საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის კარსმომდგარი მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი სპარინგი გამართა – დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველებმა ბათუმის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლეს და 4:2 იმარჯვეს.
ზუგდიდელებთან სამი დღის წინ გამართული მატჩის მსგავსად, ზესტაფონელებს ფეხბურთელთა ერთი ჯგუფი დღევანდელ შეხვედრაშიც დააკლდათ. როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ფანცულაიამ, ავთო ენდელაძემ და თედორე გრიგალაშვილმა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ჰოლანდიაში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ითამაშეს. დემურ კანდელაკმა და კახა მეშველიანმა კი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემის გამო ვერ იასპარეზეს.
"ზესტაფონი": პავლოვიჩი (კუპატაძე, 68), თორნიკე გრიგალაშვილი, რობაქიძე, ხიდეშელი (ფერეირა, 60), გაგოშიძე, გვალია (სამუშია, 68), შარიქაძე (მაკარიძე, 68), ჭანტურიშვილი (სარდალიშვილი, 46), ჭანკოტაძე (ვაჭარაძე, 68), ილურიძე (მიქელთაძე, 57), დვალი (კაპანაძე, 68).
"დინამო" (
შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – 29-ე წუთზე ნიკა დიასამიძემ გუნდი აუღებელი დარტყმით დააწინაურა. 32-ე წუთზე მასპინძლებმა საპასუხო გოლი გაიტანეს – ბათუმელთა დაცვის ხაზის შეუთანხმებელი თამაშით კარგად ისარგებლა გიორგი ილურიძემ და თავის საქმე ოსტატური დარტყმით შეასრულა.
ამის შემდეგ იმერლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს კიდევ ორჯერ დაამწუხრეს სტუმრები - 38-ე წუთზე ოდნავ კურიოზული, თუმცა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა მალხაზ გაგოშიძემ, 43-ეზე კი ლაშა გვალიამ ეფექტურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.
შეხვედრის მეორე ნახევარში ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავალი ცვლილება განხორციელდა. ამის მიუხედავად, "დავით აბაშიძის" მწვანე გაზონზე პირველი ტაიმის მსგავსი ღია და ლამაზი ფეხბურთი მიმდინარეობდა...
54-ე წუთზე ექს-ზესტაფონელმა დიმიტრი ტატანაშვილმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და მატჩს გარკვეული ინტრიგა დაუბრუნა. თუმცა, 65-ეზე რენე ფერეირა დოს სანტოსმა ბათუმელთა კარი მეოთხედ აიღო და გამარჯვებულის ვინაობის შესახებ საკითხიც საბოლოოდ დახურა. იმერელთა გამარჯვება ანგარიშით 4:2.
12 სექტემბერს "ზესტაფონი" საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს – დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველები საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" უმასპინძლებენ. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
https://www.youtube.com/watch?v=C4-ku0NUO8A