ფეხბურთი

19:47 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ იონანიძე: “შანსი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ”

დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეც. გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებად დალაგდნენ. თუ ზედა  ექვსეულში ბრძოლა ჩემპიონობისთვის და ევროტურნირების საგზურებისთვის გაიმართება, ქვედა ზონაში მთავარი საფიქრალი უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა იქნება.

 ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ამ მხრივ მაინც მარტვილის “მერანია”. იყო დრო მარტვილიდან ქულის წამოღებაც კი უჭირდათ გუნდებს და ადგილობრივ გულშემატკივარს უდიდეს სიხარულს ანიჭებდა “მერანი” მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით, თუმცა ამის მერე, მწვრთნელთან ერთად, ბევრი რამ შეიცვალა, გუნდს ყველა თამაშის ჩატარება ნეიტრალურ მოედანზე მოუწია და ყველაფერმა ამან გამოიწვია ის, რომ მარტვილელები 15 ქულით სატურნირი ცხრილის ბოლო ადგილს იკავებენ და 5 ქულით ჩამორჩებიან უშუალო კონკურენტებს - ცხინვალის “სპარტაკს” და “ზუგდიდს”.

  “მერანს” ახალი მწვრთნელი ჰყავს, საქართველოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ზურაბ იონანიძე. მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა, ახალბედა მწვრთნელი იმედს არ კარგავს და ოპტიმისტურად უყურებს მომავალს. თუ რა გეგმები აქვს  მთავარ მწვრთნელს და რა ხდება გუნდში, ამ საკითხებთან დაკავშირებით “მსოფლიო სპორტი” იონანიძეს გორის “დილასთან” გამართული შეხვედრის შემდეგ გაესაუბრა.

 - უპირველესად “დილასთან” გამართულ შეხვედრაზე გკითხავთ. უპირატესობას ფლობდით, თუმცა ვერც ამჯერად შესძლო “მერანმა” სამი ქულის მოპოვება..

 - დიახ, სწორედ ჩვენი უპირატესობით წარიმართა თამაში მთელი 90 წუთის განმავლობაში. იქ თერთმეტმეტრიანი იყო თუ არა განსახილველია, მაგრამ ჩანდა, რომ არ იყო და დასანანია, რომ ზედიზედ მეორე შეხვედრაა ასე უსამართლოდ გვქცევიან მსაჯები - ამ შეხვედრაში ჩვენს კარში დანიშნეს პენალტი, წინა საშინაო შეხვედრაში კი "მერანს" არ დაუნიშნეს თერთმეტმეტრიანი. რაც შეეხება თვითონ თამაშს, 90 წუთის განმავლობაში ვუტევდით, მაგრამ ვერ შევძელით სასურველი შედეგის დაფიქსირება. იყო რაღაც შეცდომები დაცვაში და ამანაც გავლენა იქონია მატჩზე.

 - “მერანი” სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება უშუალო კონკურენტებს “სპარტაკს” და “ზუგდიდს”, როგორ ფიქრობთ შეძლებთ უმაღლეს ლიგაში დარჩენას?

 - შანსი არის და ამ შანსის გამოყენებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. 5 ქულა არაა ისეთი დიდი სხვაობა, აღმოფხვრა რომ ვერ შევძლოთ. თან, უშუალო კონკურენტებთან მოგვიწევს თამაში და იქ გადაწყდება საბოლოოდ ვინ დარჩება უმაღლეს ლიგაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უმაღლეს ლიგაში დავრჩეთ.

 - დამეთანხმებით ალბათ, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როცა გუნდი საკუთარ მოედანზე მართავს თამაშებს, “მერანი” ყველაზე მეტ ქულას სწორედ სახლში აგროვებდა. ამ სეზონში კი ნეიტრალურ მოედანზე უწევს ასპარეზობა. რამე სიახლე ხომ არ არის სტადიონთან დაკავშირებით?

 - რა თქმა უნდა ძნელია ნეიტრალურ მოედანზე თამაში, მაგრამ ჩვენ მაინც ვიბრძვით. “მერანის” გულშემატკივრები სამტრედიაშიც აქტიურად გვიჭერენ მხარს და ამისთვის მათ მადლობას ვუხდი. როგორც ვიცი მაისიდან იგეგმება ჩვენი სტადიონის რეკონსტრუქცია და იმედია, მარტვილის სტადიონზე მალე ითამაშებს გუნდი.

 - მართალია “მერანს” უმაღლეს ლიგაში არცთუ სახარბიელოდ აქვს საქმე, თუმცა დ. ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეოთხედფინალში ხართ და ნახევარფინალში მოხვედრის რეალური შანსი გაქვთ.

- “შუქურასთან” 0-0 ვითამაშეთ სტუმრად და სამტრედიაში აუცილებლად სასურველი შედეგით დავამთავრებთ შეხვედრას. მთავარია სამართლიანი მსაჯობა იყოს, ვერ ვიტყვი, რომ ამას შეგნებულად აკეთებენ მსაჯები ჩვენს მიმართ, მაგრამ მათი შეცდომების გამო რომ ჩემპიონატში ქულები დავკარგეთ ფაქტია. 

 

ედემი ელერჯია       

0.109947