ფეხბურთი

19:20 | 11.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზიკო: “მადლობა სკოლარის, მაგრამ ახალი მწვრთნელი გვჭირდება”

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ზიკო მიიჩნევს, რომ “სელესაოს” ამჟამინდელმა დამრიგებელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს.

“სკოლარის და პარეირას მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ სამომავლოდ ახალი მწვრთნელის მოძიებაა საჭირო, რომელსაც ახალი იდეები ექნება. მიმაჩნია, რომ ოპტიმალური ვარიანტი “სან პაულუს” მთავარი მწვრთნელი, რამალიო იქნება. ის, ბრაზილიის ჩემპიონატში, ერთ-ერთი საუკეთესოა, ხოლო ეს ჩემპიონატი მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესია.

დღევანდელი ბრაზილია, ტაქტიკურად, მოქნილი გუნდი არაა. ეს ისევ ის გუნდია, რომელმაც კონფედერაციის თასი მოიგო. ასე რომ, მეტოქეებს ბრაზილიის შესასწავლად მთელი ერთი წელი ჰქონდათ.

თუ ბრაზილიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ კლუბში წამყვანი ფეხბურთელი არცერთი მათგანი არაა. შეხედეთ ნეიმარს, ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელს. რამდენად ხშირად იჯდა ის გასულ სეზონში “ბარსელონას” სათადარიგოთა სკამზე? ფრედი, მარსელო, ჰალკი – სათანადო დონეზე ვერცერთმა მათგანმა ითამაშა. დავუდ ლუისსა და ოსკარსაც კი ვერ ვუწოდებთ “ჩელსის” წამყვან მოთამაშეებს.

პეპ გვარდიოლა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მისი შთაგონების წყარო ბრაზილიის ნაკრების სტილი იყო, მაგრამ ეს სტილი უკვე აღარ გვაქვს. კრუიფი ამბობს, რომ ჩვენ ბრაზილიურ ფეხბურთს არ ვთამაშობთ. იგივე აზრზეა მოურინიოც, რომელიც თვლის, რომ არ ვიცით, როგორ უნდა გამოვიყენოთ ბრაზილიელი ფეხბურთელების პოტენციალი. არ მესმის, რატომ არ ვუჯერებთ თანამედროვეობის საუკეთესო სპეციალისტებს.” – აცხადებს ზიკო.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში მიმდინარე ჩემპიონატი 1/2-ფინალში, მასპინძლებმა გერმანიასთან 1:7 წააგეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამის მიუხედავად, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია სკოლარის დატოვების ვარიანტს განიხილავს.

0.115183