რაგბი

14:31 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზელანდია და აფრიკა - სამიდან სამი

სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრეს სარაგბო ტურნირ რაგბი ჩემპიონშიფის, სხვაგვარად ოთხი ერის, გამარჯვებული ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას შორის ერთ-ერთი რომ იქნებოდა, საწყის ორ ტურში გამოჩნდა, მესამე რაუნდმა კი, ეს მოსაზრება გაამყარა და მეოთხე და მეექვსე ტურებს განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა.

ახალმა ზელანდიამ არგენტინა, რომელიც პირველ ტურში სამხრეთ აფრიკაში გაცამტვერების შემდეგ აშკარად გონს მოეგო, თავსხმა წვიმაში 28:13 დაამარცხა, მაგრამ ცოტა არ იყოს გაუჭირდა და პრემიალური ქულის აღებაც ვერ მოახერხა. ამასთან, გუნდის კაპიტანმა რიჩი მაკოუმ მუხლი დაიზიანა და დიდი ალბათობით, მას ერთი კვირის 2013 წლის ერთ-ერთი უმთავრესი ჯახის გამოტოვება მოუწევს სამხრეთ აფრიკასთან. წინასწარი ვარაუდით, მას დაახლოებით ერთი თვით დასვენება მოუწევს.

წვიმამ მატჩის მსვლელობაზე გავლენა იქონია და ეს პირველსავე წუთებზე გამოჩნდა, როდესაც ზელანდიელთა დებიუტანტს, შუამარბ ფრანსის საილის ბურთი საკუთარ 22-ში გაუვარდა, არგენტინა სასწრაფოდ შეტევაში გადაერთო და ხუან მანუელ ლეგიზამონმა ლელო გაიტანა, ხოლო ნიკოლას სანჩესმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მგეზავად დაბრუნებულმა დენ კარტერმა ხუთ წუთში ჯარიმით უპასუხა, მაგრამ მეორე და მესამე დარტყმა შორი დისტანციებიდან გაუფუჭდა.

მიუხედავად ამისა, “ოლ ბლექსმა” სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და აარონ სმიტმა ორი ლელო მიითვალა, რომელთაგან პირველს კარტერმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და საერთაშორისო მატჩებში 1400-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. სანჩესმა ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა და ზელანდიამ ტაიმი 15:10 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში კარტერმა და სანჩესმა ჯარიმები გაცვალეს, რასაც 53-ე წუთზე ჟულიან სავეამ ლელო მიაყოლა და კარტერმა გარდასახვით 25:13 გახადა. ამის შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ “ოლ ბლექსს” მეოთხე, პრემიალური ლელოს გატანა აღარ გაუჭირდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, მასპინძლებმა ტრავმის გამო ჯერ კაპიტანი მაკქოუ დაკარგეს, მერე კი, ლელოს აუცილებლად გაიტანდნენ, მაგრამ უბურთო მოიერიშე მეტოქემ აკრძალური წესებით შეაჩერა და წესით ყვითელ ბარათსაც იმსახურებდა, თუმცა რეფერიმ ის დაინდო და ზელანდიელებმა საფინალო სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე ბარეტის ჯარიმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ავსტრალიასთან მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა, მეტოქეს ოთხი უპასუხო ლელო გაუტანა და 42 წლის განმავლობაში ბრისბენში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამ სტადიონზე აქამდე გამართული შვიდი შეხვედრიდან შვიდივე ავსტრალიელთა გამარჯვებით დასრულდა. მასპინძლებმა მხოლოდ საათის განმავლობაში გაუწიეს სტუმრებს წინააღმდეგობა, მერე კი, 8 წუთში სამი ლელო მიიღეს და გამარჯვების იმედი საბოლოოდ დაკარგეს. ამასთან, “ბოკემ” “კენგურუებთან” სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში სარეკორდო სხვაობით იმარჯვეს - 38:12.

აფრიკელები ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მესამე თამაშს ატარებდნენ და ოსტჰეიზენმა დებიუტშივე შეძლო ლელოს გატანა, რასაც მორნი სტეინის ზუსტი გარდასახვა მოყვა. მალე აფრიკა მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, მაგრამ მასპინძლებმა ამით ვერ იხეირეს და ლეალიფანოს ჯარიმას სტეინმა ხუთიოდე წუთში ასევე ზუსტი დარტყმით უპასუხა. შესვენებამდე და მეორე ნახევრის დასაწყისში, მათ კიდევ ორი დარტყმა გაცვალეს, მერე ავსტრალიამ ერთიც გაიტანა და 53-ე წუთისთვის ანგარიში 12:19 იყო, მაგრამ საათის თავზე მასპინძლებმა ვეღარ გაძლეს.

რვა წუთის ინტერვალით ლელოები დე ვილერსმა, კირხნერმა და ლე რუმ მიითვალეს, სტეინმა სამიდან ორი გარდასახვა გამოიყენა და აფრიკამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - 38:12. ერთი კვირის შემდეგ სამხრეთ აფრიკა ახალ ზელანდიას ლიდერის რანგში ეწვევა და იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნით ორ თამაშს ავსტრალიასა და ზელანდიასთან საკუთარ მოედანზე გამართავს, ტურნირის მოგების მთავარ პრეტენდენტად გვევლინება.   

 

2013 წელი. რაგბის ჩემპიონშიპი. (ოთხი ერი)

მესამე ტური. 7 სექტემბერი

ახალი ზელანდია - არგენტინა 28:13

ავსტრალია - სამხრეთ აფრიკა 12:38

 

1 სამხრეთ აფრიკა
3 3 0 0 133-42 14
2 ახალი ზელანდია 3 3 0 0 102-58 13
3 არგენტინა 3 0 0 3 43-123 1
4 ავსტრალია 3 0 0 3 57-112 0

მეოთხე ტური. 14 სექტემბერი

ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა

ავსტრალია - არგენტინა

მეხუთე ტური. 28 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია

არგენტინა - ახალი ზელანდია

მეექვსე ტური. 5 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია

არგენტინა - ავსტრალია

0.212327