ქართველი ძიუდოისტი ზვიად ბაზანდარაშვილი (73 კგ) ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს ბრძოლას.
თურქეთის ქალაქ ანთალიაში მიმდინარე ევროპირველობის მეორე დღეს მედლების 4 კომპლექტი თამაშდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი, წინასწარი შეხვედრების შემდეგ, სამეულში მოხვედრის შანსი მხოლოდ ზვიად ბაზანდარაშვილმა შეინარჩუნა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებს. ბრინჯაოს მედლისთვის ბაზანდარაშვილი რუს კირილ სავიცკის დაეჭიდება.
ოქროს შანსი ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში დაკარგა, სადაც ფრანგ უგო ლეგრანთან იპონით დამარცხდა. იქამდე კი თავადაც სულ იპონებით ჩამოიცილა პოლონელი მიხალ კუბიენიცი, ესპანელი დავიდ პაკო და ბელგიელი ჯოაკიმ ბოტო.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიგა წიკლაური კენჭისყრამ პირველ წრეში დაასვენა. მეორეში კი მასპინძელ იბრაჰიმ ოზერლერთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა. საწყის ეტაპზევე წააგეს შორენა შარაძემ (63 კგ) და სალომე წოწკოლაურმაც (70 კგ). შარაძე პოლონელმა აგატა ოზდობამ დაჩაგრა, წოწკოლაური – გერმანელმა კატარინა ჰილგერმა.
ოთარ მაღლაკელიძე







