სანკტ-პეტერბურგის “ზენიტმა” იტალიელი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი თანამდებობიდან დაითხოვა. რუსული კლუბის თავკაცის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი სემაკი იქნება, რომელმაც ფეხბურთელის კარიერა სეზონის დასაწყისში დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო.
55 წლის სპალეტი “ზენიტში” 2009 წლიდან მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით, “ლურჯ-თეთრ-ცისფრებმა” რუსეთის ჩემპიონობა ორჯერ მოიგეს (2010 და 2011-12 წლები), გახდნენ ქვეყნის თასის და სუპერთასის მფლობელები და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფშიც ითამაშეს.
შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგელებმა 2014 წელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დორტმუნდის “ბორუსიასთან” მტკივნეული მარცხით (2:4) დაიწყეს, რუსეთის პრემიერლიგაში კი “ტომს” უგოლოდ დაშორდნენ. ამჟამად, “ზენიტს” ეროვნულ ჩემპიონატში მე-2 ადგილი უკავია.
ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ სანკტ-პეტერბურგელებმა სეზონის ბოლომდე გუნდის გაწვრთნა ჰოლანდიელ გუს ჰიდინკს შესთავაზეს, თუმცა, უარი მიიღეს. ეს უკანასკნელი მუხლზე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების კვალად კი, ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს.