განსხვავებული მიზნებით და სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას მეტოქენი. ,,გურიას” მდგომარეობა ყველას კარგად მოეხსენება და ახალს ვერაფერს დავამატებთ. გუნდი პრაქტიკულად ინერციით ასრულებს მიმდინარე გათამაშებას. რაც შეეხებათ ზესტაფონლებს, მათ ჩემპიონობის თეორიული შანსი ჯერაც გააჩნიათ, მაგრამ წაფორხილების შემთხვევაში შეიძლებოდა მეორე ადგილიც დაეკარგათ, ამიტომ იმერლები სრული სერიოზულობით მოეკიდნენ აღნიშნულ შეხვედრას და მატჩის გამარჯვებულის ვინაობა სათუოდ ერთი წუთითაც არ გაუხდიათ.
შეხვედრა თავიდანვე ზესტაფონელთა უპირატესობით დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა მე-8 წუთზე შექმნეს. კაპანაძის შორეულ ძელთან დამიზნებით გასროლა ოდნავ ასცდა მიზანს. მე-16 წუთზე ისევ კაპანაძე ურტყამდა ვარდნაში ეფექტურად. ,,გურია” ამჯერადაც გადაურჩა გოლს, თუმცა 3 წუთში ფეროელებმა საწადელს მაინც მიაღწიეს.
მე-19 წუთზე ღონღაძემ ფლანგური გარღვევის შემდეგ ბურთი შორეულ ძელთან მდგარ საბანაძეს გადაუმისამართა. სტუმართა ფორვარდმა კაპიტანს ამაგი დაუფასა და თავური დარტყმით გურულთა ახალბედა გოლკიპერს ახლო კუთხეში გაუტანა – 0:1.
ზესტაფონელთა მომდევნო გოლი ასევე ფლანგურ გადაცემას მოჰყვა. დოლიძის გამოზომილ პასს გეწაძემ საჯარიმოს შუა ხაზიდან ზუსტი დარტყმა მოაყოლა და მასპინძელთა კარის ბადე მეორედ შეარხია – 0:2.
ტაიმის ბოლომდე საბანაძესა და კაპანაძეს კიდევ ორჯერ ჰქონდათ თავის გამოჩენის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ მათ მცდელობას წინ ახალგაზრდა ხვედელიძე აღუდგა.
კაპანაძემ ,,თავისი” გოლი შეხვედრის განახლებისთანავე გაიტანა. ასისტენტობა ამჯერადაც დოლიძემ გასწია. მისი განივი გადაცემის შემდეგ სტუმართა ფორვარდი ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა – 0:3.
ზესტაფონლებმა მეოთხედ სტანდარტული სიტუაციიდან იხეირეს. საჯარიმოს კუთხიდან გეწაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა უზადო გამოდგა. ხვედელიძემ ბურთს მხოლოდ თვალი გააყოლა – 0:4.
მე-80 წუთზე სტუმრებმა სანიმუშო კომბინაცია გაითამაშეს. მისი წამომწყები მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო, დოლიძე გახლდათ. მან ამჯერადაც მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და განივი გადაცემით ახლადშემოსული კუხიანიძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი გეწაძეს შეაყოლა. რეზომ თანაგუნდელების დაწყებული საქმე ჩინებულად გააგრძელა და ზუსტი დარტყმით ჰეთ-თრიკი შეასრულა – 0:5.
მატჩის ბოლოს თავის გამოჩენა შეცვლაზე შესულ ტატანაშვილსაც მართებდა, როცა თანაგუნდელებმა იგი გურულთა გოლკიპერს პირისპირ შეატოვეს, მაგრამ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
არბიტრის საფინალო სასტვენს ადგილობრივი ქომაგების უსიამოვნო შეძახილები მოჰყვა. ისინი საკუთარი გუნდის უსუსური გამოსვლის გამო სამართლიან გულისწყრომას გამოხატავდნენ.
გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 0:5 (0:2)
07 მაისი. 17.00. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე’’. 500 მაყურებელი.
,,გურია”: ხვედელიძე, ბერიანიძე, ქურდაძე, მეგრელიშვილი, ზარნაძე, ჭეიშვილი, ნ.კილაძე (ინგოროყვა 46), ე.კილაძე (კ) (ტეიდი 60), შენგელია, კვირტია (თოდაძე 74);
მთ. მწვრთნელი: დავით მახარაძე
,,ზესტაფონი”: პავლოვიჩი, გ.გურული, თ. ღონღაძე (კ), ზ. ჭელიძე, თ. გრიგალაშვილი, ჭანტურიშვილი, შარიქაძე (ფანცულაია 67), დოლიძე. გეწაძე, კაპანაძე (კუხიანიძე58), საბანაძე (ტატანაშვილი 60).
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გოლები: 0:1 საბანაძე (19), 0:2 გეწაძე (28), 0:3 კაპანაძე (48), 0:4 გეწაძე (57), 0:5 გეწაძე (80);
გაფრთხილება: ქურდაძე (37), ჭეიშვილი (64);
არბიტრი: ხვიჩა გაგნიძე
მეტალურგი (რუსთავი) - სიონი (ბოლნისი) 2:0
დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე) 0:0
1 |
დინამო (თბ) |
30 |
19 |
5 |
6 |
62:23 |
62 |
2 |
ზესტაფონი |
30 |
18 |
4 |
8 |
45:21 |
58 |
3 |
სიონი |
30 |
16 |
6 |
8 |
41:30 |
54 |
4 |
ჩიხურა |
30 |
13 |
7 |
10 |
52:44 |
46 |
5 |
მეტალურგი |
30 |
12 |
6 |
12 |
34:37 |
42 |
6 |
გურია |
30 |
11 |
0 |
19 |
28:50 |
33 |
მომდევნო ტური
11 მაისი
მეტალურგი – გურია
სიონი – დინამო
ჩიხურა – ზესტაფონი
მეგოლეები:
16 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
10 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;