ევროპის 4-გზის ჩემპიონმა, მსოფლიოს ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა, ებრაელმა არიელ ზეევმა აქტიური სპორტული კარიერის დასრულების გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებს აუწყა. 35 წლის ძიუდოისტმა, რომელმაც ბოლო ევროტიტული წლევანდელ ჩემპიონატზე მოიგო, წასვლის მიზეზად, პირველ ყოვლისა, ასაკი დაასახელა.
“ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე საწყის ეტაპზევე წავაგე და პირველად მაშინ დავფიქრდი, რომ კარიერის დასრულების დრო მოახლოვდა. ბოლო თვეებში ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ლოგიკური ნაბიჯი გადავდგი”, – განაცხადა ძიუდოისტმა.
არიელ ზეევმა 1999 წლიდან მოყოლებული, ევროპის ჩემპიონატებზე კვარცხლბეკზე 9-ჯერ ავიდა, 2001 წელს მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო ათენის 2004 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბოლო ჯილდო მან მდიდარ მონაგარს წლევანდელ ევროპირველობაზე შემატა – 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კონტინენტის ჩემპიონი გახდა. ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ისრაელის სპორტული დელეგაციის მედროშე სწორედ ზეევი იყო.







