რაგბი

18:35 | 30.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზირაქაშვილი გამარჯვებით დაბრუნდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “კლერმონის” პირველხაზელმა დავით ზირაქაშვილმა, ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა. საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის მე-8 ტურის მატჩში, ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72 წუთი ითამაშა.

29 წლის მორაგბე მე-2 ტურში დაშავდა და მოედანს “ბორდოსთან” შეხვედრაში დაუბრუნდა. 15 ათასი მაყურებლის გასახარად, კლერმონელებმა მეტოქე ნახევარი საათის შემდეგ სრულად გატეხეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. საწყის 30 წუთში მასპინძელთა მიერ გატანილ სამ ჯარიმას, სტუმრებმა ორი ჯარიმით და ერთი ლელოთი უპასუხეს, მაგრამ ზედ შესვენების წინ, “კლერმონმა” ლელო-გარდასახვით უპირატესობა მოიპოვა და ტაიმი 16:11 მოიგო.

მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში, მასპინძლებმა ორი ლელო გაიტანეს, 66-ე და 67-ე წუთებზე სტუმრებს ორი მორაგბე გაუსინბინეს, 73-ეზე ყვითელი ბარათი “ბორდოს” მესამე მორაგბემაც მიიღო და “კლერმონმა” ასეთი დიდი რიცხობრივი უპირატესობა ორ ლელოში გარდასახა. ზირაქაშვილის გუნდი, 24 ქულით მე-2 ადგილზე აღზევდა, ხოლო “ბორდო”, 16 ქულით მე-12 პოზიციაზეა. ბორდოელთა განაცხადში არ იყო ზაზა ნავროზაშვილი.

24 ქულით პირველ ადგილზე დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეა”, რომელმაც განვლილ ტურში, მიხეილ ნარიაშვილისა და მამუკა გორგოძის “მონპელიე” 18:11 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. “მონპელიემ” პრემიალური ქულა ჩაიწერა და ჯამში 22 ქულით, მე-4 ადგილზეა.

ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონი”, Top 14-ში წელს აღზევებულ “უაიონს” ეწვია და მოულოდნელად 22:25 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერთაგან, განაცხადში მხოლოდ მიქაუტაძე იყო და თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო. ამ დროს ანგარიში თანაბარი იყო, 73-ე წუთზე მასპინძლებს კაცი გაუსინბინეს, მაგრამ “ტულონმა” არეკნი მიიღო. ანგარიშის გათანაბრება ჯონ უილკინსონმა არეკნითვე სცადა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და მისი გუნდი მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. “ტულონს” 23 ქულა აქვს და მე-3 ადგილამდე დაქვეითდა.

ქართული დერბი შედგა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრისა” და დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროს” დაპირისპირებაში. ოქივე ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შერკინებაში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ - სამი ნომერი ფეიქრიშვილი 51-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო პირველმა ნომერმა ხინჩაგიშვილმა მოედანზე ოთხი წუთით მეტი გაატარა.

მატჩის დებიუტში, სტუმრები საკუთარი ნახევრიდან გატანილი არეკნით დაწინაურდნენ, ნახევარი საათის შემდეგ, “კასტრი” 13:3 იგებდა. შესვენებამდე, “რასინგ მეტრომ” ორი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 4 ქულით დათმო. მეორე ტაიმი მასპინძელთა არეკნით დაიწყო, მაგრამ სტუმრებმა ორი ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს, ბოლოს ჯარიმა კვლავ თვითონ გაუშვეს და 15:19 დამარცხდნენ. “რასინგ მეტრო” 21 ქულით მე-6 ადგილზეა, “კასტრს” კი, ერთით ნაკლები აქვს და მე-8 პოზიციაზეა.

გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის “ბრივი” “გრენობლს” დაუზავდა - 12:12. ქართველ ლეგიონერთაგან, განაცხადში მხოლოდ ასეიშვილი იყო. მან პირველივე წუთებიდან დაიწყო თამაში, 32-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და 58-ე წუთზე შეცვალეს. რამდენიმე მომენტის გათვალისწინებით, ეს შედეგი “ბრივისთვის” დადებითად უნდა ჩაითვალოს. ქართველთა გუნდი სტუმრად თამაშობდა, მე-14 წუთზე მათმა 9 ნომერმა წითელი ბარათი მიიღო და ბრიველები მთელი 65 წუთი კაცნაკლულები დარჩნენ.

“გრენობლმა” მალევე გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა და 28-ე წუთისთვის 12:6 დაწინაურდა. 32-ე წუთზე დანიშნული შერკინებისას, რეფერიმ პირველხაზელთა ქმედებაში დანაშაული დაინახა და ასეიშვილთან ერთად მისი მეტოქეც გაასინბინა. “ბრივმა” მეორე ნახევრის დასაწყისში ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო 72-ეზე წონასწორობა აღადგინა და ურთულეს პირობებში ორი ქულა მოიპოვა. მას 17 ქულით მე-10 ადგილი უკავია.

გიორგი ჟღენტის “პერპინიანმა”, ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა” 20:16 დაამარცხა. სტუმართა ქართველი პირველხაზელები ტრავმირებულები არიან, ხოლო ჟღენტი, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54 წუთი ითამაშა. ის ძლიერად იდგა შერკინებაში, ღია თამაშისასაც აქტიურობდა და ორჯერ მეტოქე მასზე დაჯარიმდა. “პერპინიანი” 27-ე წუთისთვის 11:0 დაწინაურდა და ტაიმი 14:6 მოიგო. “ტულუზამ” 64-ე წუთისთვის ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა (16:17), მაგრამ მასპინძლებმა 74-ეზე არეკნი გაიტანეს და 4 ქულა ჩაიწერეს. “პერპინიანი” 20 ქულით მე-7 ადგილზეა, ხოლო “ტულუზა” 22 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

Top 14-ის მორიგი ტურის თამაშები 4-5 ოქტომბერს გაიმართება.

0.151982