დისკვალიფიკაციამოხსნილი ნოდარ მეტრეველი ტატამს კვირას, ავსტრიაში დაუბრუნდება. 11-12 თებერვალს, ქალაქი ობერვარტი მსოფლიოს თასს უმასპინძლებს და მეტრეველი კიმონოს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოირგებს. საქართველოს ნაკრები ტურნირში 14-კაციანი შემადგენლობით ჩაერთვება.
მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა გასულ უქმეებზე, პარიზის დიდ სლემზე ნაჭიდავები შემადგენლობიდან საავსტრიე განაცხადში შალვა ქარდავა (66 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ზურაბ ზვიადაური (90 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (ორივე - +100 კგ) შეიყვანა. ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) კი ტურნირისშემდგომი ერთობლივი წვრთნების შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ.
მსოფლიოს თასზე საქართველოს დროშის ქვეშ ასევე იჭიდავებენ: ბეთქილ შუკვანი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ), ლევან წიკლაური (81 კგ), ბეთქილ ნავერიანი (90 კგ). ეს ძიუდოისტები ავსტრიაში ხუთშაბათს გაემგზავრებიან.
ოთარ მაღლაკელიძე







