ავსტრიელი სპეციალისტი, პიტერ ზაიზენბახერი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კონსულტანტ-მწვრთნელად, ოლიმპიური ციკლის ბოლომდე იმუშავებს. ოფიციალური კონტრაქტი კვირას, სასტუმრო “თბილისი მერიოტში”, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, მარიუს ვიზერის მონაწილეობით გაფორმდა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა და პიტერ ზაიზენბახერმა ხელი წელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერეს. იქვე ითქვა, რომ წარმატებული მუშაობის შემთხვევაში, ხელშეკრულება ოლიმპიადის შემდეგაც გახანგრძლივდება.
“პიტერ ზაიზენბახერი ძალიან კარგი სპეციალისტია და ეს უნგრეთის ნაკრებში მუშაობისასაც დაამტკიცა, როდესაც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შეკრა. ეს ხელშეკრულება ქართულ ძიუდოს აუცილებლად სასიკეთოდ უნდა წაადგეს. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში, საჭიდაო წესებში ცვლილებები განხორციელდა და ქართველ ძიუდოისტებს ახალ სტილთან შეგუება გაუჭირდათ. იმედია, ზაიზენბახერი, ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად, ამ ნაკლოვანებებს აღმოფხვრის” – განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.
მოკლე კომენტარი ავსტრიელმა სპეციალისტმაც გააკეთა:
“გულწრფელად გეტყვით, საქართველოს ნაკრებთან თანამშრომლობის გეგმამ ძალიან მომხიბლა. უკვე შემუშავებული მაქვს ვარჯიშების ახალი პროგრამა. მისი დახმარებით და ბევრი შრომის შემთხვევაში, ქართველი ძიუდოისტები ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებულად გამოვლენ”.
ოთარ მაღლაკელიძე







