კალათბურთი

22:09 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერი თბილისში გადაწყდება

 დიდი ხანია მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ქუთაისის საკალათბურთო დარბაზში ერთად ამდენი ქომაგი არ შეკრებილა. საქართველოს თასის ნახევარფინალური პაექრობის პირველმა შეხვედრამ რიონისპირა ქალაქში დიდი ინტერესი გამოიწვია. თითქმის პირთამდე სავსე დარბაზი, მატჩის პირველი წუთიდან ბოლომდე დაძაბული პაექრობა, ერთგული ქომაგების გამაყრუებელი ყიჟინა – ასეთი განწყობა და მოვლენების მსვლელობა ნებისმიერ სპორტულ სანახაობას დაამშვენებს.

შეხვედრა ორივე გუნდმა მაღალ ტემპში დაიწყო. მოწინააღმდეგენი მაქსიმალური მობილიზების ხარჯზე ახდენდნენ ე.წ “გაქცევების” მოწყობას. პირველად ამის გაკეთება 10:0 სტუმრებმა მოახერხეს, როდესაც 6:9-ზე ჩამორჩენის შემდეგ 16:9 დაწინაურება შეძლო. საპასუხოდ, ქუთათურებმა 7:0 გაქცევა მოაწყვეს და ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო პირველი მეოთხედი მასპინძლებმა საბოლოოდ 20:19 მოიგეს. დროის ამ მონაკვეთში მასპინძელთაგან დვალიშვილი უნდა გამოვყოთ, რომელსაც ფაქტობრივად მარტო უწევდა მოწინააღმდეგის მაღლებთან ტოლ-სწორად ბრძოლა, ვიდრე ქუთაისელთა მწვრთნელებმა მოედანზე ლომინაშვილი არ გამოიყვანეს. საერთოდ აკაკიმ ჩინებულად ითამაშე და ორმაგ დუბლსაც (15 ქულა, 15 მოხსნა) მოუყარა თავი.

მეორე პერიოდის დასაწყისში 8:1 გაქცევა “ქუთაისის” კალათბურთელებმა მოახერხეს, მაგრამ სტუმრები წივწივაძის კარგი და შედეგიანი წყალობით წამოეწივნენ მეტოქეს. ბექამ საჭირო დროს რამდენიმეჯერ პერიმეტრიდან ტყორცნა ზუსტად. თანაგუნდელთაგან მას მხარს ყველაზე მეტად გიორგი შარაბიძე უბამდა, რომელმაც დვალიშვილის მსგავსად ორმაგი დუბლი (17 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა. დროის ეს მონაკვეთი თანაბარ მრძოლაში ჩატარდა და ტაიმიც ქუთათურებმა მოიგეს 37:36. ამ მეოთხედში მოხდა ერთი უსიამოვნო პრეცენდენტი. ქუთაისელთა ერთ-ერთმა ქომაგმა შეხვედრის არბიტრს უცენზურო სიტყვებით მიმართა და მატჩიც რამდენიმე წუთს შეჩერდა. ქუთაისელ გულშემატკივრებს, რომლებიც ერთგულობენ და ომახიანად მხარს უჭერენ კლუბს, მათი გამარჯვებების სამართლიანი თანაზიარნი არიან, ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა არ ეკადრება. კალათბურთი სპორტის ინტელექტუალურ სახეობებს განეკუთვნება და უხამსი გინება, შეურაცხყოფის მიყენება მატჩის მონაწილეთათვის, ნორმალური საქციელი არ არის...

მესამე პერიოდი ისევ ქუთაისელთა გაქცევით დაიწყო 10:0 და მატჩში ყველაზე დიდი სხვაობა 47:36 დაფიქსირდა. ამ მონაკვეთში მასპინძელთათვის უსიამოვნო რამ მოხდა, საწყის 4 წუთში ქუთათურები 5 გუნდური ჯარიმით დაიტვირთნენ, რითაც კარგად ისარგებლეს არმიელებმა. თბილისურმა კლუბმა მაშინვე საპასუხოდ 11:0 “გაქცევა” მოაწყო და 48:47 დაწინაურდა. ქუთაისელთა მხრიდან ლიდერობა ზაურ ფაშაევმა იტვირთა, რომელმაც რამდენიმეჯერ შეტევის ბოლო წამზე ზუსტად ისროლა. მესამე მეოთხედის შემდეგ კი ანგარიში 55:53 იყო ქუთაისელთა სასარგებლოდ.

დასკვნითი პერიოდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა წინ “ქუთაისის” კალათბურთელები იყვნენ. რამდენიმეჯერ, მასპინძლებს “საჩუქარი” არმიელებმაც გაუკეთეს, როდესაც შეტევაში რიცხობრივი უპირატესობა და წინ გასვლის შანსი ვერ გამოიყენეს. დვალიშვილის, ცეკვავას და ფაშაევის სწორი თამაშის წყალობით მასპინძლებმა 70:64 მოიგეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდებს შორის კლასში დიდი სხვაობა არაა, ქუთაისელთა ექვსქულიანი ფორა საპასუხო მატჩის წინ ცოტა ნამდვილად არ გახლავთ.


0.300236