ფეხბურთი

18:07 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზურა ხიზანიშვილი: “არანაირი ფინანსური დაინტერესება არ მქონია”

ანდრო ჟორდანიას სახელობის თბილისის “დინამოს” დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ პრეზენტაციაზე, ზურა ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში თამაში იმდენად სურდა, ფინანსურ დეტალებზე პრაქტიკულად არ უფიქრია.

ზურა ხიზანიშვილი: “ვეტერანი ფეხბურთელები როდესაც დროებით ბრუნდებიან საქართველოში ან კარიერის აქ დასრულებას აპირებენ, ყველა ცდილობს “დინამოში” ითამაშოს. ეს ის “დინამოა”, სადაც გავიზარდე. ოჯახიდან გამომდინარე ამ კლუბთან დიდი კონტაქტები მაქვს. ნაბიჯი ორივე მხრიდან გადაიდგა და ძალიან ბედნიერი ვარ. მნიშვნელობა არ აქვს, იანვრამდე ვითამაშებ, მაისამდე თუ ერთი-ორი დღე, მთავარია, რომ “დინამოში” ვარ”.

- როგორც ცნობილია, თქვენთვის ფინანსური მოტივაცია მთავარი არ ყოფილა?

- არანაირი ფინანსური დაინტერესება არ მქონია. “დინამოს” პრეზიდენტ რომან ფიფიას ვესაუბრე და ფინანსური საკითხები ან კონტრაქტის პირობები არ განგვიხილავს, მაშინვე საქმეზე გადავედით. ორი დღეა უკვე “დინამოში” ვვარჯიშობ.

- უხელფასოდ ითამაშებთ?

- ალბათ, რაღაც მიზერული თანხა იქნება. თუმცა, მთავარია, რომ “დინამოში” ვარ. ისე მიხარია თითქოს ფეხბურთის თამაში ახლა დავიწყე.

- მომდევნო ტურში თუ ითამაშებთ?

- “შუქურასთან” ნამდვილად ვერ ვითამაშებ. გუნდთან ერთად ცოტა ხანია ვვარჯიშობ და შეთამაშება კიდევ მჭირდება.

- ტრავმა თავს ხომ არ გახსენებთ?

- 2 დღეა ტკივილის გარეშე ვვარჯიშობ და არც გამაყუჩებელი ნემსები მჭირდება.

- “დინამოს” საწვრთნელმა ბაზამ როგორი შთაბეჭდილება დატოვა?

-  ასეთი პირობები მხოლოდ “გლაზგო რეინჯერსში” მინახავს. “ბლექბერნსა” და “ნიუკასლს” ასეთი კომფორტული ბაზა არ აქვს.

- “დინამოში” რა ნომრით ითამაშებთ?

- ჯერ არ ვიცი რა ნომრიან მაისურს ჩავიცვამ.  

- თუ “დინამოში” სტაბილურად ითამაშებთ, ბუნებრივია,  საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე იფიქრებთ?

-  რა თქმა უნდა, ვფიქრობ. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც ყველასთვის ცნობილია, ეს არ ხერხდება.

“დინამოს” გენერალურმა დირექტორმა ლევან ზუხბაიამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ხიზანიშვილი კლუბისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია:

“მოგეხსენებათ, გუნდი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. ამ ფონზე, ისეთი ადამიანი, როგორიც ხიზანიშვილია, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და სამაგალითოა, როგორც მოედანზე, ასევე, მის გარეთ, გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. მისი “დინამოში” მოსვლა საერთო საქმეს წაადგება. ხიზანიშვილსა და კლუბს შორის ურთიერთობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ორივე მხარის სურვილი იქნება. ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით გაგრძელდეს”.

0.122829