ძიუდო

19:44 | 22.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ზაიზენბახერმა ვარშავული რვეული შეავსო

ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ ერთადერთ საერთაშორისო ტურნირზე – მომავალ უქმეებზე ვარშავაში ჩასატარებელ მსოფლიოს თასზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ავსტრიელი მწვრთნელ-კონსულტანტის, პიტერ ზაიზენბახერის გადაწყვეტილებით, გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. თავად ზაიზენბახერმა კი, დიუსელდორფის დიდ პრიზზე (19-20 თებერვალი) ნაჭიდავები შეგირდები (დავით ასუმბანისა და ზვიად ხანჯალიაშვილის გამოკლებით) 18-დღიანი შეკრების გასავლელად, გერმანიიდან იაპონიაში იახლა.
 ვარშავაში გუნდს ზურაბ ზვიადაური ჩაიყვანს. რამდენიმეკვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, კიმონოს კვლავ მოირგებს თბილისური მსოფლიოს თასის ჩემპიონი, ამბაკო ავალიანი (73 კგ), რომელსაც მცირე ტრავმის მიუხედავად, სავარჯიშო პროცესი თითქმის არ შეუწყვეტია. მის გარდა, პოლონეთში იჭიდავებენ: დავით ასუმბანი (60 კგ), გიორგი შოშიაშვილი (66 კგ), თენგიზ პაპოშვილი (73 კგ), პაატა ღვინიაშვილი (81 კგ), გიორგი ცოციაშვილი (90 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ).
ქართული დელეგაცია პოლონეთში 25 თებერვალს, გამთენიას გაფრინდება. ტურნირისა და ტოკიოს შეკრების მოლევის შემდეგ კი, ძიუდოისტები ევროპირველობისთვის მოსამზადებელ დასკვნით ეტაპზე გადავლენ. შეგახსენებთ, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატს 21-24 აპრილს, სტამბოლი უმასპინძლებს.

ოთარ მაღლაკელიძე



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092463