ერთი წელიც არაა, რაც საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ფედერაციას ზურაბ კაკაბაძე ჩაუდგა სათავეში. მისი მონდომებული მუშაობის პირველი შედეგიც სახეზეა. ჩვენი ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაება და პლეი ოფში გასვლის რეალურ შანსსაც ინარჩუნებს. ბატონ ზურაბს ფედერაციის ოფისში შევხვდით და მის მიერ დასახულ ქართული ხელბურთის განვითარების გზებზეც ვკითხეთ.
- საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაება და 2 მატჩის გამართვაც მოასწრო. რამდენად კმაყოფილი ხართ ჩვენი ეროვნული გუნდის გამოსვლით?
- უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ გვაქვს. 5 წლიანი პაუზის პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ლიტვაში ჩავატარეთ. სადებიუტო შეხვედრაში თავი იჩინა შეთამაშების პრობლემამ. ამასთან ჩვენმა ბიჭებმა ათზე მეტჯერ მოწინააღმდეგის მეკარესთან პირისპირ გასვლა გოლად ვერ გარდასახეს, რითაც უკეთესი შედეგის ჩვენება ვერ მოხერხდა. საბოლოოდ 6 ბურთით დავმარცხდით. ფინეთთან საშინაო პაექრობას რაც შეეხება, პირველი ტაიმის ნერვული ფონის შემდეგ მეორეში დიდ უპირატესობას მივაღწიეთ, ერთი მონაკვეთი 11:1 მოვუგეთ სკანდინავებს და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვებას ვიზეიმეთ. ფინეთთან მატჩს იმ შესარჩევ დღეს ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავდა, რაც იმის საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ დარჩენილ მატჩებში თბილისის სპორტის სასახლის ტრიბუნები შეივსება.
ნაკრებს სერბი სპეციალისტის ჯორჯე რასიჩის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და მისი მუშაობით კმაყოფილები ვართ. რაც მთავარია, ბალკანელთან ურთიერთობა და საქმიანობა ბიჭებს მოსწონთ. რასიჩი თავის დროზე “მეტალოპლასტიკაში” თამაშობდა და ორჯერ ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული. მწვრთნელობისას 8 ქვეყანაში, მათ შორის სერბეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში მოღვაწეობდა, 4-ში კი ტიტული აქვს მოგებული. რასიჩი სერბების ქალთა ნაკრებსაც ედგა სათავეში. მასთან ურთიერთობისას ერთადერთი უხერხული მომენტი ისაა, რომ ბატონი ჯორჯე მხოლოდ სერბულად მეტყველებს, თუმცა, ესეც დიდი სირთულე არაა – ჩვენი ლეგიონერების ნაწილს სერბული ენა ესმით.
დარჩენილ მატჩებს რაც შეეხებათ, მომავალი წლის 2 იანვარს თურქეთში ვთამაშობთ, შემდეგ მცირეხნიანი ინტერვალით იმავე თურქებს (5 იანვარს) ვმასპინძლობთ, ლიტვას (8) მივიღებთ და დასკვნით საკვალიფიკაციო შეხვედრას ფინეთში (11) ჩავატარებთ. აუცილებლად უნდა ვიმარჯვოთ თურქეთში (ლიტვამ ეს მოახერხა) და შემდეგ სხვა მატჩების მოგებაზეც ვიფიქროთ. ლიტველებთან სრულფასოვანი რევანშისთვის ბრძოლა გვმართებს.
- მომავალი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები სად მოემზადება?
- გუნდის წევრები 20 დეკემბრიდან თბილისში შეიკრიბებიან, 25-დან კი ისრაელში განაგრძობენ მზადებას. იქ ებრაელთა ეროვნულ გუნდთან გავმართავთ ტესტ-მატჩებს. თუკი პლეი ოფში გასვლა მოვახერხეთ, გაცილებით უფრო ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს ძალის მოსინჯვა. სავარაუდო მეტოქეთაგან საფრანგეთს, დანიას, უნგრეთს, სერბეთს, ხორვატიას დაგისახელებთ. სახელბურთო ელიტის წარმომადგენლებთან ძალ-ღონეს არ დავიშურებთ.
- სხვადასხვა ტურნირებში აქტიურად მონაწილეობენ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებებიც...
- ჩვენი 18 წლამდელ ბიჭების ნაკრები ამჟამად ერევანში, საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს და პირველ ტურში უკრაინელი თანატოლების ძლევაც მოახერხა. იანვარში ამ გუნდს ხორვატიასთან, მაკედონიასა და ჰოლანდიის ნაკრებებთან მოუწევს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში ჩაბმა. 20 წლამდელებს რაც შეეხება, ჩვენები ესპანეთის, ნორვეგიისა და ჩერნოგორიის წინააღმდეგ ითამაშებენ. ორივე შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე 2-2 გუნდი გადის. ტიტე კალანდაძისა (18) და ბექა ორჯონიკიძის (20) გუნდების წარმატებით ასპარეზობის იმედი გვაქვს. ამასთან ჩვენი 19 და 21 წლამდელთა ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონტის შესარჩევ ციკლში ითამაშებენ.
გოგონებს რაც შეეხება, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე 17 და 19 წლამდელთა ნაკრებები გამოვლენ. ამჟამად 1998-99 წლებში დაბადებული ჩვენი გოგონები (მწვრთნელი მია კარბუნარი) უკრაინის ქალაქ ბროვარის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობენ.
2015 წელს თბილისში ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება და ჩვენი გუნდების კარგი გამოსვლის საფუძვლიანი იმედი გვაქვს. დიმიტრი აბესაძის 15 წლამდელთა ნაკრებს ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ - შეკრებებს და ტურნირებს არ მოვაკლებთ. მოგეხსენებათ, ყატარის დედაქალაქ დოჰაში ხელბურთის საერაშორისო ფედერაციის კონგრესზე 19 წლამდელ ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოვიპოვეთ. ამ შეჯიბრებაზეც ის გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ოლიმპიურ ფესტივალზე იასპარეზებს. ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები რეგულარულად იასპარეზებენ სხვადასხვა შეჯიბრებებზე, რაც მათ შემდგომ დაოსტატებას ხელს შეუწყობს.
ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარს ჭაბუკთა ნაკრების დამრიგებელი დიმიტრი აბესაძეც ესწრებოდა, რომელმაც შემდეგი განაცხადა: ბიჭები მეტად მონდომებულები და მოტივირებულნი არიან. ვარჯიშს არ ტოვებენ და წვრთნებისას ბევრასაც მუშაობენ. მათ შეძლებისდაგვარად ბევრ ტურნირში მონაწილეობა სჭირდებათ, გაისად კი მეტ შეჯიბრებაზე გამოსვლაა დაგეგმილი. ივნისში შვედეთის ქალაქ გეტებორგში “პარტილის თასზე” გამოვალთ, მანამდე კი მარტში პრაღაში ვიასპარეზებთ. მაისში ქუთაისში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება, რომელშიც რუსეთის, ლატვიის, ბელარუსისა და უკრაინის ნაკრებებიც მიიღებენ მონაწილეობას. აგვისტოში კი უნგრეთში გავემგზავრებით.
-საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონე როგორია?
- ვაჟებში საქართველოს ჩემპიონატში 8 გუნდი მონაწილეობს. ტურნირი საინტერესოდ მინდინარეობს. ახალგაზრდებთან ერთად ჩემპიონატში ვეტერანებიც გამოდიან. მათი გამოცდილება და ოსტატობა შეჯიბრებას დამატებით პეწს სძენს. საერთოდ საქართველოში ხელბურთს 20 ქალაქში თამაშობენ და სპორტის ეს სახეობა რეგიონებშიც საკმაოდ კარგადაა განვითარებული. ტარდება ბავშვების პირველობებიც, რომლებიც საინტერესოდ მიმდინარეობენ.
- რა ზომები უნდა გატარდეს საქართველოში ხელბურთის შემდგომი განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით?
- მალე ჩვენ ქვეყანაში 4 ახალი სპორტული სარბიელი აშენდება, რაც ხელბურთელთათვისაც მეტად სასარგებლო იქნება. თელავში 2 ათასიანი ტევადობის არენის აგება ნავარაუდევი, ქუთაისში 3-4 ათასიანი, ბათუმში 5 ათასიანის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეც ახალი დარბაზი გვექნება.
ჩვენი სახეობის განვითარებას რაც შეეხება, უპირველესად საკლუბო ხელბურთი უნდა განვითარდეს. ეს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ვერ შესრულდება. სადღეისოდ და უახლოეს მომავალშიც, კლუბები კომერციულად მომგებიანები ვერ გახდებიან. სლოვენიაში, ხორვატიაში, დანიაში საპირისპირო სიტუაციაა, თუმცა, იქაურ კლუბებს სახელმწიფოები გვერდით მაინც უდგანან. ხელბურთისთვის ისეთივე პროგრამა უნდა განხორციელდეს, როგორიც რაგბის განვითარების პროგრამაა. ამ შემთხვევაში პროექტის ფინანსური ოდენობა არ მაქვს მხედველობაში, მთავარი პრინციპის შემუშავება და მისი შესრულებაა. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სპორტულ მედიცინას. ეს განსაკუთრებით მოზარდებს ეხებათ. მათი ჯანმრთელობის დაცვას, ვიტამინიზაციას სერიოზული და კვალიფიცირებული ყურადღება ესაჭიროება. ჩვენი მხრივ ძალასა და ენერგიას არ დავიშურებთ. სპორტის სამინისტროსგან მეტ დაფინანსებას მოვითხოვთ, თუმცა, ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ ქართულ ხელბურთში სპონსორების მოზიდვაზე.