ფეხბურთი

21:53 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ზესტაფონი"-"ორჰუსი" 1:2... სამივე გოლი ქართველმა გაიტანა

"ზესტაფონმა" თურქეთში მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა და დანიის "ორჰუსთან" 1:2 წააგო. როგორც იცით, "ორჰუსი" ქართველთათვის ნაცნობი კლუბია: ისინი შარშანწინ გორის "დილამ" გამოთიშა ევროპის ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპიდან და ასეც არ იყოს, "ორჰუსში" ხომ დავით დევდარიანი, დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე თამაშობენ. 

"ზესტაფონთან" სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა. სასტარტოში იყო დევდარიანი და 66-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მათე ვაწაძე ტრავმის გამო არ გამოჩენილა მინდორზე.

"ზესტაფონი" 0:2-ს აგებდა და 81-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძემ საჯარიმო დარტყმით შეამცირა სხვაობა. ორჰუსელებმა კი ანგარიში ზესტაფონელთა ავტოგოლით გახსნეს მე-40 წუთზე, ხოლო 51-ეზე დევდარიანმა გაიტანა – შორიდან ზუსტი დარტყმით. მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ სამივე ბურთი ქართველის ფეხიდან გავიდა, მაგრამ ქართულმა კლუბმა 1:2 წააგო. 

მარგველებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: მეშველიანი, ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი 72), თედო გრიგალაშვილი (ენდელაძე 85), ფერეირა, გურული, შარიქაძე (ჭანტურიშვილი 10), კუხიანიძე (ჭანკოტაძე 78), გეწაძე (სარდალიშვილი 81), დოლიძე (ფანცულაია 72), საბანაძე (კაპანაძე 60), ტატანაშვილი.

რაც შეეხება შარიქაძის მე-10 წუთზე შეცვლას, მიზეზი ისაა, რომ მეტოქემ ხელი სახეში ჩაარტყა და სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა.   

მთლიანობაში, "ზესტაფონს" არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში აშკარად სუსტად თამაშობდნენ გია გეგუჩაძის შეგირდები.  

0.129161