ზედიზედ 18 (!) გამარჯვება აქვს აქტივში ტრავმის მოშუშების შემდეგ ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს. შეგახსენებთ, რომ რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში 7:0-ზე მოგებული 2 ტურნირის შემდეგ, ქართველი სუმოისტი მე-2 ძურიოს დივიზიონს დაუბრუნდა და იქაც მაქსიმალური შედეგი გააჩნია.
ნაგოიაში მიმდინარე ივლისის ბაშოზე ტოჩინოშინმა მიჯრით მე-4 მოგება ძურიოს აღმოსავლეთის მე-13 ნომერ ვაკანოშიმასთან იზეიმა. აღმოსავლეთში მე-12 რეიტინგის მქონე გორგაძემ იორიტაოშით იმარჯვა და დივიზიონს მე-3 ნომერ – მონღოლ იჩინოჯოსთან ერთად ლიდერობს.
ტურნირის მე-5 დღეს ტოჩინოშინი დასავლეთის მე-9 ნომერ ფუჯიაძუმას (1-3) შეერკინება.
თანამემამულისგან განსხვავებით, კარგად არ მისდის საქმეები თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, რომელიც ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ირიცხება. აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-13 მაეგაშირა სოკოკურაის მიძალებას ვერ გაუძლო და ჩინელთან იორიკირით დამარცხდა.
გაგამარუს მაჩვენებელი 1 მოგება და 3 მარცხია და მას დროულად “გამოფხიზლება” მართებს, რადგანაც მორიგი უარყოფითი ბალანსის (მაკე-კოში) შემთხვევაში, ძურიოში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.
მე-6 ტურში ჯუღელი დასავლეთი მე-12 მაეგაშირა კიოკუშუჰოს დაუპირისპირდება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 1:3 მარცხდება.
4 დღის თავზე მაქსიმალური მონაგარით იოკოძუნები – ჰაკუჰო და კაკურიუ, ოძეკი კოტოშოგიკუ და რიგითი მაეგაშირები – ტაკაიასუ და ჩიომარუ ლიდერობენ. სამაგიეროდ, პირველი მარცხი განიცადა იოკოძუნა ჰარუმაფუჯიმ. “ოქროს ვარსკვლავი” დასავლეთის მე-2 მაეგაშირა იოშიკაძეს ერგო, რომელმაც დიდი ჩემპიონი კატასუკაშით დაჯაბნა. ცნობისთვის, იოშიკაძემ ჰარუმაფუჯი ზედიზედ მეოთხედ (!) დაამარცხა.
ნაგოიას ბაშოს მე-4 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=dC6p8jGD2Zo