ჭადრაკი

13:18 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ აზმაიფარაშვილი: “13 აგვისტო ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა”

როგორც კვე ვიუწყებოდით, ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გაიმართა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ზურაბ აზმაიფარაშვილმა გაიმარჯვა.

ქართული სპორტის ისტორიაში ის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან და გავლენიან საერთაშორისო სპორტულ კავშირს უხელმძღვანელებს. აი, რა განაცხადა აზმაიფარაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრის პრეს-სამსახურთან.

”უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც ჩემი პირადი წარმატება გაუხარდა! დღეს, 13 აგვისტოს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის: ფიდეს კონგრესმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება 2018 წლის ოლიმპიური ქალაქის არჩევის შესახებ.

1999 წელს ჩემი წარდგინებით ბათუმი პირველად იქნა დასახელებული ევროპის გუნდური ჩემპიონატის მასპინძლად და მას შემდეგ ეს ქალაქი მსოფლიო საჭადრაკო მექად გადაიქცა! ჩვენ მხოლოდ ერთი შეჯიბრება არ ჩაგვიტარებია ბათუმში – ოლიმპიადა!

ვიმედოვნებ, ფიდეს დელეგატები სწორ არჩევანს გააკეთებენ და საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი ფორუმის გამართვას ანდობენ! კიდევ ერთხელ მადლობა ყველას!” – განაცხადა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.

ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობისას გაიმართა. აზმაიფარაშვილმა 33 ხმით 18-ის წინააღმდეგ ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ბულგარელი სილვიო დანაილოვი დაამარცხა.

0.132175