ფეხბურთი

11:33 | 8.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ხიზანიშვილი: "ბლექბერნის" მხრიდან დაინტერესებას ვადასტურებ"

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და აწ უკვე თურქული "ქაისერისფორის" ფეხბურთელი საქართველოში იმყოფება და "ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის" ფინალურ მატჩებს მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრო.

როგორც მოგეხსენებათ, 32 წლის ქართველმა მცველმა აპრილში მუხლის ტრავმა მიიღო და ოპერაცია იტალიაში გაიკეთა.

ზურაბ ხიზანიშვილს თურქულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და შემდეგ სეზონში ახალ კლუბში თამაში გადაწყვეტილი აქვს. "მსოფლიო სპორტმა" ზურას რამდენიმე კითხვით მიმართა.

_ ევროპული მედიასაშუალებების ინფორმაციით, თქვენით რამდენიმე ინგლისური კლუბი დაინტერესდა, რამდენად მართალია ეს ინფორმაცია?

_ თურქულ კლუბთან კონტრაქტი დამიმთავრდა და კონტრაქტის გახანგრძლივება სურვილი არც მქონდა, რადგან გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. რამდენიმე კლუბი მართლა დაინტერესდა ჩემით და პირადი აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს.

_ კონკრეტულად?

_ არის რამდენიმე ინგლისური კლუბის ვარიანტი, მათ შორის "ბლექბერნი" დაინტერესდა ჩემით და ამას ვადასტურებ.

_ საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებს როგორ შეაფასებთ?

_ პირველ მატჩს ვერ ვუყურე, რადგან პირდაპირი ტრანსლიაცია არ იყო. რაც შეეხება მეორე შეხვედრას ვფიქრობ, მოწინააღმდეგე არ იყო ისეთი სიძლიერის, რომ ვერ დაგვემარცხებინა. დვალიშვილმა გაიტანა, თუმცა თამაშგარე ჩაუთვალეს. სეზონის ბოლო იყო და მოთამაშეები ბუნებრივია დაღლილები იყვნენ, თუმცა ბევრი ახალწვეულიც გვყავდა ნაკრებში და იმედია ფეხბურთელები ერთმანეთს მალე შეეწყობიან.

_ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ერთი ნაბიჯი დააკლდა. რას იტყვით ამის თაობაზე?

_ 19-წლამდელებზე საუბარი ძალიან მიხარია, იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი ნიჭიერი თაობა დიდი ხნის პაუზის შემდეგ არ გვყოლია. ვიმედოვნებ, ამ თაობის 80% ეროვნულ ნაკრებში ადგილს მაინც დაიმკვიდრებს. მინდა აღვნიშნო ვასილ მაისურაძის მუშაობა ამ გუნდში, რომელიც ძალიან წარმატებული იყო და მინდა მას ეს გარჯა კიდევ უფრო დაუფასდეს.

_ საქართველოში რამდენი ხნით იმყოფებით ?

_ ერთი კვირით ვარ ჩამოსული. შემდეგ იტალიაში მივდივარ, სადაც მუხლის ოპერაცია გავიკეთე და ჩემი ექიმი ბოლონიაში იმყოფება. იტალიაში 10 დღით დავრჩები, სარეაბილიტაციო კურსს გავივლი და მოვლენათა განვითარებას დაველოდები.

გიორგი ბალახაძე

0.119744