ზაგრების “დინამოს” დირექტორმა ზდრავკო მამიჩმა განაცხადა, რომ კატალონიური “ბარსელონასგან” ალენ ჰალილოვიჩის ტრანსფერთან დაკაბშირებით მიღებული წინადადება არადამაკმაყოფილებელია და ესპანური ფეხბურთის გრანდს უარი შეუთვალა.
“მსოფლიო სპორტი” წერდა, რომ ცოტა ხნის წინათ, კატალონიელებმა ხორვატებს 17 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის სურვილით ოფიციალურად მიმართეს და 5 მილიონი დოლარი შესთავაზეს (3,6 მილიონი ევრო), რასაც სხვადასხვა სახის ბონუსები დაემატებოდა ყველა ბონუსის დარიცხვის შემთხვევაში საერთო თანხის ოდენობა 20 მილიონ დოლარამდე აიწევდა. თუმცა, Jutarnji List-ის ცნობით, “დინამომ” ეს წინადადება უარყო და “ბარსელონას” შეთავაზებამ არც თავად ფეხბურთელი მოხიბლა.
“დინამოც” და თავად ჰალილოვიჩიც “ბარსელონას” მიერ შემოთავაზებული წინადადებით უკმაყოფილონი დავრჩით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ისტორია ასე არ დასრულდება და გაგრძელება აუცილებლად იქნება. “ბარსელონას” მყარად აქვს გადაწყვეტილი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენა და არ გამოვრიცხავ, რომ ტრანსფერი მაინც შედგეს. ალენს ვურჩევდი, რომ “დინამოში” დარჩეს, რადგან ჯერ ძალიან ახალგაზრდაა სიტუაციის კარდინალურად შეცვლისათვის. ითამაშოს ჩვენთან სასტარტო შემადგენლობაში და მერე წავიდეს სხვა კლუბში” - განაცხადა მამიჩმა.
ჰალილოვიჩს ზაგრებელებთან კონტრაქტის ვადა წლეულს ზაფხულში ეწურება. ხორვატიის მიმდინარე ჩემპიონატში ჰალილოვიჩმა 13 მატჩში ითამაშა. საკუთარი ქვეყნის 14, 15, 16 და 17-წლამდელთა ნაკრებებში გამოსვლის შემდეგ, 2013 წელს ის ეროვნულ გუნდში მიიწვიეს და სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.