საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუშინ იაპონიაში გაემგზავრა. პიტერ ზაიზენბახერის გუნდი ძიუდოს სამშობლოში 23-დღიან შეკრებას გაივლის. ავსტრიელმა სპეციალისტმა იაპონიაში წასაყვანი შემადგენლობა კერ კიდევ 3 კვირის წინ გამოაცხადა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც წინასწარი გეგმა შეიცვალა და გამგზავრების თარიღმა 18-დან 30 ივნისამდე გადაიწია, ითქვა, რომ სავარაუდოდ, განაცხადიც თავიდან ჩამოიწერებოდა.
ზაიზენბახერმა 16-კაციანი სია 10-მდე შეამცირა. იაპონურ შეკრებაში მონაწილეობას მიიღებენ: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე 60 კგ), შალვა ქარდავა, დავით ასუმბანი (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90 კგ), ლომერ ჟორჟოლიანი (100 კგ), ლაშა გუჯეჯიანი (+100 კგ).
ზაიზენბახერმა შემადგენლობიდან ამბაკო ავალიანი (73 კგ), ლევან წიკლაური, გიორგი ბაინდურაშვილი (81 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ამოიღო. მთავარი მოულოდნელობა კი ნაკრებში ლაშა გუჯეჯიანის დაბრუნებაა. მძიმეწონოსანს, რომელიც წლების წინ შიდა კონკურენციის ლიდერი იყო, ძალიან ბევრი გაუცდა. ბოლო დროს კი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
იაპონური მოსამზადებელი ეტაპის 10-დღიან მონაკვეთს ქართველი ძიუდოისტები ტოკიოს ოლიმპიური მზადების ცენტრში, იაპონიის ნაკრებთან ერთად გაატარებენ.
ოთარ მაღლაკელიძე







