ფეხბურთი

20:28 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზესტაფონელები: "ბატონო ილია, დაბრუნდით!"

სანაკრებო პაუზაზე იმერული დერბის მონაწილეები არც თუ ისე კარგ ხასიათზე გავიდნენ. ქუთაისის “ტორპედო” ზედიზედ სამ მატჩში დამარცხდა, ხოლო “ზესტაფონმა” დასანანი მარცხი განიცადა უკანასკნელ წამებზე თბილისის “დინამოსთან”, მანამდე კი ფეროელები ეროვნული თასის გათამაშებას ადრეულ ეტაპზე გამოემშვიდობნენ. ამასთან ერთად, ამ პერიოდში ზესტაფონელთა კლუბში მწვრთნელთა ცვლილებაც მოხდა. სერბი რატკო დოსტანიჩი, ქართველი გია გეგუჩაძით შეიცვალა. რამდენიმე დღის წინათ კი, კლუბის პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა ილია კოკაიამ, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული “ზესტაფონის” ყველა წარმატება. სწორედ ამიტომაც, ქუთაისში მატჩზე დასასწრებად ზესტაფონელ ფანებს ცენტრალური სტადიონზე ჰქონდათ გამოკრული ბანერი წარწერით – “ბატონო ილია, დაბრუნდით!”

მატჩი სტუმართათვის უიღბლოდ დაიწყო, რადგანაც გია გეგუჩაძეს, რომლის გუნდსაც ტრავმების გამო ისედაც მრავლად აკლდა ფეხბურთელების მთელი ჯგუფი, დებიუტშივე მოუწია იძულებითი ცვლილების გაკეთება. ილია კანდელაკმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად გამოცდილმა მწვრთნელმა მოედანზე მალხაზ გაგოშიძე შეუშვა. შეხვედრა კი საშუალო ტემპში დაიწყო. პირველი ხიფათი მე-12 წუთზე შეიქმნა, როდესაც დავით ჯიქიამ მოწინაღმდეგის საჯარიმოში ჩინებული გადაცემით მოძებმა ნიკა საბანაძე. ქუთაისელთა ფორვარდმა ბურთი მიიღო თუ არა, საკმაოდ უხერხულად დაურტყა როინ კვასხვაძეს, თუმცა ფეროელთა კიპერმა იყოჩაღა და დარტყმულის უკუგდება მოახერხა.

ამის შემდეგ 20 წუთზე მეტი გავიდა და რაიმე ღირებულის შექმნა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო. მართალია, ფეხბურთელები ბევრს მოძრაობდნენ, მაგრამ მეკარეების შეწუხებას ვერ ახერხებდნენ. პირველად ზესტაფონელთაგან ქვილითაიას კარის მიმართულებით შარიქაძემ დაარტყა სტანდარტულიდან, თუმცა მისი ეს მცდელობა მეკარისათვის ძნელად ასაღები არ ყოფილა. დაახლოებით იმავე მანძილიდან შეასრულა სტანდარტული ცინცაძემ ზესტაფონელთა კარის მიმართულებით, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველის დარტყმულმა მცირე მანძილით გადაუარა ხარიხას. 37-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგზე კარგად გაისარჯა გაბაძე, რომელმაც ჩააწოდა მეტოქის საჯარიმოში და საბანაძეს თავურით ჩინებული შანსი მიეცა, მაგრამ ფორვარდმა ხეირიანი დარტყმა ვერ შეძლო და საგოლე სიტუაციაც განიმუხტა.

ტაიმის დასასრულს ზედიზედ ორჯერ გოლის გატანასთან ახლოს სტუმრები იყვნენ. პირველად, რიონისპირელთა საჯარიმოს ხაზთან გაგოშიძის გადაცემის შემდეგ ჭანკოტაძემ ითამაშა კარგად, მეურვე იოლად ჩამოიშორა და მოჭრილი დარტყმით სცადა გატანა, მაგრამ ქვილითაიამ დიდებულად ითამაშა და თავგანწირულ ნახტომში შეძლო ბურთის კუთხურზე გადაგდება. ორიოდ წუთში მოედნის შუაგულში გაბაძე შეცდა, რითაც ისარგებლა ჭანტურიშვილმა და ერთი შეხებით ჩინებული პასი გაუკეთა ლომიას, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა. საბამ ბურთიანად ირბინა და მეტოქის საჯარიმოს მიახლოებულმა ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება მოინდომა, მაგრამ მაქსიმემ სიტუაცია გონივრულად შეაფასა და ბურთი იოლად მოიხელთა. ფორვარდის ცრუ ჩვენებაზე ქუთაისელთა მეკარე არ წამოეგო და მის “დარტყმულს” ყოველგვარი გართულების გარეშე დაეუფლა.    

მეორე ტაიმი მასპინძელთა სახიფათო მომენტით დაიწყო. ქუთათურებმა კუთხურის გათამაშების შემდეგ ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააგდეს. ტანმაღალმა ხიდეშელმა მცველებთან ბრძოლაში შეძლო ბურთის თავით მოგება და ზაზა ჭელიძეზე გადაწოდება, რომელიც ასევე თავურით შეეცადა ბურთის მიმართულების შეცვლას. მართალია, ქუთაისელთა ცენტრალურმა მცველმა ეს გააკეთა, მაგრამ ისევ შეუვალი იყო როინ კვასხვაძე, რომელმიც 3-4 მეტრიდან დარტყმულ ბურთს დაეუფლა.

პირველი ნახევრის მსგავსად მეტოქენი ამჯერადაც ბევრს მოძრაობდნენ, რათა სათამაშო უპირატესობისათვის მიეღწიათ. 56-ე წუთზე კი გოლი გავიდა მასპინძელთა კარში. ტორპედოელთა საჯარიმოსთან ბურთი ლომიამ მიიღო, რომელმაც მეურვის გაცურება კი მოახერხა, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთი მცველიდან ენდელაძეს მიუვიდა, რომელმაც ერთ შეხებით შეძლო მოწინააღმდეგის კარის აღება. ქვილითაია ამ მომენტში უძლური გახლდათ – 0:1. დაწინაურების შემდეგ, მცირე ხნის განმავლობაში აშკარა უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, რომლებიც რამდენიმეჯერ ახლოს იყვნენ გატანასთან. ჯერ საბა ლომიას შეეძლო თავით შეგდება, როდესაც ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ უხეიროდ. ცოტა ხანში კი თორნიკე გრიგალაშვილმა “გაისროლა” საჯარიმოს გარედან, მაგრამ დარტყმულს მცირედით დააკლდა სიზუსტე.

რიონისპირელები ნელნელა გონს მოეგნენ და თამაშის დალაგება ცადეს. ქუთათურთა პირინეელმა დამრიგებელმა მოედანზე გაბაძის ნაცვლად კაპანაძე შეუშვა, რომელმაც გააქტიურა მასპინძელთა შეტევები. 72-ე წუთზე ტორპედოელთა ცენტრალურ მცველს ზაზა ჭელიძეს მართებდა გატანა თავურით, მაგრამ მან ვერ მოახერხა გიგაურის მიერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ზუსტად დარტყმა. თავის მხრივ შეცვლებს მიმართა გია გეგუჩაძემაც, რომლის წყალობითაც სტუმრებმა თამაში სასურველ რიტმში წაიყვანეს. ყოველ შემთხვევაში თამაშში ძირითადმა მოვლენებმა მოედნის შუაგულში გადაიწია.

მატჩის ეპილოგში ქუთათურებს ჰქონდათ მცდელობა მეტოქის კარზე შტურმი მოეწყოთ, რათა გამათანაბრებელი გოლი გაეტანათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ზესტაფონელები თავს ორგანიზებულად იცავდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, ბურთი საკუთარის საჯარიმოდან რაც შეიძლება შორს ყოფილიყო. ფეროელთა სათამაშო ტაქტიკამ გაჭრა და “ზესტაფონმა” ისე მიიყვანა თამაში გამარჯვებამდე, რომ მასპინძლებისათვის ერთი შანსიც არ მიუცია.

ხარიტონაშვილის საფინალო სასტვენმა ქუთაისელთა ზედიზედ მეოთხე მარცხი დააფიქსირა. ფაქტი ერთია, რომ სეზონის დასაწყისში შემართებით მოთამაშე ქუთათურები აშკარად კრიზისში არიან. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ რა კომპონენტშიც ტორპედოელები გამოირჩეოდნენ და ჯობნიდნენ მოწინააღმდეგეებს, იგულისხმება მეტი მოძრაობა და აქტიურობა, ბოლო მატჩებია აღარ ჩანს. თუ რაიმე გადამჭრელ ზომებს არ მიმართეს “ტორპედოს” მესვეურებმა, გუნდს ძალიან გაუჭირდება მოწინავე ექვსეულში მოხვედრა. რაც შეეხება “ზესტაფონს”, გუნდმა გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მოიპოვა, თან ძალიან მნიშვნელოვანი.      

გია გეგუჩაძე (“ზესტაფონი”) –“ვიცოდით, რომ ძნელი მატჩი გველოდა. ახლა იმ სტადიაზე ვართ, რომ დასაკარგი არაფერია. ქულები გვჭირდება და კარგია, რომ დღეს გამარჯვება შევძელით. თამაშის ხარისხიც აქედან გამომდინარე გვაკმაყოფილებს”.

ჟერარდ სარაგოსა მულეტი (“ტორპედო”) – “პირველ ტაიმში გვქონდა საგოლე მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმშიც შეგვეძლო გატანა, სამწუხაროდ გოლის გაშვებამდე იყო ჯარიმა და არბიტრმა შეხვედრა არ გააჩერა. ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ ბოლომდე იბრძოლეს”.  

ტორპედო - ზესტაფონი 0:1 (0:0) 

24 ნოემბერი. 16:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 2000 მაყურებელი

“ტორპედო”: ქვილითაია, სანდოხაძე, ფირცხალავა (მზევაშვილი, 69), ცინცაძე, გიგაური, საბანაძე, ჯიქია (ფანცულაია, 77), ხიდეშელი, ზაზა ჭელიძე, უბილავა, გაბაძე (კაპანაძე, 62).

მთავარი მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი

“ზესტაფონი”: როინ კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, კანდელაკი (გაგოშიძე, 9), რენე ფერეირა, აჯურუ, შარიქაძე, ჭანტურიშვილი, ჭანკოტაძე (სარდალიშვილი, 75), ენდელაძე (სანდრო გურული, 66), საბა ლომია.

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლები: 0:1 ენდელაძე (56).

გაფრთხილება: რენე ფერეირა (15), უბილავა (33), ჭანტურიშვილი (80), შარიქაძე (83).

არბიტრი:  დავით ხარიტონაშვილი (თბილისი).       

ზაზა ლეთოდიანი ქუთაისიდან

0.143368