ძიუდო

10:07 | 21.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ზვიადაური ფიზიკის გამოცდას გერმანიაში ჩააბარებს

2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური წლევანდელ სეზონს ერთ თვეში, დიუსელდორფის დიდი პრიზით გახსნის. ქართული ძიუდოს ვარსკვლავი წესით ტატამზე 31 იანვარს, თბილისის მსოფლიოს თასზე უნდა გასულიყო, მაგრამ წინასატურნირო მოსამზადებელი პირველი შეკრება ავადმყოფობის გამო გაუცდა და სპორტის სასახლეში მისი ჭიდაობაც ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოირიცხა.
“თბილისში ჭიდაობა ჩემთვის ყოველთვის დიდი სიამოვნება იყო. ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა განსაკუთრებული სტიმულია და ამაზე უარს არასოდეს ვიტყვი, მაგრამ ამჯერად, ჩემი მსოფლიოს თასზე გამოსვლა გამორიცხულია. შარშან, წლის ბოლოს, ბაკურიანული შეკრების დაწყებისთანავე ბრონქების ანთება დამემართა და ვარჯიშის გაგრძელება ექიმებმა კატეგორიულად ამიკრძალეს. ამავე მიზეზით გამიცდა “ფალავნობა 2009”, არადა ქართული ჭიდაობა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი საქმეა. მკურნალობამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო და ბევრიც გამიცდა. ამიტომ მწვრთნელებს ვთხოვე, გერმანულ ტურნირამდე არსად ვეჭიდავებინეთ. დიუსელდორფის დიდი პრიზი 20-21 თებერვალსაა და იქამდე დარჩენილი ერთი თვე სასურველ ფორმაში ჩასადგომად საკმარისი უნდა იყოს. არ ვიტყვი, რომ მსოფლიოს თასზე უშანსოდ ვიქნებოდი, მაგრამ ტურნირის მოგება ძალიან გამიჭირდებოდა. გერმანიაში კი აუცილებლად საჩემპიონოდ მომზადებული უნდა ჩავიდე. ამჟამად ნაკრებთან ერთად ვარ თბილისურ შეკრებაზე, მაგრამ ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობ. შტანგასა და სირბილს იმაზე მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე როდესმე. ჩემი სუსტი წერტილი ფიზიკური მომზადებაა და ტურნირამდე დარჩენილ დროში ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებ. ტექნიკურად კი დარწმუნებული ვარ, ყველაფერი რიგზე იქნება. მიზანი ნაკრებში ადგილის დაბრუნება და ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჭიდაობაა. ეს ადრეც ბევრჯერ მითქვამს, მაგრამ ასე მობილიზებული, ახლა რომ ვარ, მგონი არასოდეს ვყოფილვარ. იმედია ტრავმებიც აღარ დამტანჯავს და საყვარელი საქმის კეთების საშუალება მომეცემა” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ზურაბ ზვიადაურმა.
დეკემბერში, ქუთაისში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატზე ზვიადაურმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს ნაკრების კანდიდატთა სიაშიც შესვლაც გაინაღდა. იმერეთში, ოლიმპიურმა ჩემპიონმა რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ყველა ტაქტიკა-ტექნიკის ხარჯზე. ფინალში კი მარტო ეს კომპონენტები აღარ ეყო და ფიზიკურად თავისზე ძლიერ დავით ლორიაშვილთან დამარცხდა.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092863