რაგბი

17:52 | 12.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერი მზადაა - თასი უნდა დავიტოვოთ!

“თბილისის თასის” გათამაშებისთვის ყველაფერი მზადაა. ოთხივე მონაწილე გუნდი უკვე ადგილზეა და დღეს მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა “ავჭალის” საპრესკონფერენციო დარბაზში ერთობლივი პრესკონფერენციაც გამართეს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტურნირზე “მასის” მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი უკაპიტნებს, რომლის გუნდმაც გასულ სეზონში მეორე ელიტარულ დივიზიონ Pრო D2-ის საგზური მოიპოვა. ის რიგით 26-ე მორაგბე გახდა, რომელიც “ბორჯღალოსნებს” გაუძღვება. 30 წლის სუთიაშვილს შარშანდელ “თბილისის თასზე” არ უთამაშია, წელს კი დარწმუნებულია, რომ გუნდი მთავარი ჯილდოს თბილისში დასატოვებლად მაქსიმუმს გაიღებს.

შალვა სუთიაშვილი (საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი): “ეს თასი ერთხელ უკვე გავატანეთ სტუმარ გუნდს და მეორედ ამას ვეღარ დავუშვებთ. სეზონის ბოლოა და რამდენიმე ლიდერიც გვაკლია, მაგრამ დანარჩენებმა უნდა დავამტკიცოთ, რომ მსოფლიო თასზე გამგზავრების ღირსნი ვართ. რუმინეთში ხშირად მიწევდა ანალოგიურ ტურნირზე თამაში და მოხარული ვარ, წელს ტურნირი თბილისში რომ ტარდება. ვეცდებით სანახაობრივი რაგბი ვაჩვენოთ, მაყურებელი ვასიამოვნოთ და ამავდროულად, გამარჯვება მოვიპოვოთ”.

ლისანდრო აუალი (არგენტინის “იაგუარების” კაპიტანი): “ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ტურნირის დაწყებამდე სათანადოდ შევთამაშდეთ, გუნდში კარგი გარემო შევქმნათ და თუ ყველაფერი ისე აეწყო, როგორც მწვრთნელები გვისახავენ, მაშინ თასსაც თან გავიყოლებთ. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებთან ფიზიკურად რთული და საინტერესო თამაშები გვექნება. იმედია, თბილისში ჩვენი ვარჯიშები ისე წარიმართება, რომ მომავალ დაპირისპირებებს სრულ მზადყოფნაში შევხდებით”.

ტომაზო კასტელო (იტალიის “ა” ნაკრების კაპიტანი): “ჩვენთვის დიდი პატივია ამ ტურნირში მონაწილეობა. გუნდი ახალგაზრდა მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და მიზნად გამოცდილების დაგროვებას ვისახავთ. მომავალი თამაშებიდან სიამოვნების მიღებას ვაპირებთ და ამასთან, მათ განვითარებისა და ზრდისთვის გამოვიყენებთ. საქართველოს ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდია. მათ პროგრესზე რეიტინგიც მეტყველებს და საკუთარ კედლებში თამაში ქართველთა მოტივაციას კიდევ უფრო გაზრდის”.

პაბლო ფეიხო (ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი): “ესპანეთის ნაკრები ასეთ შეჯიბრში პირველად იღებს მონაწილეობას. ჩვენ შედარებით ახალგაზრდული გუნდი ჩამოვიყვანეთ და თასის მოგებაზე მეტად განვითარებასა და ზრდაზე ვფიქრობთ. მოხარულები ვართ ისეთი გუნდების წინააღმდეგ რომ მოგვიწევს თამაში, როგორიც საქართველოს, არგენტინისა და იტალიის ნაკრებები არიან. აქ მიღებული გამოცდილება მომავალში აუცილებლად გამოგვადგება”.

კაპიტნების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს სამი გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა უპასუხეს, ხოლო, იტალიის ნაკრებს მწვრთნელის მაგივრობას მენეჯერი სწევდა.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრები): “ შარშან თასი ვერ მოვიგეთ და წელს მას ვერავის გავატანთ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ლიდერი გვაკლია და შემადგენლობაში მრავლად გვყავს ახალგაზრდები, მაინც გამოცდილი გუნდი ვართ. მოთამაშეებს, ასაკის მიუხედავად, 10-15 კეპი აქვთ მოხვეჭილი და ეს ცოტა არაა. მომავალ შეხვედრებში აქცენტს დაგეგმილის შესრულებაზე გავაკეთებთ. შაბათს პირველი თამაში გვაქვს, რომელიც ერთადერთი ტესტია ამ ტურნირზე და ესპანელები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ”.

ბერნარდო ურდანეტა (არგენტინის “იაგუარები”): “იაგუარები” მოთამაშეთა განვითარებაზე ორიენტირებული გუნდია. შემადგენლობაში ის მორაგბეები არიან, რომელთაც უფრო 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოვიაზრებთ. თუმცა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს თასის მოგებას არ ვეცდებით. პირველი თამაში იტალიელებთან გველის, რომელთაც ბუქარესტის ტურნირიდან კარგად ვიცნობთ და ვიცით რასაც უნდა ველოდოთ”.

ანდრეა დუოტო (იტალია): “გვინდა, რომ მომავლის პერსპექტივა დავინახოთ. მოთამაშეთა უმრავლესობას 23 წელი ჯერ არ შესრულებია. აქ მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეები წამოვიყვანეთ და მათგან მხოლოდ ერთს და ისიც ერთხელ უთამაშია ეროვნული ნაკრების მაისურით. აქედან ვიწყებთ იმ კანდიდატების შერჩევას, რომელთა იმედიც 2019 წლის მსოფლიო თასზე გვექნება. სამწუხაროდ, შეკრების გავლა ვერ მოვახერხეთ, სულ რამდენიმე დღეა ვემზადებით. იმედია, დარჩენილ დროს კარგად გამოვიყენებთ და არგენტინის ნაკრებთან ღირსეულ თამაშს ვაჩვენებთ”.

სანტიაგო სანტოსი (ესპანეთის ნაკრები): “უწინარესად იმას გეტყვით, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია ამ ტურნირში მონაწილეობა და სქართველოს, იტალიისა და არგენტინის ნაკრებების წინააღმდეგ თამაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერ მოვხდით 2015 წლის მსოფლიო თასზე, უკვე იაპონიაზე ვფიქრობთ (2019 წლის მსოფლიო თასზე) და აქედან ვიწყებთ განვითარებაზე ზრუნვას. ამ დიდ გზაზე თბილისის თასი პირველი ნაბიჯი იქნება. ახლა ვემზადებით შაბათს გასამართი პირველი, უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის. ვიცით ქართველების ძლიერი მხარეები და უმძიმესი თამაში გვექნება”.  

სულ ბოლოს “მსოფლიო სპორტმა” იტალიელთა მენეჯერს კითხა, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ნაკრებმა (შარშან არგენტინაში გამართული ღირსეული ტესტ-მატჩისა და ნოემბერში სამოას დამარცხების შემდეგ) იმისათვის, იტალიის ეროვნულმა გუნდმა ტესტ-მატჩის გამართვის პატივი დაგვდოს. პასუხი ასეთი იყო: “საქართველოს ნაკრების განვითარება და პროგრესი ყველასთვის ცხადზე-ცხადია. მსოფლიოს რეიტინგს თუ შევხედავთ, ჩვენ მეზობლად ვართ და თანაბარი დონის გუნდები ვართ. თქვენს წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის კი არა, მსოფლიოს არცერთი გუნდისთვის არ იქნება იოლი. მაგრამ იტალიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ტესტ-მატჩის დანიშვნა ჩვენი კი არა, რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეროგატივაა”.

 

თბილისის თასი 2014. 14-22 ივნისი. “ავჭალა”

განაცხადები

საქართველო: ზურაბ ჟვანია, სიმონ მაისურაძე, გიორგი მჭედლიშვილი, შალვა მამუკაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, დავით ქუბრიაშვილი, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, ლაშა ლომიძე, ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი, გივი ბერიშვილი, შალვა სუთიაშვილი (კაპ.), დიმიტრი ბასილაია, გიორგი ბეგაძე, გიორგი როხვაძე, ლაშა ხმალაძე, ლაშა მალაღურაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, რეზო გიგაური, სანდრო თოდუა, დავით კაჭარავა, ირაკლი ყიასაშვილი, ბექა წიკლაური, მურაზ გიორგაძე.

არგენტინა “იაგუარები”: ლისანდრო აუალი (კაპ.), დამიან არიასი, ფრანკო ვალდონი, ტომა ვორავაჟე, ფაკუნდო ვარეა, მარკო ვოჟინი, ფაკუნდო ვოში, ხუან ბრექსი, ხუან კაპიელო, ლაუტარო კასადო, მარტინ ჩიაპესონი, ფელიპე ესკურა, სანტიაგო გარსია-ვოტა, გონსალო გუტიერეს-ტავოადა, ფაკუნდო ისა, ნაუელ ლოვო, ლუკა მაგვაიერო, მატია მასერა, რამირო მოჟანო, სებასტიან პოეტი, ლუკა პონსე, ნიკოლა პროტო, ხავიერ როხასი, ხუან პაბლო სოსინო, გასტონ კორტესი, დენ ისაკი.

ესპანეთი: ხუან ანაია, რომენ აზენსი, ფრანსისკო ბლანკო, გილერმო ესპინოსი, ხესუს მორენო, გაბრიელ აგუსტინ ორტისი, პეპინ სანსი, ალეხანდრო ბლანკო, ხოსე ლუის დელ ვაჯე, იგნასიო დუკო მოლინა, ვიკტორ სანჩესი, ხავიერ დე ხუანი, მანუელ მორა, ადამ რობერთ ნიუთონი, პაბლო ფეიხო (კაპ.), ფაკუნდო მუნიჯა, მარიანო ესეკიელ გარსია, დანიელ როს სნი, პაბლო ფონტესი, ფრანსისკო კოპლეტი, ალბერტო დიასი, ხაიმე ნავა, ხავიერ კარიონი, სერხიო ფერნანდესი, ალეხანდრო გუტიერეს-მიულერი, იგნასიო გუტიერეს-მიულერი.

იტალია “ა”: ჯეიმზ ამბროზინი, მიკელე ანდრეოტი, ენრიკო ბაკინი, ნიკოლა ბელარდო, რუდი ბიანკოტი, ჯულიო ბიზენი, ტომაზო ბონი, ემილიანო კაფინი, კარლო კანა, ტომაზო კასტელო (კაპ.), გაბრიელე ჩიკინელი, მატეო ფერო, ორნელ ჯეგა, ფილიპო ჯეროზა, ანდრეა ლოვოტი, მაქსიმ მბანდა-მატა, ალექს მორსელინო, დევიდ-მაიქლ ოდიეტე, ედოარდო პადოვანი, სიმონე რაგუზი, ლორენცო რომანო, იაკოპო სარტო, ლუკა სკარსინი, მარჩელო ვიოლი, მიკელე ვიზენტინი, ჯოვანი სკალვი.

 

14 ივნისი

საქართველო - ესპანეთი (17:00 საათი)

იტალია “ა” - არგენტინა “იაგუარები” (19:00 საათი)

18 ივნისი

საქართველო - არგენტინა “იაგუარები” (17:00 საათი)

იტალია “ა” - ესპანეთი (19:00 საათი)

22 ივნისი

საქართველო - იტალია “ა” (17:00 საათი)

ესპანეთი - არგენტინა “იაგუარები” (19:00 საათი)

0.241018