ფეხბურთი

17:53 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ინიაშვილი : “ფოთის "კოლხეთს" ევროპული დონის სტადიონი ექნება”

ფოთის "კოლხეთს", რომელმაც წლეულს 100 წლის იუბილე აღნიშნა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში პირველ ლიგაში უწევს ასპარეზობა.  გუნდი წინა სეზონში დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, აუცილებელი პირობების არ ქონასთან ერთად სხვა სტადიონზე უწევდა  თამაში და ამან თავისი შედეგიც გამოიღო.

თუმცა წლეულს ბევრი რამ შეიცვალა, ქალაქის მერია უფრო მეტად დაინტერესდა გუნდის პრობლემებით, შენდება ახალი სტადიონი და გუნდში ახალი მწვრთნელი დაინიშნა ზაზა ინიაშვილის სახით, რომელსაც მსოფლიო სპორტი სწორედ "კოლხეთის" სტადიონზე დაუკავშირდა და გუნდის მომავალ გეგმებზე ესაუბრა.

   - სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებით და უმაღლეს ლიგაში გადaსვლის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი ხართ. რის ხარჯზე შეძლო "კოლხეთმა" პირველი წრის სასურველი შედეგით დასრულება?

    - პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბიჭების დამსახურებაა, გუნდი დაკომპლექტებულია საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით, რომელთა უმრავლესობას უმაღლეს ლიგაში აქვთ ნათამაშევი. მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ კლუბის ხელმძღვანელობიდან დაწყებული ქალაქის ხელმძღვანელობით დამთავრებული გუნდს ყველა გვერდში დაუდგა, ძალიან წაგვადგა მოსამზადებელი ეტაპი დუშეთში რომ გავიარეთ. ყველაფერმა ამან მოგვცა ის , რომ დღეს უმაღლესში გადასვლისთვის ვიბრძვით.

   - მეორე წრისთვის თუ აპირებთ გუნდის გაძლიერებას?

  - რა თქმა უნდა. წინასწარ გვარების დასახელებისაგან თავს შევიკავებდი, მაგრამ საკმაოდ გამოცდილ ფეხბურთელებთან მიდის მოლაპარაკება. აქ საუბარი არაა ათი ფეხბურთელის ტრანსფერზე. გავაძლიერებთ იმ პოზიციებს სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება ახალი ძალა. მთლიანობაში გუნდის ძირითადი ბირთვი არ შეიცვლება.

  - დაფინანსების მხრივ როგორ არის საქმე?

 - ფოთის "კოლხეთს" აფინანსებს ფოთის მერია, ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს გამოჩნდეს სპონსორი და ამით მერიაც დაინტერესებულია, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ სიახლე არ არის. დიდ დახმარებას გვიწევდა ყოველთვის ფოთის პორტი, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი და საქართველოს ბანკი, თუმცა მომავალი წლიდან როგორ იქნება არ ვიცით. როგორც მე ვარ ინფორმირებული ქართულ ბანკებს შორის ჩატარდება ტენდერი სპონსორის საკითხთან დაკავშირებით და იმედია სასიკეთოდ გადაწყდება საბოლოოდ.

  - როგორც ვნახეთ სტადიონის მშენებლობა  მიმდინარეობს, რაც სასიხარულო ფაქტია, რადგან ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების დიდ ნაწილს ნეიტრალურ მოედანზე უწევს თამაში, რაც ქართული ფეხბურთისთვის სასიკეთო არაა. ვინ აფინანსებს სტადიონის მშენებლობას და რა დონის სტადიონზეა საუბარი?

   - მართლაც რომ სასიხარულოა და იმედის თვალით ვუყურებთ. სტადიონის მშენებლობის დაფინასება მოხდა ცენტრალური ბიუჯეტიდან. ჩემი ინფორმაციით თორმეტი მილიონი ლარი გამოეყო ქალაქს, აქიდან ორი მილიონი სტადიონის მშენებლობისთვისაა, თუმცა ეს არის გარკვეული ნაწილი და არა მთლიანი თანხა, იმისთვის რომ ოთხივე ტრიბუნა გაკეთდეს და სტადიონმა სრულყოფილი სახე მიიღოს კიდევ დაემატება თანხა. საუბარია ევროპული დონის მაღალი ხარისხის სტადიონზე, სადაც შესაძლებელი იქნება არა მარტო “კოლხეთის” საშინაო მატჩების ჩატარება, არამედ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების თამაშების ჩატარებაც კი საერთაშორისო ასპარეზზე.

  - როდისთვის შესძლებს "კოლხეთი" საკუთარ არენაზე თამაშს?

 

- როგორც გვპირდებიან 2014 წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება. მანამდე კი მეორე წრის თამაშებს ნეიტრალურ მოედანზე ჩავატარებთ. მთავარია, სტადიონი გაკეთდეს და ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ.

   - დაბოლოს, რას ჰპირდებით ფოთის "კოლხეთის" გულშემატკივრებს?

 - პირველ რიგში ყველას ვისაც ფოთის " კოლხეთზე" შესტკივა გული, მინდა გვერდში დაგვიდგნენ და შედეგი აუცილებლად იქნება. გულშემატკივრებს ვპირდები რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ, ყველაფერს ჩავდებთ იმისათვის, რომ "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში გადავიდეს და ეროვნულ ჩემპიონატში ღირსეული ადგილი დაიკავოს.

  - წარმატებებს გისურვებთ.

 

ედემი ელერჯია

0.116444