საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ზებედა რეხვიაშვილის სუნთქვის პრობლემაზე “მსოფლიო სპორტს” ბევრჯერ დაუწერია. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა ბოლო წლებში შიდა თუ საერთაშორისო შეჯიბრებზე ნაადრევად დაღლის გამო არაერთი მედალი დაკარგა. სპეციალისტთა ნაწილი წარუმატებლობის მიზეზად არასათანადო ფიზიკურ მომზადებას ასახელებდა. მით უმეტეს, როცა დაღლის პრობლემა ნაკრების სხვა წევრებსაც აწუხებდათ.
მხოლოდ ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავკაცი და ზებედა რეხვიაშვილის პირადი მწვრთნელი ბორის ფირცხელიანი ამტკიცებდა, რომ მის შეგირდს სრულყოფილად ასაჭიდავებლად ცხვირის ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა. ბოლოს ამის შესახებ მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებული საქართველოს ნაკრების დახვედრისას, აეროპორტში გვითხრა და იქვე დასძინა, აქამდე ვერაფრით მივიყვანე საოპერაციო მაგიდამდე და ახლა ძალის გამოყენებაც რომ დამჭირდეს, ამ პრობლემას მაინც მოვაგვარებინებო. აეროპორტშივე, ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმაც განაცხადა, რომ მსოფლიოს პირველობაზე სპორტსმენის ნაადრევი დაღლის და უმედლოდ დარჩენის მთავარი მიზეზი საოპერაციო ცხვირი იყო.
გუშინ ზებედა რეხვიაშვილმა თავის ფეისბუქის გვერდზე ოპერაციის შემდეგ ცხვირიდან ამოღებული დამტვრეული ძვლების ფოტო გამოაქვეყნა. ქირურგიული ჩარევისას აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა იმაზე მძიმე იყო, ვიდრე ელოდნენ.
“წინასწარი ინფორმაციით, ზებედას ადენოიდები ჰქონდა ამოსაჭრელი, მაგრამ სუნთქვის მთავარი ხელის შემშლელი სულ სხვა რამ აღმოჩნდა - ძველი ტრავმა, რომელიც ჯერ კიდევ ჭაბუკთა შორის ჭიდაობის პერიოდში მიიღო. ცხვირის ტრავმას მაშინ შესიება მოჰყვა, მაგრამ ნელ-ნელა ჩაცხრა და პრობლემაც მოგვარებულად ჩაითვალა. ახლა გამოჩნდა, რომ მაშინ ძვალი ჩაიმტვრა. დროთა განმავლობაში კი ასე გაიზარდა და სასუნთქი გზა შეზღუდა. ოპერაციამ კარგად ჩაიარა” – უთხრა ფირცხელიანმა “მსოფლიო სპორტს”.
კომენტარისთვის ზებედა რეხვიაშვილსაც შევეხმიანეთ:
“ჩვევად მქონდა გადაქცეული. შუა შეხვედრისას ჩავჯდებოდი, რამდენიმე წამით რომ ამომესუნთქა. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ალბათ გონებას დავკარგავდი. საშინლად ვიღლებოდი ხოლმე. არადა ფიზიკური მომზადების მხრივ თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. როგორც მითხრეს, ეს ოპერაცია სუნთქვის პრობლემას სრულად მომიგვარებს. ასე რომ, თუ გამძლეობაში მომავალშიც გამიჭირდება, ეს უკვე ჩემი ბრალი იქნება. დიდი დრო არ გამიცდება. ვარჯიშს ალბათ ერთ კვირაში დავიწყებ. სრულად კი დაახლოებით ერთ თვეში დავიტვირთები” – განაცხადა რეხვიაშვილმა.