საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მიწურულს, პირველ ლიგაში საკმაოდ გაურკვეველი სიტუაცია შეიქმნა, ყველაფერი თითქოსდა წესისამებრ მიდიოდა და საქართველოს ფეხბურთის ფედრაციის დებულების თანახმად ა და ბ ჯგუფების პირველ და მეორეადგილოსნებს თბილისში პლეი ოფის მატჩები უნდა ეთამაშათ. ბათუმის “დინამოს”, ფოთის “კოლხეთის”, “სამტრედიის” და ქობულეთის “შუქურას” შორის ორ საუკეთესოს უნდა ეთამაშა უმაღლეს ლიგაში, თუმცა საქმე უფრო რთულად აღმოჩნდა, ბათუმის “დინამომ” და “სამტრედიამ” ლიცენზირება ვერ გაიარეს, შესაბამისად ამ დროისთვის უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ “კოლხეთი” და “შუქურა” მოიაზრება პლეი ოფის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ “კოლხეთმა” და “შუქურამ” უმაღლეს ლიგაში გადასვლა იზეიმეს, ფედერაციის წარმომადგენელმა ბოკერიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, იმის შანსიცაა, რომ ამ ორმა კლუბმა აპელაცია შეიტანოს და თუ დაკმაყოფილდა მათი საჩივარი, ამ შემთხვევაში პლეი ოფიც შეიძლება ჩატარდეს.
ერთი სიტყვით გაურკვევლობაა.
გასაჩივრების დრო დღეს იწურება, თუ ორივე კლუბი გაასაჩივრებს, საბოლოო დასკვნა 29 მაისს გახდება ცნობილი. 29 მაისს ოფიციალურად გამოცხადდება პლეი ოფი ჩატარდება თუ პირდაპირ გადავლენ უმაღლეს ლიგაში “კოლხეთი” და “შუქურა.”
”მსოფლიო სპორტი” ამ საკითხთან დაკავშირებით ფოთის “კოლხეთის” მთავარ მწვრთნელს: ზაზა ინაშვილს დაუკავშირდა.
- ფოთის “კოლხეთმა” ისევე როგორც ქობულეთის “შუქურამ” უმაღლეს ლიგაში აღზევება უკვე იზეიმა, თუმცა ფედერაციისგან გაჟღერდა ისიც, რომ მცირე მაგრამ არსებობს იმის შანსი რომ პლეი ოფი მაინც ჩატარდეს. რა ხდება სინამდვილეში?
- მესმის მაგრამ, დებულებაში წერია, რომ ის გუნდები, რომლებიც ვერ გაივლიან ლიცენზირებას ავტომატურად ეთიშებიან პლეი ოფისთვის ბრძოლას. ასე წერია დებულებაში ოფიციალურად. ასეთი თუ იქნებოდა ერთი გუნდი, სამი მიიღებდა პლეი ოფში მონაწილეობას, თუ ორი გუნდი ვერ გაივლიდა ლიცენზირებას შესაბამისად დარჩენილი ორი გუნდი პირდაპირ უმაღლეს ლიგაში გადავიდოდა. ცოტა კურიოზული მდგომარეობა იქმნება. გასაგებია, რაღაც შანსი აქვს პლეი ოფის ბათუმის “დინამოს” და “სამტრედიას”, მაგრამ ჩვენ გუნდი დავითხოვეთ. ბიჭებთან ხელშეკრულება გვაქვს 1 ივნისამდე, 1 ივნისის ჩათვლით გავუფორმეთ ჩვენ ბიჭების 70 პროცენტს კონტრაქტი, გამოდის რომ 1 ივნისის შემდეგ ჩვენ გუნდის შემადგენლობის მხოლოდ 30 პროცენტი გვრჩება. და დავუშვათ თუ 29-ში გადაწყდა რომ პლეი ოფი იქნება სათამაშო, რა უფლება მაქვს თამაში მოვთხოვო ფეხბურთელს, რომელსაც კონტრაქტი დაუმთავრდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ კურიოზული სიტუაციაა რაც დღეს ხდება. ანალოგიური სიტუაცია შეექმნა გახსოვთ ალბათ 2006 წელს ფოთის “კოლხეთს”, როცა ფინანსური პრობლემების გამო პირველ ლიგაში დააქვეითეს, იგივე პრობლემა ჰქონდა ქუთაისის “ტორპედოს”.უბრალოდ ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ “სამტრედიის” და ბათუმის “დინამოს” მწვრთნელებს, რომლებიც ჩემი კოლეგები არიან ასეთი პრობლემები შეექმნათ, როცა მთელი სეზონის განმავლობაში იბრძვი, პირველ ადგილს დაიკავებ და ერთ დღეს გეტყვიან, უმაღლეს ლიგაში ვერ ითამაშებ იმის გამო რომ, ვიღაცამ ისე არ გააკეთა თავისი საქმე, როგორც საჭირო იყო. ამას ადვილად ვერც მწვრთნელი მიიღებს ვერც გუნდი და გულშემატკივარი.
- სამწუხაროდ სტადიონის პრობლემა კვლავაც დგას დღის წესრიგში. წინა სტუმრობის მსგავსად ახლაც ვნახეთ რომ სამუშაოები შეჩერებულია. იმ შემთხვევაში თუ “კოლხეთი” უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს, რომელ სტადიონზე ითამაშებთ?
- დიდი ალბათობით ლანჩხუთში მოგვიწევს თამაში. რაც შეეხება ფოთის ცენტრალურ სტადიონს, როგორც აღნიშნეთ, სამუშაოები ისევ შეჩერებულია. რამდენადაც ჩვენ ვიცით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოცემულ ვადებში უნდა მოესწრო დასავლეთ ტრიბუნის დასრულება, თუმცა როგორც ჭორის დონეზე ვიცით, საქმე სასამართლოშია და ჯერ დამაიმედებელს არაფერს გვეუბნებიან.
- დაფინანსებაზეც გკითხავთ. Pპირველ ლიგასთან შედარებით უმაღლეს ლიგაში უფრო მეტი მოთხოვნები და გამოწვევებია, რაც დაფინანსების გარეშე ძნელია. ამ მხრივ როგორ გაქვთ საქმე?
- მერია გვაფინანსებს, ფოთის პორტი და ასევე “სახალხო ბანკი”. ამ კუთხით ნორმალურადაა ყველაფერი. ვგეგმავთ გუნდის გაძლირებასაც. გვინდა ფოთის “კოლხეთმა” ღირსეული ადგილი დაიკავოს უმაღლეს ლიგაში. მართალია ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი გაკეთდება, “კოლხეთს” ძალიან ერთგული გულშემატკივარი ჰყავს, იმსახურებს წარმატებებს. მინდა ასევე წარმატებები ვუსურვო “სამტრედიას” და ბათუმის “დინამოს”.
ედემი ელერჯია