ძიუდო

22:57 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მესამედ – ძიუდოისტთა ნაკრების მორიგი ევროპული ტრიუმფი

სანაქებო გარჯა უზნაძეს და ღვინიაშვილსაც დაუფასდათ


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბადალი არ ჰყავს. ქართველ ძიუდოისტთა ნაკრების მორიგი ტრიუმფი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში შედგა, სადაც ირაკლი უზნაძის გუნდი მეტოქეებთან ერთად მსაჯებსაც ებრძოდა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც გამარჯვებული გამოვიდა.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და საწყის რაუნდში თავისუფალი გახლდათ, მეორე წრე კი ერთი ამოსუნთქვით გაიარა – ჩეხეთის გუნდს 5:0 სძლია. გამარჯვებები შალვა ქარდავამ, ზებედა რეხვიაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და ლევან მატიაშვილმა მოიპოვეს.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს მასპინძელი საფრანგეთი გადაეყარა და არბიტრებმა “სამფეროვანთა” ფინალში გასაყვანად ყველაფერი იღონეს, თუმცა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

მსაჯების მიკერძოება განსაკუთრებით ავთანდილ ჭრიკიშვილის და ლორიკ პიეტრის დაპირისპირებაში იგრძნობოდა, რომელშიც ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს ჩემპიონ ფრანგს კიდევ ერთხელ აჯობა.

არბიტრებმა ჭრიკიშვილს 2 ვაზარი (!) გაუუქმეს, თუმცა, ბრძოლის მიწურულს ქართველის იუკოს ვეღარაფერი მოუხერხეს და ამ გამარჯვებით, ავთომ ნაკრები 2:1 დააწინაურა. საკვირველი ის გახლდათ, რომ შერკინების მერე უკმაყოფილო კიდევ ფრანგი იყო და ჭრიკიშვილს ხელიც კი არ ჩამოართვა, თითქოს, მსაჯებს იგი დაეჩაგროთ და არა – ქართველი...

ამ ბრძოლამდე ქარდავა კორვალთან იუკოთი დამარცხდა, წონასწორობა კი ნუგზარ ტატალაშვილმა აღადგინა, რომელმაც უჯრანი დააიპონა.

გადამწყვეტი ვარლამ ლიპარტელიანის და ბუფეს შერკინება გამოდგა, რომელშიც ქართველმა ძიუდოისტმა იუკოთი იმარჯვა, ბოლო შეხვედრაში კი ადამ ოქრუაშვილი ლეგენდარულ ტედი რინერს ამჯერადაც ყოჩაღად დაუდგა, თუმცა, საბოლოოდ იპონზე მაინც დავარდა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 3:2 იმარჯვა და ფინალში შარშანდელის მსგავსად რუსეთის ნაკრებზე გავიდა, რომელსაც გაცილებით იოლი ბადე ჰქონდა და გზად სლოვენიას და გერმანიას აჯობა.

ფრანგებთან ბრძოლის არ იყოს, საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი შეხვედრაც მარცხით დაიწყო. ქარდავა ისედაც წაგებული შერკინების ბოლო წამებზე გადანოვთან მტკივნეულ ილეთზე მოჰყვა და სწრაფად დანებება არჩია.

საბედნიეროდ, ეს რუსების პირველი და ბოლო წარმატება აღმოჩნდა. ტატალაშვილმა და ჭრიკიშვილმა, შესაბამისად, მოგუშკოვს და ხაბაჩიროვს გაფრთხილებებით, თუმცა, დამაჯერებლად აჯობეს.

ასევე გაფრთხილებით უგებდა ლიპარტელიანი სულემინს, რომელიც ბოლოსკენ ისე გათანგა, რომ შებოჭვაზეც დაიჭირა და წმინდა მოგება გაიფორმა.

ვარლამის მორიგი ჩაუქობის ხარჯზე საქართველოს ნაკრები 3:1 დაწინაურდა, რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა, საკუთარ ბრძოლას ოქრუაშვილიც სრული სერიოზულობით მიუდგა და ანგარიში კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა.

ადამმა საიდოვს გაფრთხილება ტატამიდან გასვლისთვის “აჰკიდა” და ეს მცირე უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე მშვიდად შეინარჩუნა.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებისთვის 2014 წლის ევროპირველობაც ტრიუმფალური გამოდგა. პირად შეჯიბრში მოპოვებულ ორ ოქროს (ჭრიკიშვილ, ლიპარტელიანი) და ორ ვერცხლს (პაპინაშვილი, ოქრუაშვილი) გუნდური გამარჯვება მოჰყვა და მონპელიეში ჩატარებული ტურნირიც საქართველოს ეროვნული ჰიმნით დაიხურა.

ცნობისთვის, 26 აპრილს ევროპის ძიუდოს კავშირმა გალა-დაჯილდოებაზე სხვადასხვა ნომინაციაში 2013 წლის საუკეთესოები გამოავლინა და ქართველებმა აქაც იყოჩაღეს.

საქართველოს ძიუდოს ნაკრები 2013 წლის ევროპის საუკეთესო გუნდად დასახელდა, 2013 წლის ევროპის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი – ვერცხლის ორდენი საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ირაკლი უზნაძეს გადაეცა, ხოლო ბექა ღვინიაშვილი 2013 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტი გახდა.

ისიც ვთქვათ, რომ ევროპის ძიუდოს კავშირმა 2013 წლის ევროპის საუკეთესო ძიუდოისტად ფრანგი ტედი რინერი დაასახელა, ხოლო საუკეთესო ქალი ძიუდოისტის ტიტული კოსოვოელ მაილინდა კელმენდს ერგო.

 

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ძიუდოში

კაცები

1. საქართველო

2. რუსეთი

3. გერმანია

3. საფრანგეთი

 

ქალები

1. საფრანგეთი

2. გერმანია

3. პოლონეთი

3. სლოვენია

 

დაჯილდოების ცერემონიალი

http://www.youtube.com/watch?v=adWMz_uhRsE

დავით ქევხიშვილის კომენტარი

https://www.youtube.com/watch?v=B2F-Fi20KxU

გალა-დაჯილდოების ცერემონიალი

https://www.youtube.com/watch?v=bycrph68Xnk&list=UU6TzV1LmcHpnGVLqQwTt9pw

0.105806