უკრაინის ძიუდოისტთა ნაკრების ქართველი ლიდერი, გიორგი ზანთარაია (60 კგ) 15-16 იანვარს ჩასატარებელ ბაქოს მასტერსს ავადმყოფობის გამო დააკლდება. ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია უკრაინულმა სააგენტოებმა გაავრცელეს და იქაურმა ძიუდოს ფედერაციამაც დაადასტურა, რომ მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი და 2010 წლის ვერცხლის პრიზიორი, მაღალი ტემპერატურისა და შეუძლოდ ყოფნის გამო, 2011 წლის სეზონს ოდნავ მოგვიანებით დაიწყებს. ექიმების განცხადებით, სპორტსმენს ანგინა აქვს, სარეაბილიტაციო პერიოდი კი, დაახლოებით 10-12 დღე გაიწელება.
არაოფიციალური ინფორმაციით, ზანთარაია ბაქოს მასტერსის შემდეგ, ქართულ მსოფლიოს თასზეც (29-30 იანვარი) გეგმავდა ჭიდაობას. შესაძლოა, მან სეზონი სწორედ თბილისის სპორტის სასახლეში გახსნას.
გიორგი ზანთარაია უმსუბუქესი წონითი კატეგორიის რეიტინგში, 1090 ქულით მე-3 ადგილზეა. ლიდერი უზბეკი რიშოდ სობიროვია (1816 ქულა), ხოლო მეორე პოზიციას - იაპონელი ჰიროაკი ჰირაოკა (1368) იკავებს. აზერბაიჯანულ ტატამზე ვერც ჰიროაკა გავა და ეს ადრიდანვე იყო ცნობილი. მის გარდა, 60 კილოგრამი წონითი კატეგორია იაპონელ მასააკი ფუკუოკას (მე-7, 696), სამხრეთკორეელ გვანგ-იონ ჩოისა (მე-10, 606) და სომეხ ჰოვანეს დავთიანსაც (მე-15, 522) მოისაკლისებს. საქართველოს ნაკრებს კი, მასტერსზე ამ წონაში 2 მონაწილე ეყოლება – ამირან პაპინაშვილი (მე-11, 560) და დავით ასუმბანი (მე-16, 482).
ოთარ მაღლაკელიძე







