ძიუდო

11:57 | 15.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ზაიზენბახერმა ჰოლანდიის და იაპონიის სიები ჩამოწერა

მომავალ უქმეებზე – 19-20 ნოემბერს - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ამსტერდამის დიდ პრიზზე იჭიდავებს. მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა ამ ტურნირის მონაწილე ქართველთა 10-კაციანი შემადგენლობა ჩამოწერა. ორი მათგანი - ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) - თავად ზაიზენბახერთან ერთად, ამსტერდამში სამოას დედაქალაქ აპიადან ჩავა. 8 სპორტსმენს კი, ჰოლანდიაში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გიორგი ვაზაგაშვილი იახლებს.
ამსტერდამულ ტატამზე საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა უმთავრესი კანდიდატი გავა, ორი ტრავმირებულის, ბეთქილ შუკვანისა (60 კგ) და შალვა ქარდავას (66 კგ) გარდა. ეს უკანასკნელი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთადერთი ქართველია, რომელიც ოლიმპიური ლიცენზიის ნორმატივში ჯდება, თუმცა, თითოეული ტურნირის გამოტოვებამ შეიძლება ლიცენზიანტთა სიის მიღმა დატოვოს. მთავარი მწვრთნელი ამჯერად თავის გამოჩენის საშუალებას ახალგაზრდული ნაკრების წევრს, ევროპის ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს აძლევს. უფრო მეტად პრობლემატურ წონაში – 73 კილოგრამში კი, სალიცენზიო ქულების მოსაპოვებლად ნუგზარ ტატალაშვილი და თენგიზ პაპოშვილი იბრძოლებენ.
დიდი პრიზი სარეიტინგო ქულების დარიცხვის მხრივ მსოფლიოს თასს ორჯერ აღემატება. ჩემპიონს 200 ქულა ერიცხება, ვერცხლის პრიზიორს – 120, ხოლო ბრინჯაოსანს – 80. უქულოდ არც წინასწარ ეტაპზევე დამარცხებული სპორტსმენები დარჩებიან.
ჰოლანდიური დიდი პრიზის ჩამთავრების შემდეგ, ქართული გუნდის წევრთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება, 4 ძიუდოისტი კი მთავარ მწვრთნელთან ერთად იაპონიაში გაემგზავრება - 4-კვირიანი შეკრების გასავლელად. ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლაშა გუჯეჯიანი (+100 კგ), სავარაუდოდ, ტოკიოს დიდ სლემზეც იჭიდავებენ, რომელიც 9-11 დეკემბერს გაიმართება.

აქვე ამსტერდამის დიდი პრიზის სრული ქართული განაცხადი:

60 კგ - ამირან პაპინაშვილი
66 კგ - ლაშა შავდათუაშვილი
73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი და თენგიზ პაპოშვილი
81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი
90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი
100 კგ - ირაკლი ცირეკიძე და ლევან ჟორჟოლიანი
+100 კგ - ზვიად ხანჯალიაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094219