როგორც იქნა აღსრულდა რომაელი ტიფოზების ოცნება და ზდენეკ ზემანი გუნდის მთავარი მწვრთელის პოსტიდან დაითხოვეს. მთელი ევროპა სულ სოფელ-სოფელ რომ დაიაროთ, ძალიან ძნელად ნახავთ ზდენეკ ზემანზე ჯიუტსა და გულზვიად კაცს. მისი ხასიათის სწორედ ეს აუტანელი მხარეებია იმის მიზეზი, რომ სადაც კი ეს ჩეხი სპეციალისტი მივიდა, თითქმის ყველგან უარყოფითი გავლენა მოახდინა. მე რომ “რომას” ტიფოზი ვიყო, აქამდე “ოლიმპიკოზე” აუცილებლად მივიტანდი საპროტესტი პლაკატს წარწერით: “ზემანი რყვნის! ზემანი ბოროტებაა!” ვინც არ მეთანხმება იმაში, რომ “ზემანი რყვნის და ზემანი ბოროტებაა” მათ ვეტყვი, რომ ზემანისთანა ცანცარა და მთლიანობაში ბევრი არაფრის გამკეთებელი ადამიანები უფუჭებენ ფეხბურთს იმ მორალურ მხარეებსა და ხასიათს, რაზეც ეს სახეობა შექმნის დღიდანვე იდგა.
არაფრისმომტანი “იმპოტენტური” გამუდმებული შეტევები, დაცვაზე საერთოდ უარის თქმა, გუნდში ქაოტური მდგომარეობის დანერგვა, ლაყაფი, ლაყაფი და მხოლოდ ლაყაფი – ასეთია ზდენეკ ზემანის “სტილი” თუკი ამ ყველაფერს საერთოდ შეიძლება სტილი ეწოდოს. ყველაზე ცუდი და აუტანელი მაინც ისაა, რომ ეს ჩეხი ბაბუა არაფრით იჯერებს საკუთარ ნაკლოვანებებს და როდესაც რომელიმე იტალიელი ჟურნალისტი “გაბედავს” და მასზე აუგს დაწერს, აშარი დედაკაცივით წყევლა-კრულვას იწყება – აქაოდა, იტალიელები შოვინისტები ხართ და ჩეხი რომ ვარ, იმიტომ არ გეპიტნავებითო.
ჩეხი იყო პაველ ნედვედიც, მაგრამ, “იუვენტუსის” ან “ლაციოს” ქომაგს მასზე ცუდი რომ უთხრა, თვალებს ამოგკორტნის. რატომ? სულ მარტივი მიზეზის გამო. ნედვედი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო და ზდენეკ ზემანისაგან განსხვავებით, იმაზე მეტსაც კი აკეთებდა ვიდრე რეალურად შეეძლო. ზემანი კი, აპენინებზე მხოლოდ ცანცარულ-მასხარაული ფეხბურთითა და ღვარძლის ნთხვით გახდა ცნობილი.
იტალიელ ქომაგებს ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ ის, მე ვიტყოდი, ამორალური საქციელი, რაც ზდენეკ ზემანმა გასულ წელს ჩაიდინა. “იუვენტუსის” მწვრთნელის, ანტონიო კონტესათვის მრავალთვიანი დისკვალიფიკაციის მიცემის შემდეგ, იტალიაში მოქმედმა თითქმის ყველა მწვრთნელმა კონტესადმი კოლეგიალობის ნიშნად, ტურინელ სპეციალისტს თანადგომა გამოუცხადა. ზემანი კი ადგა და ჟურნალისტებთან დაიწყო იმის მტკიცება, რომ დისკვალიფიკაციამიცემული კონტესათვის გუნდში ვარჯიშების ჩატარების უფლებაც უნდა ჩამოერთმიათ. ზემანის ამ განცხადებებმა მართალია ბევრი იტალიელი აღაშფოთა, მაგრამ ალბათ ძირითადად იმის შიშით, რომ მათთვის ანტიჩეხური ფაშიზმი არ დაებრალებინათ, პროტესტი პროტესტად დარჩა, რამაც ზემანი სავარაუდოდ დაარწმუნა, რომ მისი ნათქვამი სისულელეები ჭკუასთან ახლოს იყო. ცნობილი ამბავია, რომ თუკი გადარეულ კაცს თავისუფლებას მისცემ, ის აუცილებლად დიდ სისულელეს ჩაიდენს და მისი ეს “თავისულება” სხვათა ინტერესზე გაივლის. ზდენეკ ზემანის შემთხვევაშიც ასე მოხდა...
ვისაც მიმდინარე სეზონში “რომას” თამაშები გინახავთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს კლუბი მთელს ევროპაში გამორჩეულად უცნაურ ფეხბურთს თამაშობს. გუნდი სულ წვალობს, სულ შეტევაშია, მაგრამ ხშირად მარცხდება და ზოგჯერ ისეთ გუნდებთან, თავმომწონე “რომას” ქომაგები წესით სამარცხვინო მარცხად რომ შეაფასებენ. არადა კლუბს, ვეტერანი ლეგენდების გარდა (ტოტი, დე როსი...) ახალგაზრდა და ნიჭიერი ბიჭებიც ბლომად ჰყავს. მაგრამ რად გინდა? ზემანის ხელში გუნდი არ იცვლება, თითქმის ყველა თამაშს ერთნაირად ატარებს და მხოლოდ ისეთ გუნდებთან იმარჯვებენ, რომლებიც ზემანის აბდაუბდაში ისე იხლართებიან, როგორც კოჭლი ბუზი, შეიძლება გაებას მოხუცი ობობის ქსელში.
ზემანი ადრეც იყო ”რომას” მწვრთნელი და გუნდს მაშინაც ზუსტად ასეთ აბდაუბდა ფეხბურთს ათამაშებდა. მაგრამ, მაშინდელი ”რომა” შემადგენლობით ახლანდელზე აშკარად უფრო უკეთესი გუნდი იყო და წარმოუდგენლად სამარცხვინო დამარცხებების მიუხედავად, გამარჯვებებსაც ხშირად ახერხებდა. მთელი უცნაურობა კი ისაა, რომ ზემანის გაწვრთნილი გუნდები ან დიდი ანგარიშით მარცხდებიან, ან ასევე დიდი ანგარიში იგებენ. ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ ზემანი საფეხბურთო შოუების მოტრფიალე კაცია და ფეხბურთსაც შოუდ აღიქვამს. მაგრამ, რატომღაც მქონია, რომ ზემანი უბრალოდ ერთი შტერი კაცია, რომელსაც ბავშვობაში ბრაზილიის ნაკრების ბევრი თამაში აქვს ნანახი და ჩათვალა, რომ შეტევა ფეხბურთში უმთავრესი რამაა. მაგრამ გუნდს პირველ რიგში ქულების დაგროვება რომ სჭირდება, ეს როგორც ჩანს მისთვის არავის უსწავლებია...
ლევან სეფისკვერაძე