კალათბურთი

13:13 | 2.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიამ ახალი წელი მოგებით და ორმაგი დუბლით აღნიშნა

ზაზა ფაჩულიამ და მისმა “ატლანტამ” ახალი წელი წარმატებულად დაიწყეს. “ჰოუქსი” “ნიუ ორლეანს” ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში, მეოთხე მეოთხედის ბოლოს მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე შეძლო მეტოქის 9-ქულიანი სხვაობით დამარცხება - 95:86.

ლარი დრიუმ ქართველი ცენტრი ამჯერად სასტარტო ხუთეულში არ დააყენა და სათადარიგოთა სკამიდან ჩართო შეხვედრაში. ზაზამ პარკეტზე 19:58 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ფაჩულიამ თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა: 12 ქულა (5-8 ორქულიანი, 2-2 საჯარიმო) და 10 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე).
შეხვედრა “ჰორნეთსის” კალათბურთელებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და გრევის ვასკესის, რობინ ლოპესისა და რაიან ანდერსონის ჩინებული გარჯის შედეგად, პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2:53 წუთით ადრე 23:12 დაწინაურდნენ. თუმცა ლარი დრიუმ იგრძნო რა საფრთხე, დროულად შემოიყვანა პარკეტზე ზაზა ფაჩულია. ქართველმა მაშინვე თავის თავზე აიღო თამაში და 2 ქულა ჩაუგდო მეტოქეს, მომდევნო 2 შეტევაში ლუის უილიამსმა და ტოლივერმაც ჩასვეს შორეული ტყორცნები და 11-ქულიანი ჩამორჩენიდან თითქმის არაფერი დარჩა. ზაზამ პირველი თორმეტწუთეულის დასრულებამდე 20 წამით ადრე კიდევ ერთი საშუალო ტყორცნა გამოიყენა და “ატლანტა” მეტოქეს 4-ქულიან დისტანციაზე მიუახლოვდა - 22:26.
მეორე მეოთხედში თამაში გათანაბრდა. ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ დიდ შესვენებამდე 3 წუთით ადრე “აფეთქდა” გასულ სეზონში ყველაზე მეტი სამქულიანის ჩამგდები რაიან ანდერსონი, რომელმაც შორი დისტანციიდან რამდენიმეჯერ წარმატებით გაისროლა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი 6-ქულიანი უპირატესობით მოიგეს - 50:44.
მეორე ტაიმის სტარტზე ზედიზედ 4 ქულა ჩააგდო “ნიუ ორლეანმა” და კიდევ ერთხელ დაწინაურდა 9-ქულიანი სხვაობით, თუმცა “ატლანტას” მაღლებმა ამჯერადაც საკუთარ თავზე აიღეს თამაში. მათი კარგი გარჯის შედეგად, სტუმრებმა ჯერ გაათანაბრეს ანგარიში, ხოლო შემდეგ წინაც გავიდნენ. მესამე მეოთხედის ბოლო წუთები შესანიშნავად ჩაატარა ფაჩულიამ. იგი ენერგიულად ჩაერთო მატჩის ამ ეპიზოდში. აქტიური ქმედების ხარჯზე სამჯერ მოხსნა ბურთი შეტევაში და გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედის წინ საკუთარი მონაგარი 12 ქულამდე აიყვანა.
მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე კაილ კორვერის ზუსტი სამქულიანით “ჰოუქსი” 5 ქულით გავიდა წინ 87:82. მასპინძლები ყველანაირად ცდილობდნე მიახლოვებოდნენ მეტოქეს, თუმცა ამჯერად ლუის უილიამსი არ აძლევდათ მათ ამის საშუალებას. ბოლო წუთზე ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ერიკ გორდონმა სცადა თამაშის გადარჩენა, თუმცა ჯერ ტყორცნა გააფუჭა, შემდეგ ბურთიც დაკარგა და ამით ხაზი გადაუსვა საკუთარი გუნდის წარმატებას.
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე “ჰორნეთსის” მთავარმა მწვრთნელმა მონტა უილიამსმა განაცხადა: “მეტოქის “მაღლების” ძლიერმა თამაშმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია დღევანდელი მატჩის შედეგზე. შეხედეთ მათ მონაგარს: ჰორფორდმა, სმიტმა და ფაჩულიამ ჯამში 55 ქულა, 26 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, სამი ჩაჭრა და 5 დაფარება მოაგროვეს. 
ჩვენ ყველა ველოდით, რომ ერიკ გორდონი რაიმე სასწაულს მოიმოქმედებდა და თამაშს მაინც გადაარჩენდა, თუმცა მას ძალიან ბევრი გაუცდა ფეხის ტრავმის გამო და იდეალურ კონდიციებში ჯერჯერობით ვერ არის.”
სტუმართა შორის საუკეთესო ჯოშ სმიტმაც თავი მორიგი ორმაგი დუბლით გამოიჩინა 23 ქულა, 13 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა. მან დღევანდელ მატჩში მონაგრით კარიერულ მოხსნებში გადააბიჯა 5000-იან ნიშნულს.
“ჰორნეთსის” შემადგენლობაში კი ერთმნიშვნელოვნად გამორჩეული გრევის ვასკესი გახლდათ, (რომელიც დასავლეთ კონფერენციის გასული კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს) მას მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა სამმაგ დუბლამდე 17 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა.
“ატლანტა” 20 მოგებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება და ძალიან მიუახლოვდა მეორე საფეხურზე მყოფ “ნიუ იორკ ნიქსს” (21-10).
“ნიუ ორლეანი” კი უიმედო აუტსაიდერია (7-24). მონტა უილიამსს უკვე შეუძლია თამამად დაიწყოს მომავალი სეზონისთვის მზადება და ახალი კადრების შერჩევა.
შეწყდა “ლოს ანჯელეს კლიპერსის” 17 მატჩიანი მოგებათა სერია. “დენვერმა” საკუთარ დარბაზში ბრწყინვალე კალათბურთი აჩვენა, გუნდური კალათბურთის ხარჯზე(ერთბაშად ექვმსა მოთამაშემ შეძლო 10 ან მეტი ქულის დაგროვება) შეძლო გაენეიტრალებინა კრის პოლისა და ბლეიკ გრიფინის მონაგარი და 14 ქულიანი სხვაობით იმარჯვა 92:78. მატჩში გადამწყვეთი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი, რომელშიც აშკარად იგრძნობოდა, რომ “კლიპერსი” დაღლილი გახლდათ, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ამით ძალიან კარგად ისარგებლა “ნაგეთსმა” და სეზონში მეთვრამეტე გამარჯვებას ჩაუყარა საფუძველი. 
მოულოდნელი მარცხი იწვნია საკუთარ დარბაზში მეორე კალიფორნიულმა გუნდმა - “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ფილადელფიასთან” დაპირისპირებაში. 
სტუმრებმა ჯრუ ჰოლიდეის კარგი თამაშის წყალობით მცირე სხვაობებით მოიგეს სამი მეოთხედი და უკანასკნელ პერიოდს 11 ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. კვალვ გამოჩნდა პრობლემა, რომ ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ “ტბელებს” უჭირთ მაღალ ტემპში თამაში. კობი ბრაინტის მარტო ბრძოლამ და 36 ქულამ ამჯერად ვეღარ უშველათ 99:103. 
31 მატჩის შემდეგ “ლეიკერსს” მოგება-წაგებათა ბალანსი კვლავ უარყოფითი აქვთ და დროა განგაშის ზარებს შემოკრან, რადგან ასეთი თამაშის ფონზე პლეიოფში მოხვედრაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. 
 
ნიუ ორლეანი – ატლანტა 86:95 (26:22, 24:22, 14:28, 22:23)
ნიუ ორლეანი: რივერსი (3), ვასკესი (17+10პ+9მ), ლოპესი (10), დევისი (9), ტომასი (2); ანდერსონი (23), ამინუ, სმიტი (2), ანრი, რობერტსი, მასონი (9), გორდონი (11)
ატლანტა: ტიგი (4), ჰორფორდი (20), სმიტი (23+13მ+7პ), კორვერი (14), ვილიამსი (9); ფაჩულია (12+10მ), ჯენკინსი (7), ტოლივერი (6)
 
დენვერი – კლიპერსი 92:78 (21:19, 27:24, 27:16, 17:19)
დენვერი: იგუადალა (12), კუფოსი (4), ფარიდი (14+11მ), გალინარი (17), მილერი (12+12პ); ბრიუერი (10), მაკგი (11), ჰემილტონი (2), მოზგოვი (4), ფურნიე (6)
კლიპერსი: პოლი (10), გრინი (2), ჯორდანი (11), გრიფინი (12), ბატლერი (7); კროუფორდი (9), ოდომი (4), ჰოლინზი, ბლედსოუ (12), ტურიაფი (2), ბარნსი (9)
 
ლეიკერსი – ფილადელფია 99:103 (25:28, 25:26, 23:27, 26:22)
ლეიკერსი: ნეში (12+10პ), ბრაიანტი (36), ჰოვარდი (7), გასოლი (11), მორისი (3); ჰილი (10), მიქსი (7), ვორლდ ფისი (13)
ფილადელფია: ჰოლიდეი (26+10პ), რიჩარდსონი (9), ალენი (10), თ. იანგი (12), თერნერი (22); ჰოუსი (13), ნ. იანგი (1), რაიტი (10), ალენი
 
ნიუ იორკი - პორტლენდი 100:105 (23:30, 24:28, 24:20, 29:27)
ნიუ იორკი: კიდი, ტომასი, ჩენდლერი (10), ენტონი (45), ბრიუერი (5); სმიტი (28), ნოვაკი ,პრიჯიონი (2), სტადემაირი (6), კოუპლენდი (2), კემბი (2)
პორტლენდი: ლილარდი (21), მეტიუსი (8), ჰიქსონი (18), ოლდრიჯი (19+14მ), ბატუმი (26); ჯეფრისი (2), პრაისი (5), პავლოვიჩი, ბარტონი, ბაბიტი (6), სმიტი 
 
ვაშინგტონი – დალასი 94:103 (29:23, 23:25, 19:35, 23:20)
ვაშინგტონი: ტემპლი (6), ოკაფორი (14), ნენე (7), ვებსტერი (14), ბილი (22); სერაფინი (10), ვესლი (2), კროუფორდი (9), მარტინი (3), მაკი (7)
დალასი: კოლისონი (15), მეიო (15), კამანი (12), მერიონი (11), კარტერი (23); ნოვიცკი (11), დუგლას-რობერტსი (2), კრაუდერი, და. ჯონსი (5),ბრენდი (4), ბობუა (5)
 
დეტროიტი – საკრამენტო 103:97 (27:28, 31:20, 22:19, 23:30)
დეტროიტი: ნაითი (20), სინგლერი (4), მონრო (18+11მ), მაქსიელი (7), პრინსი (10); დრამონდი (7), ბაინამი (15), ვილიანუევა (9), დაიე (13)
საკრამენტო: ტომასი (12), გარსია (5), კაზინსი (21+14მ), ტომპსონი (16), სალმონსი (10); ჰოუსი, აუთლო (6), ჯონსონი (4), რობინსონი (2), ბრქსი (7), ფრედიტი (14)
 
გიორგი ბარბაქაძე 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.202661