ზაზა ფაჩულია რეკორდსმენია. ქართველი ცენტრი არის ერთადერთი კალათბურთელი „ატლანტა ჰოუქსის“ ისტორიაში, რომელმაც 1 მეოთხედის მანძილზე მეტოქის ფარზე 7 ბურთი მოხსნა. ზაზამ ეს საოცარი შედეგი მეორე 12-წუთეულში შეძლო. საბოლოო ჯამში კი მან 11 მოხსნა მოაგროვა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს - მთავარია, რომ 1 პერიოდში მეტოქის ფარზე განხორციელებული 7 მოხსნით ფაჩულია „ატლანტა ჰოუქსის" ისტორიაში ჩაეწერა.
თავად მატჩი თრილერი გამოდგა და რაც მთავარია, ატლანტელთათვის წარმატებით დასრულდა. ეს იყო პირველი შეხვედრა „ჰოუქსის“ 6-მატჩიანი გასვლითი ტურნისა, რომელიც ფაჩულიას გუნდმა მილუოკიში გამართა. ბოლო მეოთხედში ატლანტელები 10 ქულით აგენდნენ, მაგრამ მოახერხეს და ბოლო წუთზე დაწინაურდნენ. საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე მონტა ელისმა მასპინძლები კვლავ დააწინაურა - 102:101. ბოლო შეტევაში „ატლანტამ“ კარგი კომბინაცია გაათამაშა, დევინ ჰარისმა კარგი პასი მიაწოდა ალ ჰორფორდს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ მის წინ ლიგის საუკეთესო დამფარებელი, მილუოკელი ლარი სანდერსი იდგა, ალე-იუპით გამარჯვების ბურთი ჩააგდო - 103:102.
ფაჩულია ამჯერად სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე 20 წუთი გაატარა. ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, შესაბამისად 3 ქულა დააგროვა, რასაც ზემოთნახსენები 11 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაყოლა. ქულებით ვერა, მაგრამ დაცვაში ზაზამ უდიდესი სამსახური გაუწია ატლანტელებს. ფაჩულიამ ამ შეხვედრაში ტექნიკური ჯარიმაც მიიღო, ოღონდ მასთან მოკამათე მილუოკელი ბებეი ცენტრი სამუელ დალამბერიც ანალოგიურად დასაჯეს. მატჩის შემდეგ ფაჩულიამ კომენტარიც გააკეთა: „მას მე ვუთხარი, რომ ჩემი გუნდის რეკორდი მოვხსენი მეოთხედში მეტოქის ფარზე მოხსნილი 7 ბურთით. მისი რეაქცია მიუღებელი იყო. ის გაშმაგდა და მცირე გაუგებრობაც ამან გამოიწვია“.
ატლანტელებს 31 მოგება და 23 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზე არიან, თუმცა უკვე ერთი მოგებაღა აშორებთ მე-5 „ჩიკაგო ბულსთან“. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 25 თებერვალს, დეტროიტში გამართავს.
www.gbf.ge