ალბათ, დაგაინტერესებთ იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც მთელ კარიერას ერთ კლუბს უძღვნიან და სხვაგან არც გადასულან. ამ სიაში იხილავთ ყველაზე ერთგულ მოთამაშეებს – ასეთები არც ერთეულები არიან და არც ძალიან ბევრნი. ამ სიაში კი მოქმედი ფეხბურთელებს ნახავთ.
როჟერიო სენი (“სან პაულუ”, ბრაზილია, 38 წლის) – 1990 წლიდანაა “სან პაულუში”. 1016 მატჩი ჩაუტარებია ამ გუნდში. როჟერიო სენი უნიკალური მეკარეა, ბრწყინვალედ ურტყამს საჯარიმოებს და იმდენი გოლი აქვს გატანილი, ბევრი ფორვარდიც ვერ დაიკვეხნის.
ნოელ ბეილი (“ლინფილდი”, ჩრდილოეთ ირლანდია, 40 წლის) – 1989 წლიდანაა კლუბში, რომელიც ქართველებისთვის კარგადაა ნაცნობი. ბელფასტის “ლინფილდს” ევროთასებზე თბილისის “დინამო”, ქუთაისის “ტორპედო” და თბილისის “ლოკომოტივი” შეხვედრიან. ბეილს ბელფასტის კლუბში 1013 მატჩი ჩაუტარებია.
რაიან გიგზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, უელსი, 38 წლის) – ახალი რა უნდა ვთქვათ ამ ვარსკვლავზე. “მანჩესტერ იუნაიტედში” 14 წლის ასაკიდანაა, მთავარ გუნდში დებიუტი 1991 წლის მარტში ჰქონდა. 626 მატჩი ჩაუტარებია და 111 გოლი გაუტანია.
კარლეს პუიოლი (“ბარსელონა”, ესპანეთი, 33 წლის) – კატალონელი “ტარზანი” 1999 წლიდან თამაშობს “ბარსას” ძირითად გუნდში და 356 მატჩიც (8 გოლი) ჩაუტარებია. გუნდის კაპიტანი და გასახდელის ლიდერია.
პოლ სქოულზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი, 37 წლის) – უნიკალური ნახევარმცველი 1994 წლიდან თამაშობს სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში. მას გიგზივით სიჭაბუკეშივე არ გაუბრწყინია, თუმცა 1997 წლიდან მოყოლებული, “მანჩესტერ იუნაიტედი” მის გარეშე წარმოუდგენელია. სქოულზი გასულ წელს შეეშვა კარიერას, მაგრამ ფერგიუსონმა დააბრუნა და დაბრუნებაც, ნახავდით, როგორი გამოუვიდა – “სიტისთან” მშვენივრად ითამაშა.
ფრანჩესკო ტოტი (“რომა”, იტალია, 35 წლის) – რომაელთა ლეგენდას 484 მატჩში 209 გოლი გაუტანია. უცნაურიც კი არის “ჯალოროსი” მის გარეშე. ტოტი “რომასთვის”, ალბათ, ყველაფერია.
ჯეიმი კარაგერი (“ლივერპული”, ინგლისი, 33 წლის) – შესაძლოა, ტოპ-მცველად არ ითვლება, მაგრამ ვისაც ახსოვს 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის (ან, როგორ არ უნდა ახსოვდეს) ფინალი, “ლივერპული”-“მილანი”, დამატებით დროში კარაგერმა ტრავმიანმა ისე ითამაშა, მთელი გუნდი აიყოლია. 473 თამაში, 5 გოლი “წითლებში”.
იკერ კასილიასი (“რეალი”, ესპანეთი, 30 წლის) – 1999 წლიდან იცავს მადრიდის “რეალის” კარს და 437 მატჩი აქვს აქტივში. კასილიასი 19 წლისა და 3 დღის იყო, როცა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. “რეალის” თილისმა და ესპანეთის ნაკრების კაპიტანია.
ჩავი (“ბარსელონა”, ესპანეთი, 31 წლის) – 1998 წლიდან “ბარსას” ძირითად გუნდშია და 399 თამაშში 43 გოლი გაუტანია, ხოლო რამდენი საგოლე პასი გაუკეთებია? კატალონური გრანდის “ტვინი”, რომლის გარეშე გუნდის ბოლოდროინდელი დომინაცია წარმოუდგენელი იქნებოდა. არა მარტო “ბარსასთვის”, ესპანეთის ნაკრებისთვისაც უდიდესი ფიგურაა.
სტივ ჯერარდი (“ლივერპული”, ინგლისი, 31 წლის) – “ლივერპულის” სული და გული 1998 წლიდან თამაშობს საყვარელ კლუბში. 393 მატჩი, 86 გოლი – ასეთია მისი სტატისტიკა. “სტივი ჯი” იმხელა როლს ასრულებს “წითლებში”, რომ უხერხულიცაა მის სიდიადეზე საუბარი.
სიაში კიდევ ბევრის შეყვანა შეიძლებოდა, თუმცა საუკეთესო ათეული წარმოგიდგინეთ.
ილია ნანობაშვილი