
- იქ ძალიან კარგი დონის ფეხბურთია. ასეთს არ ველოდი. ცხადია, პრემიერლიგასთან შედარებით უფრო დაბალი კლასია, მაგრამ თამაში იოლი არ იყო. ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია, პლუს ის მოთამაშეები, რომლებიც პრემიერლიგის კლუბებმა გაანათხოვრეს. პირველ ლიგაში მინიმუმ 6-7კარგი გუნდია.
- როდის მიხვდით, რომ “რუბინში” დაბრუნებასთან ახლოს იყავით?
- “ნეფტეხიმიკმა” პირველი წრე მე-3 ადგილზე დაასრულა და ყველა მატჩი შეუცვლელად ვითამაშე. ბერდიევმა შენიშნა, რომ კარგ ფორმაში ვიყავი და ყაზანში დამაბრუნეს.
- სხვათა შორის, ნომრების შეცვლასთან დაკავშირებით რა ისტორია მოხდა?
- “რუბინში” 67-ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი, ხოლო ნიჟნეკამსკიდან რომ დავბრუნდი, ის სხვას აეღო. ამიტომ, 62-ნომრიანი მაისური ჩავიცვი. გუნდიდან ობაფემი მარტინსის წასვლის მერე, 5-ნომრიანი მაისური გათავისუფლდა, რომელიც მე ჩავიცვი, რათა სასტარტო შემადგენლობასთან ახლოს ვყოფილიყავი.
- ისე მოხდა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ბურლაკმა გაგინაღდათ, რომელიც ამჟამად ჭკუას “რუბინი 2”-ში სწავლობს. ახლა, ტარასს სასტარტო შემადგენლობაში ადგილს ნამდვილად არ დაუთმობთ...
- ტარა ძალიან კარგი ადამიანი და ფეხბურთელია. თუმცა, ისე მოხდა, რომ “დინამოსთან” მატჩიდან ერთი დღის შემდეგ ტრავმა მიიღო და სასტარტოში მისი ადგილი მე დავიკავე. მომავალში ვინ ითამაშებს, მწვრთნელმა გადაწყვიტოს. საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს. დაე, სხვებმა გადაწყვიტონ საუკეთესო ვინაა, ხოლო მე უბრალოდ ვითამაშებ.
- “რუბინის” სასტარტოში მოხვედრასთან ერთად ეროვნულ ნაკრებშიც გამოგიძახეს. იმ ფეხბურთელებიდან, ვის წინააღმდეგაც ითამაშეთ, ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ვინ დატოვა?
- ლევანდოვსკი. წარმოუდგენლად ძლიერი ფორვარდია. ნამდვილი მანქანაა, ისევე როგორც “ბაიერნი”, სადაც ის თამაშობს.
- ნაკრებში პარტნიორებიდან თქვენთვის ვინმე ავტორიტეტია?
- არა, გუნდში ყველა ერთი ვართ.
- 2014 წელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი და ლეგიონერი გახდით. გაგიკვირდათ?
- სიმართლე რომ ვთქვა, ორიდან ერთ პრიზს მაინც ველოდი. რაც უნდა იყოს, კარგ გუნდში სტაბილურად ვთამაშობდი. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემთვის სამშობლოში აღიარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩემს კონკურენტებსაც აღვნიშნავ, რომლებიც ქებას იმსახურებენ. ეს, თორნიკე ოქრიაშვილია “გენკიდან” და ჯაბა კანკავა “დნიპროდან”.
- ოლეგ კუზმინი ჩვენი მეშვეობით გეკითხებათ: “საბა ამ გამარჯვებისთვის როდის “იკისრებს”?
- 2 მარტს სტუმრად თასზე “ლოკომოტივთან” ვთამაშობთ. ყაზანში დაბრუნების შემდეგ, ბიჭებს შევკრებ და რესტორანში დავპატიჟებ. შეკრებაზე ამის აღნიშვნის სურვილი და ძალა არავის აქვს. აქ თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ.
- მთავარი მწვრთნელის რინატ ბილიალეტდინოვის რამდენად დიდი დამსახურებაა, რომ “რუბინში” “ოჯახური” ატმოსფეროა?
- მისი ძალიან დიდი დამსახურებაა. პირველყოვლისა ის პროფესიონალია. ძალიან მომთხოვნია და როდესაც ხედავს, რომ ვიღაც ბოლომდე არ მუშაობს, პირდაპირ ეუბნება. ამასთანავე, ფეხბურთელების კარგი მეგობარია. მასთან ნებისმერ პრობლემას განიხილავ და ყოველთვის დაგეხმარება. იუმორიც აქვს – შეუძლია თავად იხუმროს და ამის საშუალება სხვებსაც მისცეს. მადლობელი ვარ, რომ ჩემი სჯერა. შედეგად, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი. ამ წარმატებას მასთან და ყურბან ბერდიევთან ერთად გავიყოფ.
- თურქეთში ბილიალეტდინოვმა გუნდს ვარჯიშის ჭეშმარიტად “დრაკონული” ფორმატი შესთავაზა: დღეში სამჯერადი ვარჯიში პლუს სატრენაჟორო დარბაზი. როდესმე მსგავსი გინახავთ?
- არასოდეს. განსაკუთრებით ქვიშაზე ვარჯიშის შემდეგაა რთული. სამაგიეროდ, შემდეგ 90 წუთი მოედანზე დაფრინავ და არ იღლები. შეკრებაზე ყოველთვის ძნელია. მთავარ მწვრთნელს სურს სხვა გუნდებზე უკეთ მოგვამზადოს. მან იცის რაც შეგვიძლია და ამიტომ, სამჯერადი ვარჯიშები დაგვინიშნა.
- “რუბინს” ჩემპიონატის მეორე ნაწილში რა ელის?
- პირველ წრეში მინიმუმ 6 ქულა დავკარგეთ. გოლებს ყოველთვის ბოლო წუთებზე ვუშვებდით. თუ ამ შეცდომას გამოვასწორებთ, ყველაფერი კარგად იქნება. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში “ზენიტი”, ცსკა და “დინამო” ჩვენთან ფავორიტები არ იქნებიან.
- მოსკოვის “დინამოს” თქვენდამი დაინტერესების შესახებ გაიგეთ? მზად ხართ ახალ დონეზე ითამაშოთ და მოსკოვში გადახვიდეთ?
- რა თქმა უნდა, გავიგე. თუმცა, მოსკოვური კლუბიდან არავინ დამკავშირებია. უდავოდ სასიამოვნოა, რომ მოსკოვურ კლუბებს ვაინტერესებ. თუმცა, “რუბინში” ბედნიერი ვარ და არაფრის თქმა არ მსურს, ვიდრე ოფიციალური წინადადებით არ მომმართავენ.
- რამოსი, პიკე თუ შესაძლოა გოდინი?
- ამჟამად, უდავოდ მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური მცველი სერხიო რამოსია.
- ლობიო, ჩახოხბილი თუ საცივი?
- საუკეთესო საჭმელი ძროხის ხორცისგან გაკეთებული ხინკალია. ყაზანში მაქვს საყვარელი რესტორანი, რომელსაც ხშირად ვსტუმრობ.
- ღვინო, ლუდი თუ წვენი?
- ვისკი კოლასთან ერთად. თუმცა, ძალიან ცოტა ახალ წელს ან დაბადების დღეს.