საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიტერ ზაიზენბახერი ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელ შემადგენლობას ხვალ, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში, პრესკონფერენციაზე დაასახელებს. 26-28 აპრილს, რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში ჩასატარებელ ევროპირველობაზე ქართული გუნდი წინასწარი ინფორმაციით, ორი შემადგენლობით გაემგზავრება.
ავსტრიელი სპეციალისტი განაცხადს სავარაუდოდ იმ შეგირდებით შეავსებს, რომლებიც ბოლო თვეებში უცხოურ შეკრებებზე ატარა. გამონაკლისს კი ალბათ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ირაკლი ცირეკიძისთვის დაუშვებს. საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვან წევრს ევროპის ძიუდოს კავშირისგან მიღებული დისკვალიფიკაციის გამო ბოლო სამი თვის განმავლობაში ტურნირებზე ჭიდაობასთან ერთად ნაკრების წვრთნებში მონაწილეობაც აკრძალული ჰქონდა. სასჯელს ვადა 19 აპრილს გაუვიდა და ცირეკიძე საერთაშორისო არენაზე დაბრუნებას ჩელიაბინსკში გეგმავს. იქამდე კი მონღოლური შეკრებიდან დაბრუნებული ნაკრების წევრებთან ერთად ძიუდოს აკადემიაში რამდენიმე ვარჯიშის ჩატარებასაც მოასწრებს.
ჩელიაბინსკურ ევროპის ჩემპიონატს ერთი დამატებითი დატვირთვაც აქვს. სწორედ ამ ტურნირით დასრულდება ძიუდოში ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო მარათონი.
საქართველოს ნაკრებს ლონდონის ოლიმპიადის საგზური მხოლოდ 66 კილოგრამში რჩება მოსაპოვებელი. წესით არც ეს უნდა იყოს პრობლემა - ლაშა შავდათუაშვილს საწადელის მისაღწევად სავსებით შესაძლებელია ევროპირველობაზე ერთი შეხვედრის მოგებაც ეყოს.
საქართველოს ნაკრები რუსეთში 24 აპრილს გაემგზავრება.
ოთარ მაღლაკელიძე







