მატჩის დაწყებამდე, გუნდების წარმომადგენლებს შორის შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. საქმე ის არის, რომ ბათუმელებს საჯარიმო მოედნები ეპატარავათ და მათი გაზომვა მოითხოვეს. მასპინძლებს თხოვნა ეწყინათ, მაგრამ უარი არ უთქვამთ და ყველაფერი გულდაგულ გადამოწმდა. აღმოჩნდა, რომ საჯარიმოები, სტანდარტთან შედარებით 3-3 სანტიმეტრით იყო შემცირებული. ამიტომაც თავიდან დაიხაზა.
რაც შეეხება თამაშს, ის მართლაც რომ დიდი მნიშვნელობის გახლდათ, განსაკუთრებით ზღვისპირელებისთვის, რომლებსაც პლეი აუტში გადასარჩენად, დიდი ძალისხმევა, ფაქტობრივად, ყველა მატჩში გასამარჯვებლად ბრძოლა მართებთ. ვერ გეტყვით, შემდგომში რა იქნება, მაგრამ დღეს, ,,დინამომ“ ამ კუთხით საკადრისად წარმოაჩინა თავი და საფეხბურთო არასტუმართმოყვარეობით ცნობილ მარტვილიდან, ჰაერივით საჭირო 3 ქულა წაიღო.
ვფიქრობთ, მთლიანობაში თამაში თანაბარი იყო. მეტოქეები მორიგეობით ფლობდნენ უპირატესობას, საგოლე მომენტებიც, მართალია, არცთუ ისე ხშირად, მაგრამ ორივე კართან იქმნებოდა. პირველი სახიფათო იერიში ,,მერანმა“ განახორციელა. მე-7 წუთზე მარცხენა ფლანგიდან შესრულებული სტანდარტულის შემდეგ, ,,დინამოს“ საჯარიმოსთან ბურთს გიორგი მეგრელაძე დაუხვდა და ზუსტად დაუგდო დასარტყმელად ლაშა კუჭუხიძეს. ამ უკანასკნელმა არ დაახანა და ძლიერად დაჰკრა, მაგრამ ხარიხას საკმაოდ გადააცილა. 10 წუთში, სტუმრებმა მოედნის ცენტრიდან წამოიწყეს შეტევა და ალექსანდრე კოშკაძეს მიეცა კარში დარტყმის საშუალება, თუმც მიზანმა მასაც უმტყუნა.
30-ე წუთზე, პაპუნა ფონიავამ მარცხნიდან შეუტია და ზუსტი გადაცემა გაუკეთა საჯარიმოში მყოფ მეგრელაძეს, რომელმაც ახლო კუთხეში დაურტყა ივან პიცანს და აქ კი მეკარემ იყოჩაღა. ამის შემდეგ, ბათუმელებს ერთი წუთის განმავლობაში ორჯერ ჰქონდათ დაწინაურების შანსი. ჯერ იყო და, სანდრო გურულმა მარჯვენა ფლანგიდნ გრძელი ზუსტი გადაცემა გაუკეთა საპირისპირო მხარეს საჯარიმოს კუთხესთან მყოფ ამირან მუჯირს, ზღვისპირელთა კაპიტანმა ძალზე სახიფათოდ გაისროლა ჯონი შეროზიას კარისკენ, მაგრამ ბურთმა ძელის გავლით დატოვა მოედნის ფარგლები. და, თითქმის იქვე, გატანის ლამის 100-პროცენტიანი შანსი გაუშვა ხელიდან ბესიკ ჩიმაკაძემ, რომელმაც ათიოდე მეტრიდან, პრაქტიკულად, ცარიელ კარში ვერ მოახვედრა. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, გოლის გატანა მერანელ ვალერი იობაშვილს შეეძლო, მაგრამ იღბალმა მასაც უმტყუნა.
მე-2 ტაიმისთვის, გია გურულმა ერთი შეცვლა განახორციელა - მოედანზე ,,ზესტაფონიდან“ იჯარით მოყვანილი ნოდარ კიკნაველიძე შეუშვა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმელთა დამრიგებლის ეს სვლა გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ მატჩში. უბრალოდ, გასაკვირია, როგორ შეელია, თუნდაც დროებით, კიკნაველიძეს მოქმედი ჩემპიონი, 19 წლის ნახევარმძველმა საუცხოოდ წარმოაჩინა თავი. 52-ე წუთზე მან სტანდარტულის შესრულება იკისრა, ნოდარმა ისე ოსტატურად მოჭრა ბურთი მეტოქის კარის კუთხისკენ, რომ კარენ მაკარიანს ისღა დარჩენოდა, პარტნიორის გადაცემა შეერგო და ზუსტად ასე მოიქცა, ახლოდან გადაგზავნა ბურთი ბადეში.
,,მერანი“ ის გუნდი არ არის, საშინაო მატჩში ვინმეს რამე დაუთმოს და მასპინძლებიც უმალ შეტევაზე გადავიდნენ. მეგრელაძემ მარცხნიდან კუთხური ჩააწოდა, ვალერი იობაშვილმაც მაღალ ნახტომში თავურით გაგზავნა კარისკენ, პიცანმა ძნელი ბურთი მოიგერია, გადმოვარდნილს კი კუჭუხიძემ დაამატა და... არაზუსტად. შემდეგ, ფონიავას პასით საბა ლომია აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში, თუმცა, მერანელმა იჩქარა და ჩარჩოში ვერ მოარტყა.
დინამოელებს ანგარიშის შესანარჩუნებლად დაცვითი ტაქტიკისათვის არ მიუმართავთ. პირიქით, ზღვისპირელები საკმაოდ მწვავედ უტევდნენ. 76-ე წუთზე, ჯონი შეროზიას კიკნაველიძის ძლიერი სახიფათო დარტყმის მოგერიება მოუხდა. 2 წუთში, იმავე კიკნაველიძემ შორიდან დაარტყა, ბურთი მარტვილელ მცველს კი მოხვდა, მაგრამ მაინც კარისკენ გაფრინდა. მასპინძლებს ამ მომენტში ხარიხა შეეშველა.
უკანასკნელი წუთი იყო, მარტვილელები მთელი გუნდით ჩავიდნენ მეტოქის საჯარიმოში, არეულობაში მამუკა ტორონჯაძემ კარში დარტყმა მოახერხა, მაგრამ პიცანს მაინც ვერ გაუტანა. ამასობაში, საფინალოც გაისმა.
გია გურული: ,,ასეთი დაძაბული თამაში კარგა ხანია არ გვქონია. ცუდი საფარი ორივე გუნდს უშლიდა ხელს. ღვთის წყალობით, გავიმარჯვეთ. ბიჭებმა დიდი შემართებით იბრძოლეს, ყველამ მაქსიმალურად მოინდომა. სასიამოვნოა, ჩემპიონატი რომ კარგად განვაახლეთ. წინ ასეთივე და უფრო დაძაბული თამაშები გველოდება. ყველაფერი უნდა ვიღონოთ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.“
მალხაზ ჟვანია: ,,საკმაოდ საინტერესო ბრძოლა იყო. სამწუხაროდ, სათამაშო პრაქტიკა არ გვქონდა და ბოლომდე სათანადოდ კონცენტრირებულები არ ვიყავით. შეცვლებმაც არ გაამართლა, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია. იმედი მაქვს, თანდათან უკეთესად ავთამაშდებით.“
,,მერანი“(მარტვილი) - ,,დინამო“(ბათუმი) – 0:1(0:0)
მარტვილი. ,,ცენტრალური“. 9 მარტი. 15 საათი. 500 მაყურებელი
,,მერანი“: შეროზია, მელიავა, ქარქუზაშვილი, იობაშვილი, ხუბუა, დიდავა(კ), ბუკია(გუგუნაშვილი, 66), ფონიავა, კუჭუხიძე(კრისი, 77), ს. ლომია, მეგრელაძე(ტორონჯაძე, 60)
მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
,,დინამო“: პიცანი, ფარტენაძე, ზვ. ლობჟანიძე, ჟვანია, გაბუნია(კიკნაველიძე, 46), მახარაძე, მუჯირი, მაკარიანი(დიასამიძე, 88), კოშკაძე, ა. გურული, ჩიმაკაძე(ბაციკაძე, 83)
გოლი: მაკარიანი (52)
მწვრთნელ-კონსულტანტი: გია გურული
გაფრთხილება: ჟვანია (16), კოშკაძე (18), მაკარიანი (52), ფონიავა (56), გუგუნაშვილი (72)
მსაჯები: გოგა კიკაჩეიშვილი, კობა გაბრიაძე, ივანე მაჩიტიძე, დავით სანოძე
იუზა კაციტაძე მარტვილიდან
ავტორის ფოტოები