საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნული ნაკრები 14-18 იანვარს ლიტვის ქალაქ კაუნასში ევრო-2016-ის შესარჩევი ტურნირის პირველ ეტაპზე იასპარეზებს. C ჯგუფში ალიკ სარქისიანის შეგირდები მასპინძელი ლიტვის გარდა, შვეიცარიისა და ესტონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.
პირველი ეტაპიდან ძირითად რაუნდში ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი გავლენ. წარმატების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს მომდევნო რაუნდში მეტოქედ პორტუგალიის, რუმინეთისა და ყაზახეთის ნაკრებები ეყოლება. ძირითადი ეტაპი 2015 წლის 17-22 მარტს შედგება.
ძირითადი ეტაპის 7 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე პირველადგილოსნები მოხვდებიან. მეორე ადგილზე გასულები და საუკეთესო მესამეადგილოსანი 15-22 სექტემბერს პლეიოფში დამატებით იმ ოთხი გუნდის ვინაობას გამოავლენენ, რომლებიც ფინალურ ტურნირზე იასპარეზებენ. ფინალური ეტაპის მე-12 გუნდი მასპინძელი სერბეთი იქნება. 2016 წლის 2-13 თებერვალს ევროპის ჩემპიონატი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდება.
13 იანვარს ლიტვაში საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები - თორნიკე ბუკია (“თბილისი”), დავით კეფაშვილი (“თელასი”).
მოთამაშეები: ალექსანდრე ძაბირაძე, გიორგი ტიკურიშვილი, ვახტანგ ჯვარაშვილი, ლევან კობაიძე (ყველა “თბილისი”), გოგა ალთუნაშვილი,არჩილ სებისკვერაძე, ზურაბ ლუკავა, შოთა ჭანუყვაძე (ყველა “ნეფთჩი” ბაქო, აზერბაიჯანი), კახაბერ მაისაია, ირაკლი თოდუა, დავით ბობოხიძე (ყველა “ეკოლი” ბაქო), რონი (“სპორტინგი” პარიზი, საფრანგეთი).
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი ასე გამოიყურება:
14 იანვარი, საქართველო - ესტონეთი - 19:30
15 იანვარი, საქართველო – შვეიცარია - 19:30
17 იანვარი, საქართველო – ლიტვა - 21:30
სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს FUTSAL TV გადასცემს.