ფეხბურთი

16:16 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდის“ დირექტორი ფეხბურთის ფედერაციის ადგილობრივი პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ზუგდიდის „ზუგდიდის“ დირექტორი მალხაზ ჭეჟია ფეხბურთის ფედერაციის ადგილობრივ პრეზიდენტ როლანდ მაქაცარიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს, მისი მისამართით გუშინ კლუბის ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს შორის გამართული შეხვედრის დროს გაჟღერებული ბრალდების გამო. 

„მან თქვა, თითქოს ჩვენ იმ სისტემით, რომლითაც დღეს მივდივართ, გუნდის უმაღლესი ლიგიდან გავარდნას შეგნებულად ვუწყობთ ხელს. მინდა დაამტკიცოს ეს, ან უსაფუძვლო და ბინძური ცილისწამებისთვის საჭირო ღონისძიებებს მივმართავთ, იქნება ეს სასამართლო, თუ სხვა რამ“, - განუცხადა მალხაზ ჭეჟიამ „ლაივპრესს“.

კლუბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მის დასადანაშაულებლად როლანდ მაქაცარიას არ ჰქონდა არავითარი მიზეზი, ამიტომ უჭირს ახსნა, რატომ თქვა ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გულშემატკივრებთან შეხვედრაზე მსგავსი რამ.

„არ მინდა მასსავით მხოლოდ ეჭვებით ვისაუბრო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ან საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, ან დაგვიმტკიცოს, რომ ჩვენ შეგნებულად ვაკეთებთ რამეს ზუგდიდის ფეხბურთის საზიანოდ. მე კონსტრუქციულ კრიტიკას მივიღებ ყოველთვის, ვისგანაც არ უნდა იყოს ის და არა ბინძურ ბრალდებებს. მარტო მე კი არ მიყვარს ფეხბურთი ზუგდიდში, ბევრი განიცდის იმას, რაც დღეს გუნდში ხდება. მალხაზ ჭეჟიას არ დაუარსებია ზუგდიდის ფეხბურთი, ამიტომ, არ ვიქნები მე და იქნება ფეხბურთი“, - განმარტა კლუბის დირექტორმა.

მალხაზ ჭეჟიას საპასუხოდ როლანდ მაქაცარია აცხადებს, რომ არ აპირებს საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს, არც ბოდიშის მოხდას გეგმავს.

„ის არაკომპეტენტური ხელმძღვანელია, გუნდი რომ დაშალა. კი ბატონო, მიმართოს სასამართლოს. კლუბისთვის არაფერი გაუკეთებია. ამბობს, ვცდილობ და გული შემტკივაო, მაგრამ რას ცდილობს? დასკოჩილი ბუცებით თამაშობენ ფეხბურთელები. ფორმა არ ქონდათ და მწვრთნელმა თავისი ხელფასით უყიდა. ხობი რომ მოგიგებს, რა გუნდი ხარ ამის შემდეგ?“, - განუცხადა ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა „ლაივპრესს“.

როლანდ მაქაცარიას თქმით, წარუმატებულობის მიზეზი არასწორი მენეჯმენტია.

„გუნდმა ვარჯიში გვიან დაიწყო. სანამ მთავარ მწვრთნელს დანიშნავდნენ, ჩვენ მას ადგილობრივი მწვრთნელები შევთავაზეთ, მაგრამ ყველა ვეტერან სპორტსმენში მალხაზ ჭეჟია თავის მოწინააღმდეგეს ხედავს, ადგილი არ წამართვანო“, - აღნიშნა მაქაცარიამ.

გუშინ, 18 სექტემბერს ზუგდიდის „ზუგდიდის“ ხელმძღვანელი და მთავარი მწვრთნელი გულშემატკივრებს შეხვდნენ, სადაც ფეხბურთის ფედერაციის ადგილობრივმა პრეზიდენტმა როლანდ მაქაცარიამ კლუბის ხელმძღვანელობა დაადანაშაულა, რომ ისინი იმ ქმედებებით, რასაც დღეს ახორციელებენ, შეგნებულად გუნდის უმაღლესი ლიგის მიღმა დარჩენას განაპირობებენ.

ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“ კვლავ ფინანსური პრობლემები აქვს. მის ანგარიშზე თანხა უკვე ამოწურულია, პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით კი კანონმდებლობა ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებას კრძალავს. ამასთან ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში რამდენიმე მარცხის გამო შესაძლოა გუნდი უმაღლესი ლიგის მიღმაც აღმოჩნდეს. 

Livepress.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131784