ფეხბურთი

16:19 | 7.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზურა გელაშვილი – ბელგრადის “პარტიზანზე”, გუჯა კახაძის ვარჯიშებზე და რუსეთზე

 

“მსოფლიო სპორტის” აქტიურ მკითხველს გუჯა კახაძისა და მისი ვარჯიშების შესახებ უკვე კარგად მოეხსენება. მის მიერ შედგენილი პროგრამით, საკმაოდ ბევრი სპორტსმენი და რიგითი ადამიანი ვარჯიშობს, ერთ-ერთი მათგანი კი, ახალგაზრდა ფეხბურთელი – ზურა გელაშვილია. “მსოფლიო სპორტი” 23 წლის მცველს შეხვდა და საკმაოდ საინტერესო ინფორმაციებიც შეიტყო. როგორც ირკვევა, ზაფხულში, გელაშვილი ბელგრადის “პარტიზანს” მიჰყავდა, მაგრამ გარიგება უკანასკნელ მომენტში ჩაიშალა.

“ფეხბურთის თამაში “ნორჩ დინამოელში” დავიწყე, შემდეგ იყო “ზოოვეტი”. პირველ ლიგაში ვთამაშობდი. “ზოოვეტში” ყოფნისას, ახალგაზრდულ ნაკრებში 2 ამხანაგური მატჩი ჩავატარე. 2011 წელს, ლიტვაში წავედი და “ატლანტასში” ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვთამაშობდი. სამწუხაროდ, კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა და დაბრუნება მომიწია. საქართველოში ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. შემდეგ გამოჩნდა უკრაინული “ვოლინის” ვარიანტი, სადაც მარჯვენა მცველის პოზიციაზე დამაყენეს. ამ ამპლუაში თავი გაცილებით უკეთ ვიგრძენი და მწვრთნელთა ქებაც დავიმსახურე. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ტრაგედია მოხდა – ჩემი მენეჯერი მოულოდნელად გარდაიცვალა და კონტრაქტიც აღარ შედგა.

ამ ზაფხულს, ჩემი CV და ვიდეო ბევრ კლუბში გავაგზავნე. რამდენიმე კლუბი გამომეხმაურა, რომელთაგანაც ყველაზე სერიოზული ბელგრადის “პარტიზანი” იყო. უპირველესად, რაც აინტერესებდათ, ის იყო, თუ რამდენი მსურდა ხელფასი. მე ციფრი არ დამიკონკრეტებია და ვუთხარი, რომ ეს მოლაპარაკების საქმე იყო. შემდეგ მეკითხებოდნენ, რას ვფიქრობდი “პარტიზანზე”, რამდენად შევეგუებოდი ბელგრადში ცხოვრებას და ა.შ. მოკლედ, ყველაფერი კარგად იყო და მეგონა, საქმე უკვე გადაწყვეტილი გახლდათ. “პარტიზანში”, ტრანსფერებზე საბოლოო სიტყვა სპორტულ დირექტორზე იყო, რომელმაც, უკანასკნელ მომენტში, ჩემს ნაცვლად სხვა აიყვანა.

გული დამწყდა, მაგრამ რას ვიზამდი. “პარტიზანის” გამო, ზაფხულში არაერთ წინადადებაზე ვთქვი უარი. როდესაც ტრანსფერი ჩაიშალა, საქართველოში ყველა გუნდი უკვე შევსებული იყო და ჰაერში დავრჩი.

კახაძის მეთოდიკა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მის შესახებ გვიან გავიგე. მასთან მისვლამდე, ბრტყელტერფიანობის, ხერხემლისა და წვივის დიდი პრობლემები მქონდა, მაგრამ მისმა ვარჯიშებმა შედეგი გამოიღო და დღეს სრულიად ჯანმრთელი ვარ. ვარჯიშების სრული კურსი დავით მუჯირთან ერთად გავიარე. მახსოვს, სერიოზული შედეგის მისაღწევად, “მუმუსთვის” 4 ვარჯიში საკმარისი აღმოჩნდა. კახაძესთან მისვლამდე, 33 წლის ფეხბურთელს 30 მ-ის გასარბენად 4.3 წმ სჭირდებოდა, 20-დღიანი მსუბუქი ვარჯიშების შემდეგ კი, 4.0 წმ დასჭირდა. ბ-ნ გუჯასთან ბევრი ქართველი ლეგიონერიც მინახავს. ისინი კახაძეს ქუსლის, კოჭის, მუხლის, ხერხემლისა და სხვა დაზიანებების მოსაშუშებლად მიმართავენ.

სხვათა შორის, კახაძეს საქართველოს ნაკრებისთვის შემუშავებული სპეციალური 2-დღიანი კურსი აქვს. პირველ ვარჯიშზე, მსუბუქად სირბილი, ტრავმების მოშუშება და დაღლილობის სწრაფად მოხსნა შეისწავლება. მე-2 დღეს, აქცენტი სასტარტო სისწრაფის ვარჯიშზე კეთდება.

ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ 14-დღიანი ვარჯიშის შემდეგ, ამტანობა მაქსიმალური გამიხდა და 15კმ სუნთქვის აუჩქარებლად, ძუნძულით გავირბინე. ადრე, 30მ-ს 4.1წმ-ში გავრბოდი, რამდენიმე ელემენტის შესწავლის შემდეგ კი, ეს მანძილი 3.7წმ-ში დავფარე.

სადღეისოდ, კვლავ ინდივიდუალურად ვემზადები და ზამთარში, რუსეთიდან ველი სერიოზულ შემოთავაზებას. საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში, ბ-ნ გუჯა კახაძესთან ვარჯიშებს “სკაიპის” საშუალებით აუცილებლად განვაგრძობ”.

0.144079