რაგბი

19:39 | 5.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერი საპასუხო მატჩებში გადაწყდება

 

საფრანგეთის ნახევრადპროფესიულ, მესამე ლიგის federal 1 დივიზიონის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი თამაშები ისეთი შედეგებით დასრულდა, რომ საპასუხო შეხვედრების წინ ნახევარფინალის საგზური დაბევებული არცერთ გუნდს არ აქვს.

აქ ქართველი ლეგიონერების სამი გუნდიდან ორმა მარცხი განიცადა და მხოლოდ ერთმა იმარჯვა. დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი” “ექს-ან-პროვანსს” ეწვია და 27:36 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერთაგან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ პირველხაზელი აშვეთია იყო და ის 46-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა. 46-ე წუთიდან ითამაშა კიდევ ერთმა პირველხაზელმა დადუნაშვილმა.

“მასი” მე-8-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით 7:3 დაწინაურდა და ნახევარი საათის შემდეგ 10:6 იგებდა, მაგრამ ტაიმის დასკვნითი 10 წუთი ჩააგდო, სამი ლელო გაუშვა და 10:27 ჩამორჩა. სტუმრებმა 48-ე წუთზე ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ მომდევნო 25 წუთში ერთი ჯარიმის საპასუხოდ სამი გაუშვეს (20:36). ქართველთა გუნდმა ბოლო წუთზე მესამე ლელოს გატანა მოახერხა, გარდასახვა გამოიყენა და 9-ქულიანი სხვაობით დამარცხდა, ასეთი დეფიციტის აღმოფხვრა კი, სავსებით შესაძლებელია და 9 მაისს “მასის” საკუთარი მოედნის უპირატესობაც ექნება.

ნოდარ ჭეიშვილის “ნევერმა” ქართველი ლეგიონერის გარეშე “ტიროსი” 25:15 დაამარცხა და სტუმრად გასამართი საპასუხო მატჩის წინ, 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ავთო კოპალიანის “მაკონი” “ლილთან” სტუმრად 15:20 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია, მისი თანაგუნდელები 59-ე წუთზე 15:14 დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლო ორ წუთში ორი ჯარიმა მიიღეს და საკუთარ მოედანზე 5-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა მართებთ.

ერთადერთი გუნდი, რომელმაც მეოთხედფინალის პირველ მატჩში სტუმრად იმარჯვა “მონტობანია”, რომელმაც რეგულარული პირველობა დაუმარცხებლად დაასრულა, მერვედფინალში ორივე თამაში მოიგო და დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს. ამ გუნდმა ზედიზედ 21-ე გამარჯვება “ობნასთან” მოიპოვა - 20:19.  

0.111074