ფეხბურთი

18:38 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: "ბეილს მხარში დავუდგები"

ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს ზინედინ ზიდანს იმედი აქვს, რომ მადრიდის "რეალში" ბეილის ერა დაიწყება. ფრანგი 2001 წელს თავად იყო ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი და ბეილთან მიმართებაში პარალელს ავლებს.

"ვიცი, როგორია იყო ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მსოფლიოში. ჩვენგან ყოველთვის ელიან წარმატებას, ითხოვენ კარგ თამაშს _ ამ ყველაფერს თან ისტერია ახლავს. ამ ზაფხულის ყველაზე დიდფასიანი ტრანსფერი სწორედ გარეტ ბეილთანაა დაკავშირებული და ჩვენ მოვახერხეთ მისი გადმობირება. ჩემი კარი მისთვის ყოველთვის ღიაა და ადაპტაციაში აუცილებლად დავეხმარები". _ განაცხადა The Sunday People-თან საუბრისას ზიდანმა.

კარლო ანჩელოტის თანაშემწე აგრეთვე აღნიშნავს, რომ გასულ სეზონში უელსელი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო _ "მის უზარმაზარ პოტენციალში დარწმუნებული ვარ. გასულ სეზონში სამ საუკეთესო ფეხბურთელთა შორის იყო, თუმცა ტიტული წილად არ ხვდა. ჩვენ მას მაქსიმალურად გამოვიყენებთ და იმედია, “რეალს” წარმატების მოპოვებაში ძალიან დაეხმარება. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება 4-5 წელიწადის განმავლობაში საუკეთესო იყოს".

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი 2001 წელს "იუვენტუსიდან" "რეალში" 73 მილიონ ევროდ გადავიდა. ზიზუს რეკორდული თანხა 2009 წელს კრიშტიანუ რონალდუმ დაამხო, როდესაც სამეფო კლუბში "მანჩესტერიდან" 96 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

გიორგი ბალახაძე

 

 

0.104981