ფეხბურთი

15:28 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ პეტრიაშვილი: “გამოსავალი ბავშვთა საფეხბურთო ლიგაა”

ქართული ფეხბურთის “ქომაგთა ლიგის” პრეზიდენტმა და ბავშვთა საფეხბურთო კლუბ “იბერიას” დირექტორმა ზურაბ პეტრიაშვილმა ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე “პრაიმ ტაიმის” საპრესკონფერენციო დარბაზში ისაუბრა. პეტრიაშვილმა ბავშვთა ფეხბურთის პრობლემატურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

“საქართველოში არსებობს აზრი, რომ ფეხბურთი გვიყვარს. სპორტის ამ სახეობას ბევრი მიმდევარი ჰყავს და საფეხბურთო ქვეყანა გვქვია. საუბარს ციფრებით დავიწყებ:. თუ იცით, რამდენი რეგისტრირებული ფეხბურთელია საქართველოში? 11537. ჩვენ ისეთ მდგომაარეობაში ვართ, რომ სიმინდის მოყვანა გვინდა, მაგრამ საფუძველი ჯერ არ გვაქვს. ველოდებით იმის გახარებას, რაც ჯერ არ დაგვითესია. ბავშვთა ფეხბურთი ძალზე სავალალო მდგომარეობაშია. ჩვენი ფეხბურთელების წარმატება მათი ნიჭის დამსახურებაა და არა მომზადების. ახალგაზრდების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი. უამრავი სოფელია ისეთი, სადაც ფეხბურთს არავინ ასწავლის.

წელიწადში რამდენ თვეს თამაშობენ ქართველი ბავშვები? სეზონი 15 ოქტომბერს იწყება და 15 დეკემბერს წრე მთავრდება. შემდეგ შესვენებაა მარტამდე. მარტის ბოლო რიცხვებიდან, ან აპრილიდან, იწყება მეორე წრე, რომელიც ივნისის ბოლოს მთავრდება. სულ 5 თვე ტარდება ჩემპიონატები ბავშვთა ფეხბურთში. დანარჩენი დრო დასვენებაა და რეგულარული ვარჯიში ნაკლებად მიმდინარეობს.

ბავშვთა ფეხბურთის ერთ-ერთი პრობლემა შემოდომა-გაზაფხულის სეზონია. წარმოიდგინეთ, მოვიდა ბავშვი, ითამაშა ტალახში და არ აქვს საშუალება, თამაშის შემდეგ იბანავოს. ძირითადად, ეს ბავშვი დაუბანელი მიდის სახლში და იოლად მოსალოდნელია, გაცივდეს კიდეც. დედამისი შეხედავს და იფიქრებს, რომ ასეთი არც ფეხბურთი უნდა, არც არაფერი...

კიდევ ერთი პრობლემა მოედნებია. იოლი გამოსავალი მოიძებნა ხელოვნურსაფარიანი მოედნების სახით. ექიმების დასკვნით, ასეთი საფარი სახსრებს აზიანებს და მუხლებში ეგრეთწოდებულ “შლატერს” აჩენს. ეს მოედნები უამრავ ტრავმას აჩენს. სტანდარტული მოედნები არაა და გუნდები 11-კაციანი შემადგენლობებით ვერ თამაშობენ. ამის გამო, ბავშვები თავიანთ ამპლუას ვერ სწავლობენ. 9 ფეხბურთელით თამაში უბრალო ბურთაობაა და მეტი არაფერი.

ბავშვთა ფეხბურთის დიდი პრობლემაა გადასახადები, რომელიც 40 ლარიდან იწყება და 100 დოლარამდე ადის. საქართველოში ვის შეუძლია ასეთი თანხების გადახდა? ჩვენი საფეხბურთო სკოლების უმრავლესობას ინვენტარი არ გააჩნია. არ გვაქვს მანეჟი.

ფედერაცია მწვრთნელებს ამზადებს, მაგრამ ბავშვთა ფეხბურთში არაპროფესიონალი მაინც ბევრია. გადაზრდილი ფეხბურთელებით თამაში ჩვენი ქვეყნის მავნე სენია. ათამაშებენ 1-2 წლით უფროსებს და ასე აღწევენ წარმატებას.

თქვენ ნახეთ, როგორი მსაჯობა იყო გასულ მსოფლიო ჩემპიონატზეც კი. ერთი მსაჯი დანაშაულზე წითელ ბარათს აჩვენებს, მეორემ კი, შესაძლოა, არც შეიმჩნიოს. 17-18 წლის ბიჭების თითქმის ყველა მატჩს ერთი და იგივე მსაჯი მსაჯობს.

აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ ასეთი რამე გააკეთა. ნახევარფინალში დამარცხებული გუნდიდან 2 ფეხბურთელი აიყვანა და ჩვენს წინააღმდეგ ათამაშა. ჩვენ დავმარცხდით. იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ერთი მატჩი 3 თვით გადადეს.

აფხაზეთის პირველობის დატოვება გადავწყვიტეთ და ეს საკმაოდ რთული იყო. ვინმემ აუცილებლად უნდა თქვას, რომ ბავშვთა ფეხბურთში დიდი პრობლემებია. ხაშურის ივერიას ვეთამაშებოდით. მატჩი ჩაიშალა. იქ რაღაც კონფლიქტი მოხდა, მაგრამ თამაშის ჩაშლის საფუძველი არ ყოფილა. ხაშურელებმა თამაშის ჩაშლა მოინდომეს. ორივე გუნდს წაგებას გვითვლიდნენ, მაგრამ არ დავთანხმდით. თამაშის გადადება შემოგვთავაზეს, მაგრამ ვერ გავიგეთ, რატომ უნდა გადადებულიყო.

მდგომარეობა სავალალოა, მაგრამ მთავარი გამოსავალზე ფიქრია. ჩემი აზრით, დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას ბავშვთა საფეხბურთო ლიგა, რომელიც სრულად გააკონტროლებს ბავშვთა ფეხბურთს საქართველოში. გვერდში “ქომაგთა ლიგაც” დაუდგება”. ის პასუხისმგებელი იქნება ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე. ეს ლიგა ბავშვთა ტურნირების განვითარებას დაეხმარება. ყველა ასაკში უნდა შეიქმნას რეგიონალური ნაკრებები. ბავშვთა საფეხბურთო ლიგამ უნდა ჩაატაროს საერთაშორისო ტურნირები, მოიძიოს სახსრები, უნდა ჩავრთოთ ის ხალხი, ვისაც ფეხბურთი მართლა უყვარს. მივმართავ სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს: გთხოვთ, ბავშვთა ფეხბურთის ფეხზე დაყენებაში მხარი დაგვიჭირეთ!”

 

0.120973