ფეხბურთი

15:18 | 11.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონის” ახალწვეულები ევროპის ლიგის განაცხადში - რეგისტრაციის გარეშე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, “ზესტაფონის” ახალწვეულები – ნიკა გელაშვილი, ლაშა გვალია, ჯაბა დვალი და ბექა ტუღუში ტრნავას “სპარტაკთან” უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის სამატჩო განაცხადში შევლენ. მიუხედავად ამისა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სფფ-მ ხსენებული ფეხბურთელები რეგისტრაციაში გაატარა.

სფფ-ს გენერალური მდივნის – რევაზ არველაძის განცხადებით, ხსენებული ფეხბურთელები რეგისტრაციაში იმ შემთხვევაში გატარდებიან, თუ უახლოეს დღეებში, “ზესტაფონსა” და ფეხბურთელებს შორის გაფორმებულ კონტრაქტებში ერთი პუნქტი შეიცვლება. საუბარია იმ პუნქტზე, სადაც დავებზეა საუბარი. ზესტაფონელებმა უნდა აღიარონ, რომ დავების განმხილველი ორგანო სპორტული ტრიბუნალია.

რევაზ არველაძე (სფფ-ს გენერალური მდივანი): “უპირველესად, "ჩიხურას" მომდევნო ეტაპზე გასვლას ვულოცავთ. სამწუხაროა, “სიონის” გავარდნა. დღევანდელი პრესკონფერენცია იმ გაუგებრობას ეხება, რაც მოხდა. მთელი საფეხბურთო სამყარო მუშაობს ფეხბურთის წესდების შესაბამისად. ჩვენც იმ კანონებით ვმოქმედებით, რომელიც ფიფას და უეფას ექვემდებარება. ეს კონკრეტული შემთხვევა სპეციფიურია. დღეს დაახლოებით 18:00-ზე იწურება უეფაში განაცხადების მიღების ვადა, რომელიც წარდგენილი უნდა იყოს, რათა გუნდმა ევროარენაზე ითამაშოს. საფეხბურთო დავა განხილული იყოს იმ არბიტრაჟის ფარგლებში, რომელიც ფედერაციის იურისდიქციის ფარგლებშია.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას: იმისათვის, რომ არ დაზარალდეს კლუბი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები, პირველი ტურის განაცხადს გავაგზავნით უეფაში და კლუბს ექნება დათქმა, რომ უახლოეს დღეებში, ყველა ის კონტრაქტი, სადაც წერია რომ დავები იხილება არა ფედერაციის არბიტრაჟში და არა სხვაგან, იქნება შეცვლილი და ამის შესახებ ჩვენ მივიღებთ ოფიციალურ შეტყობინებას. რაიმე ზიანი რომ არ ვნახოთ, განაცხადს გავგზავნით, მაგრამ კლუბმა მომავალ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა შეასწოროს კონტრაქტები და დააფიქსიროს, რომ დავა უნდა იხილებოდეს ფედერაციის არბიტრაჟში.

მოვითხოვთ, რომ “ზესტაფონიც” და ყველა კლუბიც კანონებს ემორჩილებოდნენ. ჩვენი მხრიდან, არანაირ პიროვნულ დამოკიდებულებას ადგილი არ აქვს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ პიროვნული პრობლემები არცერთ შემთხვევაში წინ არ წამოიწიოს და ვმოქმედებდეთ კლუბის, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ინტერესებიდან გამომდინარე”.

კესო ჩხიკვაძე (იურიდიული სამსახურის უფროსი): ფედერაცია მოქმედებს თავისი წესდებით. წესდება რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლები ფიფასთან და უეფასთან შეთანხმებულია. წესდება ყრილობაზეა მიღებული და მას “ზესტაფონმაც” მისცა ხმა. კლუბმა ამ შემთხვევაში სამოქალაქო სასამართლოს არ უნდა მიმართოს. ამ წესრიგს ექვემდებარება ყველა სუბიექტი. “ზესტაფონს” უფლება არ აქვს დავა გააგრძელოს სამოქალაქო სასამართლოში. სასამართლოში დავის გაგრძელებით, შესაძლოა, კლუბის წევრობა ფედერაციაში ეჭვქვეშ დადგეს. სასამართლო ითხოვს, რომ დაუყოვნებლად დარეგისტრირდნენ “ზესტაფონის” ახალწვეულები. ფეხბურთელების რეგისტრაციასთან დაკავშირებით უეფას წარმომადგენელს ვესაუბრეთ და ვკითხეთ, გვქონდა თუ არა ამის უფლება. პასუხი ასეთია: “მე ვერ ვხედავ მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა დაერეგისტრირებინა ფეხბურთელები ფედერაციას”.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონელები ტრნავას “სპარტაკთან” პირველ მატჩს 17 ივლისს ჩაატარებენ.

0.120247