უკვე წლებია, რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პრეზიდენტის ჟან როგის ინიციატივით, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური თამაშები, რომელიც ფესტივალის სახელს ატარებს. წლეულს ამ ღონისძიებაში, რომელიც 17-22 თებერვალს რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში გაიმართება, საქართველოს 7 სპორტსმენი წარადგენს.
ამის შესახებ დღეს პრესას საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მოახსენეს. ქართველი სპორტსმენები ზამთრის სამ სახეობაში გამოვლენ: სამთო-სათხილამურო, სნოუბორდი და ფიგურული სრიალი.
შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა ხაზი გაუსვეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების ასეთ აქტივობებში ჩაბმა და რომ ეს მათთვის დიდი სტიმული იქნება. სამთო-სათხილამურო სახეობაში ნიკოლოზ კოზანაშვილი (რომელიც მედროშეც იქნება), სოსო ჯაფარიძე, შოთა ნათაძე და სანდრო ობგაიძე ეცდებიან გამოიჩინონ თავი. სნოუბორდს გიორგი წამალაძე და ბექა მერკვილაძე წარადგენენ, ხოლო ფიგურულ სრიალში არმენ აგაიანი იასპარეზებს.
მამუკა ხარაბელი: “ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია. პროფესიონალურ წრეში ეს აღიქმება როგორც მცირე ოლიმპიური თამაშები და მას ძალიან აფასებენ. რაც შეეხება შედეგებს, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სპორტსმენები ღირსეულად გამოვლენ, თუმცა მედლებზე საუბარი ჯერ ზედმეტია”.
ნიკოლოზ კოზანაშვილი: “მივდივართ მოზარდთა ოლიმპიადაზე, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ”.
ეკა ლოლუა
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო